რამდენად ნაყოფიერი გამოჩნდება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა, რომელიც ასე ვთქვათ, პირველი ტურის შეჯამება და მეორე ტურისთვის მზადება იყო, ერთ თვეში გამოჩნდება - უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
რაც შეეხება საუბრის თემას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ისაუბრეს პოზიტივზეც და ნეგატივზეც. ვოლსკის განმარტებით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, გარკვეული ხარვეზები არსებობს.
„არის ხარვეზებიც: აქტივობა, ჩართულობა, გუნდის ძველი წევრების აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა, კოორდინატორების აქტიური მუშაობის აუცილებლობა და ა.შ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მირიან წიკლაურმა განაცხადა, კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიმართ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა რომ, როგორც ხელმძღვანელი, ამ კრიტიკას საკუთარ თავზეც იღებს. წიკლაურის თქმით, დღეს, ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული და იმედიანი პოზიცია ჰქონდა.
„არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არის გარკვეული რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რომ აღნიშნული პრობლემები მეტ-ნაკლებად გადავჭრათ ან შევარბილოთ. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება სტრატეგია. გუნდს უნდა ემუშავა ერთობლივად, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. შესაბამისი ჩართულობა არ იყო და ზოგიერთი შეიძლება ვერც აკეთებდა საქმეს, როგორც უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, ვერ ვიმუშავეთ საკმარისად, ვერც აქტივმა, ვერც დეპუტაციამ, შედეგიც სახეზეა.
„მე ვთვლი, რომ ჩვენ არ ვიმუშავეთ საკმარისად. ჩვენმა აქტივმა, დეპუტაციამ, აბსოლუტურად ყველამ, შედეგიც სახეზეა. ვერ ვიმუშავეთ რეგიონებში და ქალაქებშიც. იცით, რომ ყველა დიდ ქალაქში ცუდი შედეგი დავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი. თქვენ არ ინერვიულოთ, ერთ თვეში ყველაფერს მოვასწრებთ, ხომ გაგიგონიათ, თუ კი გული გულობს. ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ ვიღაცეები რომ ზეიმობენ მოვუგეთო, ჩვენ გავედით პირველ ადგილზე, ისინი არ არიან მოგებული. როგორც იციან ხოლმე, წაგებულს ზეიმობენ, გახსოვთ 2008 წელი როცა ომი წააგეს და მეორე დღეს ზეიმობდნენ, როცა დაუმარხავი ბიჭები ეყარა ცხინვალის ქუჩებში“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამაც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული საკოორდინაციო მუშაობაში.
ბესელიას განმარტებით, საარჩევნო კამპანიას შტაბი ხელმძღვანელობს, თუმცა მასში აქტიურადაა ჩართული ბიძინა ივანიშვილიც.
„კამპანიას ხელმძღვანელობს შტაბი. პარტიის თავმჯდომარე არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. მას აქვს მუდმივი კონსულტაციები. დღესაც ისმენდა ჩვენს განწყობებს, ხედვას, ანალიზს და ა.შ. ერთად ვაანალიზებთ რაც არის ახლა საჭირო. ასე რომ, თავად ბიძინა ივანიშვილიც იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ამ საკოორდინაციო მუშაობის დროს. შტაბები იმუშავებს ყველგან, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. გავაძლიერებთ ყველა ჩვენს შესაძლებლობას“,- განაცხადა ბესელიამ.