საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ხელისუფლებას თავდაჯერებულობის ნიღაბი ჩამოხსნა და და ცდილობს, მეორე ტურის, ანუ განაწყენებული ამომრჩევლის გულის მოსაგებად დაირაზმოს და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია საკუთარ თავზე აიღოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, მართალია, სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელობას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული.
„მთავარია მართვის ღერძის გაძლიერება და საზოგადოების ორგანიზება, რომ არჩევანი პროგრესის სასარგებლოდ დააფიქსირონ“, - აცხადებს ვოლსკი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს ყველას აქტიურობა მოგვეთხოვება, მათ შორის გია ვოლსკის.
„პროცესში უნდა იყოს ყველა ჩართული თავისი ინიციატივებით და მოსაზრებებით და აქ გამორჩეულად არავინ არის. ასე რომ, მთავარია პოლიტსაბჭომ იმუშაოს გამართულად. არის სხვადასხვა ჯგუფები, სადაც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს, პრემიერ-მინისტრიც და არის საკითხები, რომელიც არ ეხება მხოლოდ ზურაბიშვილის კანდიდატურას და არის საკითხები, რომლებიც სწარფად უნდა განვახორციელოთ, ვიდრე თავიდან გვქონდა დაგეგმილი... მე ასე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს მართებს საკონსტიტუციო უფლებამოსილების გარშემო საუბარი, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ მართებს სისწრაფე გარკვეულ რეფორმებში, რომელიც გარდამავალ პერიოდში დაიგეგმა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისვე განმარტებით, თუ საჭიროება მოითხოვს ცვლილებები არაა გამორიცხული, მაგრამ ეს არა არის დამოკიდებული ვინმეს მოსაზრებაზე და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების აზრი მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის პარტიულ სტრუქტურებში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია თვლის, რომ არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, ქვეყანა მშვიდად განვითარდება თუ იქნება მძიმე მოცემულობა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, მნიშვნელოვანია საზოგადოებას აუხსნან, რატომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე.
„ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის. ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები იმის განსასაზღვრად, ქვეყანამ მშვიდობიანად უნდა იაროს, თუ გველოდება ძალიან მძიმე მოცემულობა. შტაბსა და აქტივს თავმჯდომარე მნიშვნელოვან კორდინაციას გაუწევს. ჩვენ ყველა ვფიქრობთ, როგორ ავუხსნათ იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მოსულან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ოპოზიცია ყველაფერს კოაბიტაციას აბრალებს, ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი გიორგი ლომია თვლის, რომ „ქართული ოცნება“ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ „კოაბიტირებდა“, იმიტომ მიიღო ეს შედეგი არჩევნებზე.
მისი თქმით, მმართველმა გუნდა ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა და არ დასაჯა ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
„ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა „ოცნებას“. უნდა მოხდეს ის, რაც არ მოხდა 6 წლის წინ - უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და სამართლიანობა აღდგეს“, - აღნიშნა გიორგი ლომიამ.
რამდენად შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის პუნქტში დადებულ პირობას მმართველი ძალა, ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ეს არჩევნები არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის.
„ერთ მხარესაა წარსული, მეორე მხარეს – მომავლის პერსპექტივა. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი, ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც სხვა მიზნისთვის იბრძვის, რომ თავისი წარსული და გამოცდილება მოახმაროს ჩვენს ქვეყანას... როცა „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბნელი ძალა კი არ უნდა მოვიდეს, არამედ ჩვენზე უკეთესი. ის ადამიანები ვინც უნივერსიტეტებში სხედან. მე პირადად ვარ ძალიან მშვიდად, ვიცი, რომ 800 ათასი ამომრჩეველი არის ერთ მხარეს, აქეთ მხარეს კი, ვართ გაცილებით მეტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობისთვის, არამედ სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის იბრძვის.
„მისთვის ეს არის მთავარი, ეს ღიად გვითხრა. მას არ აქვს სხვა მიზანი გარდა იმისა, მოხვდეს ამ სკამზე და შეიწყალოს სააკაშვილი, ან სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ საპატიმროებში არიან ან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში, ან რომელთა ექსტრადიცია მოთხოვნილია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება სააკაშვილისა და ვაშაძის მიზნებს, მათი ყოფილი თანაგუნდელი, „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ცდილობს, მათ ინტერესებზე რატომღაც, ღიად ისაუბროს.
„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არა მგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა „გირჩს“ შეიძლება ისიც აწყობდეს, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს. აჯობებს ბიძინას ძალაუფლება არ იყოს ისეთი მონოლითური, როგორიც იყო „ნაციონალების“ ძალაუფლება ბოლოში“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გირჩი“ ვერ იარსებებდა.