გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე არ მალავს, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას შეიწყალებს, დაითხოვს არსებულ პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. პროცედურულ საკითხებსაც რომ დავანებოთ თავი, გაცილებით საინტერესოა, პოლიტიკური ინტერესი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს ამოძრავებს. რა არჩევანი შეიძლება გააკეთოს ქართველმა ხალხმა და რამდენად დიდია ფსონი, რომელიც იდება ერთი შეხედვით, თითქმის უუფლებო პრეზიდენტის სავარძელზე - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.
დავით ზარდიაშვილი: არჩევნების შედეგებიც აჩვენებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამავე უმრავლესობამ ხმა მისცა ნაციონალებს. მეორე ტურმა, სწორედ ეს უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა ამომრჩეველს - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და არც „ნაციონალური მოძრაობის“, თუ პრეზიდენტის პოსტი მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ეს არის მათი შეცდომების შედეგი, თუმცა ერთი თვე საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ ის გამოასწორო, რამაც ხელისუფლების მიმართ ხალხის უნდობლობა გააჩინა. ამ შემთხვევაში რჩება ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლების რეინკარნაციის თემა - როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც იმუშავებს ეს ფაქტორი?
- მთავარი პრობლემა არის ხელისუფლების გაუბედავი ნაბიჯები რეფორმების განხორციელებისას. მმართველობითი სისტემის რეფორმის გასატარებლად არც დრო ეყოთ და არც რესურსი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.
როდესაც მმართველობითი სისტემის განვითარებაზეა საუბარი, ისევ ის სურათი გვაქვს, რაც გვქონდა - მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ჩართული განვითარებაში და დეცენტრალიცზაციის რეფორმის განხორციელება სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებდა.
ახალი კონსტიტუცია 2017 წელს კი არა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მიეღოთ. მმართველობითი სისტემის პრობლემაც გადაჭრილი იქნებოდა და პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის პრობლემაც კარგა ხნის მოგვარებული.
ახლა მოხდა ისე, რომ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, უნდა ინიშნებოდეს, ირჩევს ხალხი. ანუ გვყავს მაღალი ლეგიტიმაციით ორი წლის წინ არჩეული პარლამენტი და ასევე მაღალი ლეგიტიმაციით ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის თანახმად, უფლებები აქვს ჩამორთმეული.
სწორედ ეს ლეგიტიმაცია სჭირდებოდა თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც გამოიყენებდა პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და მიიღო კიდეც - შედეგად კი, ფაქტობრივად, კონსიტუციურ ხაფანგში აღმოჩნდა ხელისუფლება.
იყო კორუფციის თემაც, რამაც იმუშავა საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად - ასე ვთქვათ, ფარცხალაძის სინდრომმა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომლის არდანახვა არ შეიძლება - ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ.
ამომრჩეველი მართალია, როდესაც „ქართული ოცნებას“ პასუხს სთხოვს დაშვებული შეცდომებისთვის, მაგრამ იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ხმას მისცემს ნაციონალების დაბრუნებას - ეს წარმოუდგენელია.
ნიკა გვარამიამ თქვა კიდეც, ნიშნისმოგებით, ახლა ვნახოთ, ვინ წავა ქვეყნიდანო. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დააბრუნოს, საუბარიც არ მინდა იმაზე, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე მხოლოდ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტად გაებოროტებინა ხალხი - მას არასდროს ულაპარაკია იმ რეალურ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლის გადმოღვრა და შუღლის გაღვივება იყო.
ამ არჩევნების კონტექსტი არის ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხის გამაერთიანებელი - გჯერათ, რომ სწორედ ამას გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი?! - ამ პოსტს ის გამოიყენებს რევოლუციის ინსცენირებისა და ხელიუსუფლების დამხობისთვის.
თუ შექმნილ მდგომარეობას პარტიული ცხოვრების კონტექსტში განვიხილავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დარტყმა, რომელიც დაიმსახურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა დაზიანდეს, ზეპარტიულობის იდეა გაიწიროს და ახალ რევოლუციურ უფსკრულში გადავიჩეხოთ. მთავარი ეს არის და ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი.
როგორც ჩანს, ის შემოლაწუნება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პირველ ტურში, საჭირო იყო და ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ამორჩეველმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ.
მაგრამ ასე გავაგრძელოთ და ნაციონალები დავაბრუნოთ? - ვაშაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხელისუფლების დამხობისთვის ხმის მიცემას, რადგან არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს 2020 წლამდე, არ არსებობს. როდესაც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეცვლით ხელისუფლებასო, ეს ნიშნავს, სიტუაციის რევოლუციურ კალაპოტში გადაყვანას.
