საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქვეყნის მმართველობიდან ფორმიდან და პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, არც თუ დიდი დატვირთვის მატარებელი უნდა ყოფილიყო, ლამის მმართველი პოლიტიკური ძალის ყოფნა-არყოფნის თემად იქცა. შესაბამისად, მეორე ტურისთვის საყოველთაო მობილიზება ძალიან ჰგავს პოლიტიკურად გაცილებით მნიშვნელოვანი, საპარლამენტო არჩევნების მზადების კამპანიას. ემოციურად კი, ქართული საზოგადოება კვლავ 2012 წელს დაუბრუნდა, როდესაც პოლიტიკაში ახლადმოსული პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარცხებლად ქუდზე კაცს უხმობდა - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
სოსო ცისკარიშვილი: პირველი ტურის შედეგს მე რუსული ოცნების ახდენას უფრო დავარქმევდი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საერთაშორისო დამკვირვებლები შეშფოთებას ვერ მალავდნენ, იმდენად ველური წესებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი.
ნამდვილად შავი დღეები უდგას „ქართულ ოცნებას“, რადგან მთელი ექვსი წელი გვაშინებდა „ნაციონალური მოძრაობით“ და ერთ დღეში ისეთი რამ დაატრიალა, რაც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ გაუკეთებია - ყოველ შემთხვევაში, არჩევნებზე არავის უნახავს თავგახეთქილი და ყურმოჭმული ამომჩევლები და ეს არ არის თვალდასახუჭი თემა.
როგორიც არ უნდა იყოს შეფასებები, ჩვენი ამომრჩევლები უკვე მოტივირებულები არიან და პირველი ტური ერთგვარი გზამკვლევია მეორე ტურითვის.
როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთს არ დაუტოვებს საქართველოს, კარგი იქნება, თავის სანათესაოსაც გადახედოს, მაგალითად, მისი ბიძაშვილი, რომელიც პარიზში ცხოვრობს, პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სულაც არ არის.
თუ რუსულ ინტერესებზეა საუბარი, სწორედ ის საარჩევნო დაპირებები რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისგან ისმის - სააკშვილის ჩამოყვანა ახალაიების შეწყალება და ა.შ. ანუ სამოქალაო დაპირისპირების შექმნის მცდელობა - ეს არ არის რუსული ინტერესი?
- არ მგონია, რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდეთ ვაშაძე, ასეთ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესებდნენ აქამდე. რაც შეეხება მის წინასაარჩევნო კამპანიას, შეეძლო უფრო ნაკლები ეთავხედა და ამით მეტი ამომრჩეველი მიეზიდა.
გარდა ამისა, ექვსი წელია ველოდებით, რომ ვინმე „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუნდაც ერთი დანაშაულის გამო ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. სიტყვა დანაშაული არც უხსენებიათ, თუმცა ზოგჯერ შეცდომებზე საუბრობენ. ამიტომაც არ იზრდება მათი მომხრეთა რიგები.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, განცხადებებს კი აკეთებენ, რომ ეს იყო ქართველი ამომრჩევლის პასუხი მათ შეცდომებზე, მაგრამ რეალურად შეეცდებიან ამ ყველაფრის გამოსწორებას?
- რეალურად ამ გუნდს მმართველობის პრობლემა აქვს და მიღებულ ხმებზე მეტად სხვა მომენტები უნდა აღელვებდეთ, მაგალითად, რას ვაკეთებთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
არის ერთი მომენტიც - როდესაც ივანიშვილი თავისი გამოსვლებით საკუთარ იმიჯს ვნებს, ნუთუ „ოცნებაში“ ერთი ადამიანი მაინც არ მოიძებნება, რომელიც ამაზე მიუთითებს? ცხადია, რომ მმართველობითი პრობლემაა და ამას თავისი სუბიექტური მიზეზებიც გააჩნია - რომ ქვეყნდებოდეს ინფორმაცია, თავის დროზე დეპუტატებმა რა რაოდენობის სესხები მიიღეს „ქართუ ბანკიდან“, გაცილებით ნათელი სურათი შეიქმნებოდა - უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მათი დამოუკიდებლობის ხარისხზეც აისახება. ინფორმაცია კი იმიტომ არ არის საჯარო, რომ არ სურთ სახელის შერცხვენა.
