ცესკო-ს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %–იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 %–იანი მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება. ამომრჩეველი ახლა მეორე ტურში გადაწყვეტს ვის აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტად – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გრიგოლ ვაშაძეს, თუ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს.
მმართველი გუნდი თვლის, რომ ამომრჩევალი არჩევანს სალომე ზურაბიშვილის სასრგებლოდ გააკეთებს და იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ გავიდა, 2 დეკემბერს არჩევნებზე წავა და ხმას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცემს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია 28 ოქტომბრის ღამის შემდეგ შეცვლილია. მმართველ პარტიაში ღიად საუბრობენ შეცდომებზე.
„გადაჭარბებული თავდაჯერებულობა“, „არაადეკვატური კომუნიკაცია“, – ეს არის ტერმინები, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიყენა. კახა კალაძის თქმით, ეს არის გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“.
კახი კალაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება საქართველოში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება.
„რაც მთავარია ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია. შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად მთელს რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი - კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ შიდა კვლევების შედეგებს ვეყრდნობოდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გუნდს აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური პრობლემები, რაზეც მოკლე ვადებში სერიოზულად მოუწევთ მუშაობა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკური სტრატეგიის შეცდომებზე საუბრობს.
„თუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად სწორი პოლიტიკური სტრატეგია გვქონდა, აქ შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა ვიპოვოთ: რატომ არ დაისაჯნენ ბოლომდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აშკარად იყვნენ დანაშაულებში შემჩნეული, ჩვენი მომხრეების მიმართ რატომ არ ვიყავით ისეთივე გვერდით მდგომები, როგორც ისინი იყვნენ. შეიძლება, რაღაც ნაწილში სტრატეგიულად შეგვეშალა, შეიძლება, უბრალოდ გამოსავალი არ იყო საერთაშორისო მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაც თავის დღის წესრიგს გვიყენებდა.
ახლა სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. იმედი მაქვს, საზოგადოება გაერკვევა, რა რისკები შეიძლება, მოყვეს ძველი ძალადობრივი ხელისუფლების რაღაც ფორმით დაბრუნებას. უნდა ვიყოთ ადეკვატურები და მეორე მხრივ, საზოგადოება რასაც ითხოვს ჩვენგან, იგივე ეკონომიურ, სოციალურ პრობლემებზე დროული რეაგირება უნდა გვქონდეს. სულ მცირე, ის მაინც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ დღეს არის ეს, ხვალ იქნება ეს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მმართველ პარტიაში რომ პრობლემებია, ამაზე საუბრობს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე დაანონსა, რომ პარტიას, რომელიც პრაქტიკულად უმოქმედოა, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შეავსებს, ძლიერი ხალხით გაამაგრებს და მენეჯმენტს გააუმჯობესებს. ივანიშვილმა სახელმწიფოს მართვაზე ისაუბრა და ასევე, პარტიის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„თვითონ პარტიას, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირავონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის განახლებაზე, გუნდის ახალი სახეებით დაკომპექტებაზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ღიად საუბრობდნენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იზიარებს ივანიშვილის შეფასებას, რომ პარტია უმოქმედოა, თუმცა აცხადებს, რომ თუკი არ იქნება რადიკალური ცვლილება, კოსმეტიკური ცვლილება აზრს კარგავს.
„ივანიშვილის განცხადებებში დიდი ხანია ისმის უკმაყოფილების ინტონაცია მმართველი პარტიის მიმართ, ან მასსა და პარტიას შორის ურთიერთობის საკითხში. ერთ–ერთი ინტერვიუში ასეთი რამე თქვა – პარტიის თავმჯდომარედ რომ არ დავბრუნებულვიყავი ჩემს ტელეფონსაც არ აიღებდნენ ზოგ–ზოგიერთებიო. დაბრუნების ერთ–ერთი მოტივი იყო ის, რომ უფსკრული გაჩნდა პარტიასა და ხალხს შორის, რაც არის ამოსავსები, რადგან პარტიის შიგნით არის ნაპრალები“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რას შესთავაზებს პარტიის ახალ წევრებს, რადგან, როგორც საყვარელიძე აცხადებს, საქართველოს მოსახლეობას პარტიის აქტივში ყოფნა დიდად არ ეხალისება.
