„რესპუბლიკური პარტია სრულად უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“, – ამ განცხადების ავტორი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები გრიგოლ ვაშაძის შტაბში მივიდნენ და საპრეზიდენტო რჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. „რესპუბლიკური პარტია“ მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც საერთო ინტერესის საგანია. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა – პრეზიდენტის მხრიდან ზრუნვა, რომ პრეამბულაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები და ნატოში გაწევრიანება. მისივე თქმით, რესპუბლიკელები და ვაშაძე შეთანხდნენ, რომ შეძენა–შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს.
პარტიის ლიდერს განმარტების გაკეთება მოუწია 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, სადაც ლევან ბერძენიშვილს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ბრალი რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში დასდო და სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ამ საკითხზე უკვე ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, პირადად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის ბოდიში და მიიღო მობოდიშება.
„უკაცრავად, სააკაშვილის დროს ჩემთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები არ ყოფილა, გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რაც ვაპატიე. ბრალი დამდეს, დიახ. მე ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ფეისბუქით, გავერკვეთ ამ საკითხში, რაც დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია ეს საკითხი სწორად. მე ვფიქრობ არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ ახლანდელი, მივიდეს სპეციალურად კაცთან და მოუხადოს ბოდიში და მე ამას ვთვლი, რომ სერიოზული ნაბიჯი იყო მისგან“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძეს განმარტებით „რესპუბლიკური პარტია“ და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
„ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ჩვენ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გვაქვს და არავითარი განსხვავებები არ გვაქვს – ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა, შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ციხეში ახლა იმყოფებიან ნარკოტიკების შეძენა–შენახვაზე“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გაერთიანებაზე განცხადება გააკეთა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც მიმართავს ყველას თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ.
„მრავალპარტიულობა სწორედ იმას ნიშნავს, სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე. ტოტალიტარიზმია ის, როდესაც ერთი პარტია ყველას ჭკუას ასწავლის და ეუბნება, როდის საით უნდა წავიდეს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, მჯერა, რომ ამ ქვეყნაში გაცილებით მეტია პოლიტიკოსი, ვისაც ქვეყნის წარმატება უნდა, პოლიტიკოსებმა ყველგან, ვისაც სად რა შეგვიძლია, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური განვითარების გზიდან არ გადავიდეს“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს ბერძენიშვილმა და მისმა პარტიამ და ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატია.
„ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს რეპუბლიკელებმა ეს გადაწვეტილება. მართლაც არაერთხელ იყო თავდასხმა სააკაშვილის და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და საზოგადოებისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, გაუგებარია მათი ეს პოზიცია. ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია.
მე არ ვფიქრობ, რომ მცირე პოლიტიკური პარტიების და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს, რეალურად ის კონფიგურაცია, რაც იყო დალაგებული არჩევნების პირველ ტურში დღეს უკვე განცხადებებით საჯაროვდება, ამიტომ რესურსების ბალანსი ვფიქრობ, აქ არ იცვლება. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი გუნდის სახელით არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ეს გაერთიანება ელექტორალურად ბევრს არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ხუხაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური აქტუალობა ყოველთვის დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვის მიეკედლებოდნენ და განსაკუთრებით ეს პრობლემა გამძაფრდა მას შემდეგ რაც პარტია დავით უსუფაშვილმა დატოვა.
„იმ პარტრიაში ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანები არიან, მაგრამ ამ პარტიის პოლიტიკური აქტივი უკავშირდებოდა დავით უსუფაშვილს. არავის არ ვურჩევდი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის დავიწყებას და ასეთი აშკარა ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, „რესპუბლიკური პარტია“ არაფერს ისეთ არ წარმოადგენს, ამით არც არავის არ ცხელა და არც არავის არ ცივა. მორალისტობის დაწყებასაც მაინცდამაინც არ ვაპირებ, ეს მათი არჩევანია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პასუხისმგებლობის ზონაა.
მე პირადად უარყოფითად ვუყურებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას, მაგრამ მოდით ასეთ ვთქვათ, ზოგი ცხვრისკენ და ზოგი მგლისკენ. პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებამ მისცა მათ არგუმენტი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ მუდმივად მორალისტობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იმდენად დაკარგა თავის მორალისტობაზე უპირატესობა, რომ მათ თავის თავს ამის უფლება მისცეს. კითხვაზე, რამდენად არგუმენტირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომ პროდასავლური პატრია, პრორუსული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ნაციონალების ამ ნარატივს აძლიერებს ის, ვინ დადგა მეორე მხარეს - „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“. ანუ, პოლიტექნოლოგიურად „ნაციონალურ მოძრაობას“ ამან მისცა შანსი, რომ კიდევ ერთხელ გაეტარებინა წყალგამყოფი ამ ნიშნით – პროდასავლურობა და ე.წ. პრორუსულობა. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები. ელექტორალურად ეს მანევრები არაფერს არ ცვლის. მთელს ამ პროცესში სამწუხაროა ის, რომ მიუხედავად ტალახის სროლისა, მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად. რატომ? – იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმიტომ ვარ ამდენად კრიტიკულად განწყობილი.
ისინიც არ ცვლიან ნარატივს, ნახეთ რა ხდება, შიშზე უნდათ ააწყონ არჩევანი, შიშზე იმისა, რომელიც უკვე წარსულია. განსხვავება იცით რაშია ჩემსა და საშუალო სტატისტიკურ „ქართულ ოცნებას“ შორის? – მე მიშასი არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა მეშინია. ამ ვირთხებს მაშინაც ეშინოდათ და დღესაც ეშინიათ. საკუთარ ტყავზე და ჭიაზე ფიქრობენ, ასეთი ხალხი შემოიკრიბა ირგვლივ ივანიშვილმა. აქედან გამომდინარე თვითონ ივანიშვილია ძალიან დრამატული ფიგურა ამ საჭადრაკო დაფაზე. ვირთხების გარემოცვაში აღმოჩნდა, ეს არის უბედურება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, „რესპუბლიკელები“ „ნაციონალების“ პირველი მოკავშირეები იყვნენ. შესაბამისად, ვითარება იმდენად ნათელია, რომ საკომენტარო არაფერია.
„მათი იდეოლოგია არის – ჩვენ გვინდა არა ერი სახელმწიფო, არამედ ერი კორპორაცია. რესპუბლიკელები სისტემურად ყოველთვის პატრონის ძებნაზე არიან ორიენტირებული. ჭირდებათ ისეთი ლიდერი, რომლის ჩრდილქვეშ წარმოაჩენენ თავიანთ თავს, რადგან საკუთარი მათ არაფერი არ აქვთ. საქმე ბოლომდე არასოდეს არ გაუკეთებიათ. ახლა დაინახეს, რომ ხეირი ვაშაძისგან არის, ამიტომ მიდიან იქ.
ახლა ლაპარაკი იმაზე, მორალურად რამდენად გამართლებულია, ნუ რესპუბლიკელებთან არ ღირს ლაპარაკი, რადგან მათ არც არასდროს ჰქონიათ რაიმე მყარი მორალური და ზნეობრივი მხარე. 2005 წლამდე, სანამ ნაცებისგან წამოვიდოდნენ სააკაშვილის ერთ–ერთი მთავარი მეხანძრეები „რესპუბლიკელები“ იყვნენ. სულ ასე არიან. საიდანაც ხეირს იგრძნობენ, იქით მხარეს იქნებიან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.