„ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ“, - ასეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის მთავარი გზავნილი, სადაც ქართველ ხალხს ერთწლიან ვადას სთხოვს იმ მმართველობითი ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც მისმა პოლიტიკურმა ძალამ ექვსწლიანი მმართრველობის პერიოდში დაუშვა. რამდენად მიაღწევს მიზანს შეცდომების აღიარება და მისი გამოსწორების დაპირება, ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც ანალიტიკოსები თვლიან, შანსი, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს არა კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატის, არამედ ქვეყნის ბედი მის სასიკეთოდ, ჯერ კიდევ არსებობს...
ექსპერტი ვაჟა ბერიძე აღნიშნავს, რომ არც გამოსვლა და არც ის მესიჯები რაც გაისმა, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თვითონაც, როგორც ერთი ანალიტიკოსი ამ პრობლემებსა თემებზე მთელი 5 წელი საუბრობდა.
„ის, რაც იყო კრიტიკული და თვიტკრიტიკული, აბსოლუტურად ადეკვატურია შექმნილი სიტუაციის. ეს გამოსვლა აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, ვერ გეტყვით, რადგან ივანიშვილის ჭარბი ნდობისგან ბევრი აღარაფერი დარჩა - ყოველ შემნთხვევში, საგრძნობლად შემცირებულია“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
მისივე შეფასებით, პოზიცია რეალისტურია, მაგრამ დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი იმ ხარვეზების გამოსასწორებლად რაც ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაუშვა მისი მმართველობის პერიოდში.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ გამანადგურებერლ კრიტიკას, რაც ივანიშვილის მიმართ ისმის მისი ოპონენტების მხრიდან, ნამდვილად არ იმსახურებს - ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, მაგრამ ბერიძის აზრით, ის, რაც, როგორც პოლიტიკურმა მენეჯერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა აჩვენა, ეჭვს აჩენს საიმისო რესურსი მოძებნოს, რამე რადიკალურად შეცვალოს.
„ვგულისხმობ ადამიანურ რესურსს. თუ დააკვირდებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ოდიოზურ მოვლენადაც კი იქცა, რადგან აღარც პოლიტიკურ წრეებში, არც არასამთავრობო სექტორში, ანალიტიკოსთა და ექსპერტთა წრეში არ დარჩა ნდობა და ივანიშვილი სწორედ ამ გარემოცვით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ წრეებში ნდობის აღდგენა ძალიან ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი“, - თვლის ვაჟა ბერიძე.
როდესაც მმართველობითი სისტემის შეცვლასა და შეცდომების გამოსწორებაზე საუბრობს ივანიშვილი, დღის წესრიგში დგება როგორ განახორცილელებს ამას, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, თუ იმ თანამდებობას დაიკავებს, რაც მის არაფორმალურ ბერკეტებს რეალურად შეესაბამება.
ვაჟა ბერიძე თვლის, რომ მმართველი პარტიის ლიდერის ბერკეტებით ფორმალურ მმართველობაში დაბრუნება პოლიტიკური თვალსაზრისით ლოგიკურია, თუმცა ვერ ამბობს, რამდენად მიზანშეწონილი, რამდენადაც მას შესაცვლელი აქვს არა იმდენად პერსონალიები, არამედ მმართველობის და საქმიანობის სტილი.
„მან პროცესების მართვა მოინდომა დეპოლიტიზაციით და დეპარტიზაციით, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლო კიდეც. თუმცა, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, პოლიტიკური კრიზისის სახით მოხდა პოლიტიკური პროცესის რეანიმაცია. ახლა ჩვენ სწორედ ამ პროცეის წინაშე ვართ“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისი შეფასებით, პოლიტიკურ პროცესს სხვანაირი მართვა უნდა, მათ შორის, პოლიტიკური კრიზისმენეჯმენტის ამოქმედებაა საჭირო, თუმცა, ექსპერტი ვერ ხედავს ფიგურას „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის, ვინც ამ ფუნქციას გაუმკლავდებოდა.
რას შეეხება მმართველი ძალის შანსებს, ვაჟა ბერიძის შეფასებით, არის თუ არა წაგებული პარტია, ძნელი სათქმელია, რადგან - ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტაქტიკას აირჩევს ივანიშვილი დარჩენილ ერთ თვეში, შეიკვრება თუ არა მის ირგვლივ ძლიერი პოლიტიკური გუნდი რეალური ხედვებით, პროცესის ადეკვატური აღქმით და რამდენად სწრაფად გადაიდგმება ნაბიჯები.
„ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ - ქართული საზოგადოების 50-60-%-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. აქედან გამომდინარე, თუ მოიძებნა ამ საზოგადოების გულის მოგების, მასთან კავშირის აღდგენის გზა, თუ დაგვანახებენ, რომ პოლიტიკის შეცვლას ნამდვილად გეგმავენ, „ოცნების“ შანსი ბევრად მეტია. სამწუხაროდ, ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია მხოლოდ ივანიშვილის პრაგმატულ მიდგომებსა და ხედვებზე“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე არ ეთანხმება იმ ანალიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილმა დააგვიანა მისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი, რადგან არჩევნების წინ მას ნქონდა ორი ინტერვიუ, სადაც გააკეთა მოწოდება.
„ამ ეტაპზე არ იყო მოწოდება, რომ სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა - ეს იყო მცდელობა იმისა, ეჩვენებინა, რომ თვითონ დაინახა რაც ხდება ქვეყანაში - ერთგვარად, კათარზისის მსგავსი მოვლენა იყო - სურდა გაეზიარებინა საზოგადოებისთვის ის, რაც თვითონ დაინახა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი განმარტებით, პიარ-თვალსაზრისით ასეთი ტიპის მიმართვა, რომელიც მოკლე ეფექტზეა გათვლილი, ნაადრევია, რადგან ეს ემოცია დეკემბრამდე არ მიაღწევს, ანუ მიზანი განწყობილების შექმნა არ იყო. რამაზ საყვარელიძის აზრით, მიზანი გაზიარება იყო ადამიანებისთვის იმისა, რომ ისიც მათსავით ფიქრობს.
როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, განცხადებები სიტყვებია და როდესაც ნდობა იკარგება, ამ განცხადებების ეფექტიც კლებულობს.
„თუ სიტყვებს საქმეც მოჰყვება, - მაგალითად, თქვა, საკადრო პოლიტიკა შეიცვლებაო - ამას ორი დღეს სჭირდება. იყო სამართლიანობის აღდგენის თემაც და ამ მიმართულებით არის ისეთი საკითხებიც, რომელიც, ასევე, ორ დღეში გვარდება - ვგულისხმობ ყოფილი ზონდერების თანამდებობებიდან გათავისუფლებას - ესეც სამართლიანობის აღდგენის ნაწილია. ამ ნაბიჯებს თუ გადადგამს, დღეს ნათქვამი სიტყვები ძალას შეიძენს. თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, სიტყვები შეიძლება დარჩეს მხოლოდ მოგონებად“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე თვლის, რომ სწორედ კოაბიტაცია იყო ხელისუფლების მთავარი შეცდომა. მართლაც, უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ კოალიციის მიმართ სწორედ იმ ნაბიჯების გამო დაიწყო, რაც კოაბიტაციის ფარგლებში გადაიდგა. შესაძლებელია, თუ არა ამ მიმართულებით ხელისუფლების იმიჯის რეაბილიტაცია, ძნელი სათქმელია, თუმცა რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საკადრო პოლიტიკაში კოაბიტაციის პროცესის გამოსწორების მცდელობაც შეიძლება დაინახოს ხალხმა, თუკი საკადრო ცვლილებებში ამასაც გაითვალისწინებენ.
რამდენად დაიჯერებს და დაირაზმება ძველი გვარდია, ესეც ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული და, როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, აქ ლაპარაკი არ არის ყოფილ კოალიციაზე, რადგან თუ პოლიტიკოსებს გულისხმობდა ამას პირდაპირ იტყოდა - გულისხმობდა ძველ მხარედამჭერებს - ანუ საზოგადოებას.
„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ძველი გვარდია თქვა და არა პოლიტიკური პარტნიორები“, - აღნიშნავს საყვარელიძე.
თუმცა ექსპერტის შეფასებით, მთავარი გზავნილი იყო აბსოლუტურად სხვა - თუ არ ირჩევ „ქართულ ოცნებას“ მაშინ გამოდის, რომ ირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც წინასწარ გვპირდება, რომ გაათავისუფლრებს იმ ადამიანებს, ვისაც „ორი გვამი სჭირდებოდა სასწრაფოდ“ და ვინც გვამებს სახურავზე მალავდა.
„თქვა კიდეც, რომ ამ ხელისუფლების მიმართ შურისძიება ქვეყანაზე შურისძიებად არ უნდა იქცეს და ხელისუფლების დასჯის სურვილმა ქვეყანა არ დააზიანოს, თორემ პარტიაზე უკმაყოფილო რატომ ხართო, ეს არ უხსენებია - პირიქით, თვითონვე ჩამოთვალა რატომ არის სამართლიანი ხალხის უკმაყოფილება“,- აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
როგორც ჩანს, სასწორზე კვლავ ხალხის გონივრული და სწორი არჩევანის იმედი რჩება და, როგორც რამაზ საყვარელიძე თვლის, არჩევანია გასაკეთებელი ცხოვრების ამ და იმ წესს შორის.