„შემოდგომამდე ჰქონდა დრო „ქართულ ოცნებას“ პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ შეფასებები ყურად არ იღეს“

„შემოდგომამდე ჰქონდა დრო „ქართულ ოცნებას“ პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ შეფასებები ყურად არ იღეს“

საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტური გამოავლენს - საქსპერტო წრეებში მსგავსი მოლოდინი არსებობდა, თუმცა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის აშკარა უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგებოდა. როგორ მოხდა ისე, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს მხოლოდ უმნიშვნელო ხმებით უგებს; რამ გამოიწვია ამომრჩევლის პროტესტი, რომელიც არჩევნებზე არმისვლაში გამოიხატა და აქვს თუ არა ხელისუფლებას შანსი სიტუაცია მისთვის სასარგებლო კალაპოტში გადაიყვანოს, ამ თემებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ მეორე ტური იქნებოდა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ასეთ მცირე სხვაობას არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ 5-7% იანი სხვაობა მაინც იქნებოდა პირველ ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

რაც შეეხება ფაქტორებს, რამაც გამოიწვია ეს შედეგი - პირველი გახლავთ ის, რომ დიდი ხანია, ვამბობდით „ქართული ოცნება“ კარგავდა რეიტინგს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ შემოდგომამდე ჰქონდა დრო „ქართულ ოცნებას“, პროცესის შესაჩერებლად და მისთვის სასარგებლოდ შემოსაბრუნებლად, რომ უფრო გვიან ყველაფერი იქნებოდა ძალიან რთული და ა.შ. მაგრამ მსგავსი შეფასებები მათ ყურად არ იღეს და პროცესი გაგრძრელდა ისე, როგორც მიდიოდა...

ამას დაემატა თავად საპრზიდენტო კანდიდატის მიერ ჩატარებული კამპანია, რომელიც შეცდომებით იყო სავსე, ოპონენტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ეს შეცდომები მათთვის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ნუ დაგვავიწყდება ბოლოდროინდელი გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები, პლუს ორი პრესკონფერენცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა, რომელმაც ასევე, ცუდად იმუშავა საზოგადოებაზე.

„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ იმუშავა იმ ფაქტორმაც, რომ ძალით უნდოდათ მოსახლეობის დარწმუნება თითქოს, ზურაბიშვილი ხელისუფლების კი არა, დამოუკიდებელი კანდიდატი იყო - ამას ხალხი რომ არ აპროტესტებს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეთანხმება. მთელმა რიგმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფატორებმაც თავისი გააკეთა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთთვიანი ვადა - ეს დრო სჭირდება ცესკო-ს საბოლოო შედეგის დასადებად, რომელსაც ემატება ორი კვირა არჩევნების მოსამზადებლად... შეძლებს „ქართული ოცნება“, რომ ერთ თვეში შემოატრიალოს სიტუაცია?! აქ ლაპარაკია იმაზე, რომ 1,6 მილიონი ამორჩეველი ძალიან მცირეა. მეორე ტურის შემთხვევაში პოლიტიკური ძალები სულ სხვანაირად განლაგდებიან და „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს გამარჯვებას, თუ ამომრჩეველს მიიყვანს საარჩევნო ურნებთან. იმ ამომრჩეველს, რომელსაც ბოლო პრესკონფერენციაზე ივანიშვილი ეხვეწებოდა, თქვენი ჭირიმე, კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ მხარი და ერთ წელიწადში ყველაფერი გამოსწორდებაო.

ირწმუნებს კი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ ივანიშვილის დაპირებას? ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია შესაძლოა, ის აღმოჩნდეს, რომ ამომრჩეველმა არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება. ოპოზიციური ამომრჩეველი მეორე ტურზე ყველა შემთხვევაში მივა და ოპოზიცია ერთ ხმასაც არ დაკარგავს თუ არ შეიმატებს.

მაგრამ, რამდენად შეძლებს ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლის მიყვანას, მისი გამარჯვების საკითხი მხოლოდ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული.

რთული სათქმელია, რა უნდა მოიფიქროს „ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში ისეთი, რომ ეს მოახერხოს, მაგრამ რაღაც მექანიზმი რომ უნდა აამუშაოს და შეცვალოს დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ, ეს აშკარაა.

თუმცა თუ ისევ ივანიშვილის ბრიფინგებს დავუბრუნდებით და მის განცხადებებს, როგორც ჩანს, მას დიდი იმედი აქვს რომელიღაც პიარ-ჯგუფის.

მე არ ვიცი, ვინ დაგეგმა ან ივანიშვილის ეს ბრიფინგები, ან პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი გამოსვლა - ვგულისხმობ ეგზიტპოლის შედეგების გახმაურებას და შემდეგ მეორე ტურზე საუბარს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი იმ პიარ-ჯგუფმა დაგეგმა, რომელიც ივანიშვილს ეიმედება, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს პატიოსნად წააგებს.

არ ვიცი, ეს პიარ-ჯგუფი როგორ მუშაობს და რა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ერთადერთი რაც გამოჩნდა, არის ის, რომ წარმოდგენა არ აქვს, ქვეყანაში რა პრობლემებია. თუმცა ამ ფონზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, რადგან ეს გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება მმართველი პარტიისთვის, ვიდრე არჩევნებში დამარცხება.

უკვე ყოიფილი პრეზიდენტის წარმომადგენელი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ამმრჩეველმაორიანიდაუწერაოცნებას“ „სარალიძის ტკივილისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის“. თვლით, რომ ეს თემები იყო გადამწყვეტი თუ სულ სხვა ფაქტორებმა იმუშავა, თუნდაც იმან, რომ უმძიმესი სოციალური ფონია და ხალხს, რომელსაც საკვებისა და წამლის შეძენის პრობლემა აქვს, არ ანაღვლებს, ვინ გახდება პრეზიდენტი?