ანუ ჩვენი პარლამენტარების ერთი ნაწილიც ისეთსავე ფინანსურ მახეში გაება, როგორშიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა?
- დიდი ალბათობით, ასეა, მაგრამ რაც ჩვენს ეკონომიკაში ხდება, ამაშიც მიუძღვით ჩვენს ჩინოვნიკებს წვლილი - ყველა უბედურების სათავედ აქციეს სახელმწიფო ტენდერები.
ვიცით ტენდერების, კორუფციის, ნეპოტიზმის თემებს რომ ვერ გაექცა ხელისუფლება, მცირე და საშუალო ბიზნესს გასაქანს რომ არ აძლევენ მსხვილი კორპორაციები. ისიც ცნობილია, რას ვერ გაართვა თავი ამ ხელისუფლებამ, მაგრამ როდესაც საკითხი ისევ ისე დადგა როგორც 2012 წელს - „ოცნება“ თუ „ნაციონალები“ ამ შემთხვევაში რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამომრჩეველმა?
- უკეთესი იქნებოდა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის არჩევის პროცესი ერთი წლით მაინც გადადებულიყო, უმრავლესობა მათ ხელშია და შეუძლიათ კონსტიტუციურადაც გაამყარონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს დრო ორივე მხარეს დასჭირდებოდა გონზე მოსასვლელად. გამოჩნდა, რომ მზად არ ვართ ამ ტიპის არჩევნებისთვის.
პირველი ტური უკვე ჩატარდა, ასეთი პროცედურაც არ არსებობს და არც ერთი მხარისთვის არ იქნება მისაღები მსგავსი რამ - საქმე გაცილებით რთულადაა. ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დახოცილი ადამიანების მშობლები გაერთიანდნენ - მეორე მხარეს არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და კიდევ რა მოხდება ამ ერთი თვის განმავლობაში, არავინ იცის - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე საკმაოდ რეალურია. როგორ შეიძლება ამ სიტუაციის განმუხტვა?
- ვფიქრობ, მხოლოდ არჩევნების გადადებით, მაგრამ ამაზე მართლაც არ წავლენ. არც ვადამდელი არჩევნები იქნებოდა გამოსავალი. ნახეთ, თითო ადამიანის წარდგენაზე რა ხდება და 150 კაცი რომ ეყოლება წარსადგენი პარტიებს, მაშინ რა იქნება. თუმცა ამ არჩევნებამდე მართლაც ვფიქრობდი, რომ ვადამდელი საპარლამენმტო არჩევნები მართლაც კარგი გამოსავალი იქნებოდა ქვეყნისათვის.
არც ერთი და არც მეორე პოლიტიკური ძალა არ არის საუკეთსო სტანდარტი ჩვენი ქვეყნისათვის. ისევ ჩერჩილის მიერ დატოვებული ფორმულირება მინდა გავიხსენო - „როდესაც იწყება კამათი წარსულსა და აწმყოს შორის, მაშინ დავინახავთ რომ დავკარგეთ მომავალი“ - ამ კონდიციამდეა მისული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ არჩევნების დროს ჩვენი მთავარი მიზანი არ გავუშვათ ხელიდან.
ორივე პარტიას, თავს რომ გვაბეზრებენ საკუთარ გუნდებზე ლაპარაკით, თითო ადამიანი უდგას სათავეში და ამ ორი ლიდერის შეფასება უნდა მოახდინოს საზოგადოებამ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მისცეს ხმა და ვინ დატოვოს ქვეყნის სამართავად.
შეიძლება, გამოსავალი იყოს, თუ ორივე მხარის რამდენიმე, მათთვის სანდო წარმომადგენელი დაჯდებოდა და ერთობლივად გადაწყვეტდა, რა იქნებოდა არა მათი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის სასარგებლო და შემდეგ ამ სტრატეგიით იმოქმედებდნენ, მაგრამ ესეც არ მგონია რეალური, რადგან ეს ექვსი წელი ერთმანეთის ლანძღვაში გალიეს.