„პარტიის რიგებში გაწევრიანება ძირითადად საარჩევნო პერიოდში ხდება, თუნდაც იმ ამოცანისთვის, რასაც პარტიის ახალი სახეებით შევსება ჰქვია და ეს მოუწევს ბატონ ბიძინას. აუცილებელია ორგანიზაციული კუთხით გადაიდგას სისტემური ნაბიჯები, ახალი კადრებით დაკომპლექტდეს პარტია. კადრების შერჩევის პრინციპი, როცა ვიღაცა ივანიშვილს ეუბნებოდა ეს კარგი ბიჭია, ან კარგი გოგო ამიტომ ავიყვანოთო, შედეგი ვნახეთ. ვიღაც შეიძლება კარგი გოგოა, ან კარგი ბიჭი, მაგრამ პოლიტიკისთვის შეიძლება არ გამოდგეს. აუციელებია კომპეტენტური კადრების მოძიება და არა პირადი რეკომენდაციების გაწევა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არსებული გუნდით ვერ წავა 2020 წლის არჩევნებზე, რადგან, მისი შეფასებით, ეს ის გუნდი არ არის, რომელიც პარტიას წარმატებას მოუტანს. ამიტომ გუნდის ცვლილება არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი.
„დრო აჩქარდა „ქართული ოცნებისთვის“, ცაიტნოტში არიან. ისეთი ვითარება შეიქმნა, რასაც მეც არ ველოდი. ვამბობდი, რომ ცუდად მიდის პროესები, რომ წლის ბოლომდე აქვთ დრო, მაგრამ ასეთ კატასტროფულ ვარდნას, რაც ახლა ხდება, არ ველოდი. გუნდი, რომ გადასახალისებელია, ეს ფაქტია და ძალიან მნიშვნელოვნად არის გადასახლისებელი. ერთი წელი არის დიდი დრო, მაგრამ მივა კი ქვეყანა ერთი წელი სტაბილურად არჩევნებამდე?“, – ინტერესდება კონსტიტუციონალისტი და დასძენს: „მმართველი გუნდი მთლიანად უნდა გადახალისდეს, რათა მოსახლეობამ იწამოს, რომ ეს არის სხვა და სერიოზული გუნდი, არა უცნობი სახეებით, რომლებიც პირველად გამოჩნდებიან პარლამენტში მიკროფონთან, არამედ სერიოზული და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს გუნდი, რომლის მიმართ კითხვის ნიშნები არ იქნება.
ასეთი რესურსი მოიძებნება, მაგრამ ეს გუნდი, რომელიც მე წარმომიდგენია, არ იქნება გუნდი, რომელიც მას უსიტყვოდ დაემორჩილება და ყველა მის კაპრიზს დაემორჩილება. მიხვდება კი ივანიშვილი, რომ მისგან დამოუკიდებლობა მის წინააღმდეგ მუშაობას არ ნიშნავს? ამას გააზრება სჭირდება“, –განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს ივანიშვილის სურვილს გუნდის განახლებასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ ასეთი სურვილები ივანიშვილს ნამდვილად ჰქონდა და სწამს, რომ შეუძლია, მაგრამ აქ არის ორი პრობლემა, ერთი წარსულში და ერთი არსებულ ვითარებაში.
„წარსული გახლავთ ის, რომ ასეთი პროექტები ჰქონდა, გვახსოვს „2030“ და „მოქალაქე“ ეს ორგანიზაციები უნდა გამხდარიყო კადრების სამჭედლო, მაგრამ სრული ფიასკოთი დასრულდა ორივე, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. შესაბამისად, სკეპტიციზმის საფუძველიც უკვე გვაქვს, რომ ასეთი რამ არ შეუძლია.
რაც შეეხება არსებულ ვითარებას, როგორ წარმოგიდგენიათ არსებულ ვითარებაში ენთუზიაზმით და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გუნდში გაწევრიანება იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სისტემა აგებული აქვს ფარცხალაძეზე და ჩხარტიშვილზე. ეს ორი რაღაცა შეთავსებადია? წარმატებას ვუსურვებდი, მაგრამ პარადოქსი რეალურ ცხოვრებაში განუხორციელებლია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
როგორც ხუხაშვილი ამბობს, ივანიშვილი საკმაოდ გაბრაზებულია, ხვდება, რომ სჭირდება ცვლილებები, მაგრამ ცვლილებს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა. მისი თქმით, ივანიშვილი არ არის მზად, რომ ეს ფასი გადაიხადოს.
„მის გეგმებს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ მთელი ის ძალისხმევა მიმართულია სისტემის შენარჩუნებისთვის. მან უნდა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური ფასი და ეს არის მანკიერი სისტემისგან განთავისუფლება. არა ის, როცა სააკაშვილისგან ეს მანკიერი სისტემა გადმოიბარა და ცდილობს ის მართოს. ამაზე პასუხად გვეუბნება, რომ იცით რა, მათ მოინანიეს და იმიტომ ვთანამშრომლობ მათთანო. მე მაინტერესებს ამ ხალხმა რა ფორმით მოინანია, ვინმემ ბოდიში მოიხადა, თუ პირადი აღსარება უთხრა ბიძინას? თუ პირადი აღსარებიდან გამომდინარე აკეთებს ამ დასკვნას, ეს ღრმად არასერიოზულია. აღსარება ნიშნავს, რომ მათ კი არ მოინანიეს, არამედ პატრონი შეიცვალეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.