„დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი“

„დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი“

პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან, მათ შორის საზოგადოების პოზიციებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტიდან გაიწვიოს კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გასულ კვირას მიიღო. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის არგუმენტად ის მიზეზი დაასახელა, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოში მობრძანდნენ, შეხვდნენ მის უწმინდესობას. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, მათ დაინახეს ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და დაინახეს საზოგადოების პოზიცია.

შევთანხმდით და პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან წაიღებენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია, ეკლესიის პოზიცია და ისინი ამ ყველაფერს ანგარიშს გაუწევენ“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ მთავრობა კანონპროექტს არჩევნების შემდეგ პარლამენტში ისევ დააბრუნებს. მეტიც, ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ უმრავლესობას ბიბლიაზე დაფიცება მოსთხოვა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნების შემდეგ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონს არ შემოაბრუნებს უკან. გოცირიძე მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერებს მთავრობის გადაწყვეტილებას.

„ბიუროზე „ბიურული“ საკითხები უნდა ვილაპარაკოთო და მეც ვაპირებ ბიუროზე დასმული საკითხების ირგვლივ ლაპარაკს, მაგრამ რადგან ბიუჯეტი ახსენეთ, ყოველთვის თვალები ამენთება ხოლმე, როცა ბიუჯეტს ახსენებენ ხოლმე და როცა იტყუებიან. რაც თქვენ ახლა განაცხადეთ ბიუჯეტში სიკეთეების შესახებ, საბიუჯეტო განხილვის პროცესში ყველა ეს საკითხი იყო ჩვენგან დასმული, მათ შორის, მეორე და მესამე კატეგორიის შშმ პირებისათვის პენსიის მომატების საკითხი.

თქვენ მაშინ გვითხარით, რომ ბიუჯეტში არ არის ფული, წააგეთ პირველი ტური და შეშინებულებმა გამოაჩინეთ ფული. ახლა წააგებთ მეორე ტურს და კიდევ უფრო მეტი ფული გამოჩნდება. წააგეთ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მიიღო ერთი მილიონი ხმა და თქვენ მიიღეთ 600 ათასი. ერთმა მილიონმა ადამიანმა გითხრათ, რომ თქვენ სოციალური პროგრამები არ გივარგათ. თქვენ იძულებული გახდით, რომ სოციალური მიზნებისთვის ფული გამოგეჩინათ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, რომელიც გოცირიძეს განცხადებით მათი დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, ერთ–ერთი საორგანიზაციო საკითხი ეხება კანაფის კულტივირების შესახებ კანონის გაწვევას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაინტერესდა, ეს არის წინასაარჩევნო ფანდი, რომ მმართველ ძალას დროებით გააქვს კანონი, თუ ამ 500%–იანი მოგებით თვალანთებული ადამიანის სურვილები საბოლოოდ იქნება ჩამცხრალი.

„ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს არის ფანდი, დროებით გაგაქვთ კანონი, თუ ამ 500%–იანი მოგებით თვალანთებული ადამიანის სურვილები საბოლოოდ იქნება ჩამცხრალი? იმიტომ, რომ 500%–იანი მოგება ეს ძალიან ოხერი რაღაცაა და დიდი მაცდუნებელი რამ არის. თუ თქვენ ამ კანონის უკან დაბრუნებას არ აპირებთ და ეს ეკლესიასთან შეხვედრის შემდეგ მოხდა, მაშინ მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან. მაშინ დაგიჯერებთ“, – მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და გაერთიანებული ოპოზიცია პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მეტიც, უმრავლესობა ბიბლიაზე დაფიცებას არ აპირებს.

„ამ კითხვას სვამს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმაც რა არ იკადრა, რაც საქართველოში დღემდე არავის არ უკადრია. შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ოპონენტებს მიმართავს, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ტყუილად ზეიმობენ.

„ცუდი სანახავი იყო, როდესაც გვეუბნებით ბიბლიაზე დაიფიცებთ, რომ ამას არ შემოიტანთ. ბიბლიას რომ ახსენებთ ასეთი ირონიით და ქილიკით უკვე ძალიან მძიმე სანახავი ხართ, ეს ერთი, მეორე - გამარჯვება–დამარცხების დათვლა ისე რომ იცით, როგორც თქვენ გინდათ-ხოლმე და განზრახ ამას რომ ცვლით, ამის საუკეთესო და ყველაზე ტრაგიკული მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია, 12 აგვისტოს რა აზეიმეთ აქ ხალხს. ასე რომ, ამას ტრანსფორმირებას როგორ უკეთებთ, რა არის გამარჯვება–დამარცხება, ეს ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, როგორ ითვლით ამ ციფრებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რომან გოცირიძეს პარტიის ლიდერისკენ მიუთითა პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა:

„ის არსება, რომელიც ასტერდამში ზის 4 კედელში და „სკაიპით“ ერთვება ჩვენს მოსახლეობას, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით? ადამიანმა, რომელმაც მოწამლა მთელი ერი, არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი თუ მთავრობაში აპირებს მოსვლას? – არ დავუშვებთ.

ნახევარ საათში გადაყენებული პრეზიდენტიც გაიხსენეთ. იცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ის ცხვირში კოკაინშეყრილი ბატონი როდის გაიღვიძებდა, მთელი მთავრობა ელოდებოდა. გაღვიძებამდე დაასწრო ერთმა ფრთამ „ნაციონალების“, რომ აირჩევნდნენ გიორგი ნემსაძეს, მერე მეორე ფრთა მივიდა საჩივლელად. თქვენ გინდათ ეს დააბრუნოთ, ეს გინდათ დაგაბრუნებინოთ, ეს გაუწონასწორებელი ვიღაცა? ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.

ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს. თქვენი ცვლილება არ იქნება, როგორც შეერთდით ახლა, ლუსტრაცია მოხდა თქვენი პოლიტიკური სპექტრის, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, დანდობა აღარ იქნება. პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.