მართალია, კონსტიტუციით პრეზიდენტი პოლიტიკური ძალის ცენტრი არ არის, თუ ვაშაძე იქნება პრეზიდენტი, ის შექმნის კონტრძალაუფლებას, მთელი თავისი პოლიტიკური ინფრასტრუქრურით და დაუპირისპირდება ხელისუფლებას.
შეიძლება სააკაშვილი ჩამოიყვანოს, ან - არა, ახალაია შეიწყალოს ან - არა, მაგრამ მთავარია, რომ ის იქნება ძალა, რომელიც ხელისუფლებას დაუპირისპირდება და ცხადია, ეს არ მოხდება მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით. გამოყენებული იქნება ყველა რესურსი, მათ შორის, დეზინფორმაციული პროპაგანდის მანქანა „რუსთავი 2“-ის სახით. საკმაოდ მძიმე სურათი შეიძლება შეიქმნას.
საკითხავია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებაზე გაბრაზებულია?
- პირველ ტურში ხელისუფლებამ მიიღო პასუხი საკუთარი შეცდომებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ნაციონალები უნდა დავაბრუნოთ და იმედი მაქვს, ეყოფა ხალხს ამისი გონიერება.
„ქართული ოცნების“ წამომადგენლებმაც უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ რეალურად გაიაზრეს რაც მოხდა და მზად არიან, შეცდომები გამოასწორონ.
თქვენ აღნიშნეთ „რუსთავი 2“ -ის როლი შექმნილ სიტუაციაში, ალბათ, გულისხმობთ იმ ფარულ ჩანაწერებსაც, რომელიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელდა. საინტერესოა, ვინ უსმენს ხელისუფლებას და შემდეგ ვინ იყენებს ამ მასალას პოლიტიკური მიზნისთვის. საუბრების შინაარსზე მეტად ალბათ, ხელისუფლების უსუსურების წამოჩინებაა საყურადღებო თემა. როგორ ფიქრობთ, უფრო სერიოზული რეაგირება, ვგულისხმობ, დემოკრატიულ ფარგლებში, მეტ იმიჯს ხომ არ შემატებდა ხელისუფლებას, ვიდრე მაგალითად, საპასუხო ფარული ჩანაწერების გავრცელება სხვა ტელეკომპანიის ეთერით?
- საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების უამრავი საშუალება არსებობს და მისი გაკონტროლება პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მიუხედავად ამ ტექნიკური შესაძლებლობებისა, საზოგადოება უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ ჩანაწერი, რომელიც კანონის დარღვევით არის მოპოვებული, იურიდიული ძალის არმქონეა და საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთი უნდა იყოს - ვინც ამ ფარულ ჩანაწერებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, მას უბრალოდ, არ ენდოს.
იმედია, საზოგადოება კიდევ ერთ შანსს მისცემს ხელისუფლებასაც, საკუთარ თავსაც და მეორე ტურში გონივრულ არჩევანს გააკეთებს. სად არის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ ისევ დინებას არ გაჰყვება და გააკეთებს იმას, რაც ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა? ამის რესურსს ხედავთ?
- რაკი ხელისუფლების წყარო ხალხია და მან დაანახა ხელისუფლებას, რომ რაკი ასეთი შეცდომები დაუშვი, როგორც მოგიყვანე, ასევე გაგიშვებ! 2020 წლამდე ბევრი აღარ არის დარჩენილი და ხელისუფლება „ყვითლის“ შემდეგ „წითელ ბარათსაც“ მიიღებს.
ასეთ შემთხვევაში კი, როგორც უსუფაშვილმა თქვა, ისევე უცებ გაქრება „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც გაჩნდა. ნაციონალებივით ვერ შეინარჩუნებენ ოპოზიციაში საკუთარ თავს - ეს თავადაც კარგად იციან და იმედია, შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანენ.
2020 წელი შორს არ არის - საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი გარკვეული პოზიტივიც არის, მე თუ მკითხავთ - თუკი ხალხის სურვილს რეალურად დაინახავს ხელისუფლება, ადეკვატურად გაიაზრებს და შესაბამის ზომებსაც გაატარებს. წინააღმდეგ შემთხვევში, გაცილებით მწარე პასუხს მიიღებს - ხალხს აქვს ამის ძალა და არა მხოლოდ არჩევნებზე, ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი სურვილი გამოხატოს.