- ის, რაზეც ანა დოლოძე საუბრობს არის დამატებითი ფაქტორები, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. ომის თემა კიდევ სხვა მსჯელობის საგანია, იმუშავა კანაფის თემამაც, მაგრამ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უაღრესად რთულია.

იმის მაგივრად, რომ 2012-დან 2016 წლამდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მომხდარიყო, მოხდა ისე, რომ ეს კლასი ფაქტობრივად განადგურდა და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც კი საარსებო პრობლემები გაუჩნდათ. ეს მხოლოდ ჭარბვალიანობის თემა არ არის - რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ დოლარის გაქცეული კურსი ინფლაციაზე არ მოქმედებს, ასე არ არის. არ ვიცი, ინფლაციას ესენი რას ეძახიან, მაგრამ საბაზრო ფასებზე ნამდვილად ასახულია და ყველას ბიუჯეტზე მოქმედებს, იმის მიუხედავად აქვს სესხი აღებული თუ არა. სწორედ ამ მდომარეობას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ რაღაც აუცილებლად იყო შესაცვლელი. ნაცვლად ამისა მივიღეთ ის, რომ წავიდა კვირიკაშვილკის მთავრობა და მოვიდა ბახტაძის მთავრობა.

ამ ყველაფრით კი ვლინდება ზოგადად, აგდებული დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ.

თუნდაც ის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას არასერიოზულად ეპყრობიან - ამ ქვეყანაში მოიძებნება ვინმე, ვინც თვლის, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია?! როდესაც ამომრჩევლის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, ამომრჩეველიც შესაბამისად პასუხობს - მხოლოდ ეს არ არის, იყო სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიც - მაგალითად, პრემიერად ნიშნავ ბახტაძეს, რომელსაც გუნდი ლიდერად არ აღიარებს - დამორჩილება სხვაა და აღიარება - სხვა. როდესაც ამბობ, რომ ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო ხაზარაძეს, რას ნიშნავს? - შეიძლება შენ თვლი ასე, მაგრამ ხაზარაძე ეთანხმება? - თუ ფიქრობს, რომ პროტესტის შემთხვევაში ბიზნესს დაუნგრევენ?!

როდესაც დაბრუნდა ივანიშვილი, არასწორად დაბრუნდა და არაერთხელ მითქვამს ეს - უნდა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც მართვა შეიძლებოდა და თავის მართლება, რომ ახლა აღარ არის ჩრდილოვანი მმართველობა, არაფრის მომტანია. რა მივიღეთ? - პოლიტბიურო?! -კონსტიტუციით, პრემიერი უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი და არა პარტიის თავმჯდომარე.

ხალხი პარტიის თავმჯდომარეს არ ირჩევს, ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელმაც უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი. დღეს დარღვეულია როგორც სისტემური, ასე საარჩევნო თუ იდეოლოგიური და საერთოდ, ყველანაირი კანონზომიერება, რაც სახელმწიფო მმართველობას უნდა გააჩნდეს. ამ ფონზე კიდევ კარგად მიიღო ხმები „ქართულმა ოცნებამ“.

კახა კალაძემ გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით ხალხმა ხელისუფლებას გაუგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით, რომ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობის გამო მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან და .. კალაძე ამბობს, რომ გზავნილი მიღებულია და მზად არიან ქმედითი ნაბიჯებით უპასუხონ ამ გამოწვევას - შეცდომების აღიარება საკმარისია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ირწმუნოს ხალხმა?

- ქვეყანა რომ არასწორად ვითარდებოდა, ამაზე მუდმივად საუბრობდნენ საექსპერტო წრეებში - პირადი ინტერესი არავის ამოძრავებდა და ალბათ ღირდა, ამ შეფასებებისთვის ყურადღების მიქცევა.

კალაძე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ხალხი იმაზე მეტად კრიტიულია, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოედგინა, მაგრამ განცხადებები საკმარისი არ არის. მოქმედებაა საჭირო, გადაწყვეტილებები და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ერთი თვე აქვს დარჩენილი სიტუაციის შემოსაბრუნებლად.

სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, სწორი აქცენტების გაკეთებაა საჭირო, რომ მოსახლეობისგან მეტი მხარდაჭერა მიიღონ. ამ ყველაფერს სერიოზული ანალიზი და მუშაობა სჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რომ თავისი რიგები პოლიტიკოსებისგან გაწმინდა და დატოვა წმინდა ტექნიკური პერსონალი როგორც პარლამენტში ასე, მთავრობაში. სახელმწიფოს მართვა ასე მარტივად არ ხდება.

პოლიტიკოსებს დიდი გზა აქვთ გავლილი და უამრავი პრობლემა უნახავთ. „ქართულ ოცნებაში“ სულ ოთხი თუ ხუთი კაცია, ისიც პარტლამენტში, ვისაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია და აქედან, ვის აქვს იმისი გამბედაობა რომ თქვას ის, რაც არასწორად კეთდება, ეს კიდევ, ცალკე საკითხია.

როგორც ჩანს, გუნდის შიგნით არ არის ის სიტუაცია, როდესაც არგუმრენტირებას კონკრეტულ დასკვნამდე მიჰყავს ხელისუფლება - თუ თვლი, რომ ვინც გაკრიტიკებს აუცილებლად მოწინააღმდეგეა, მაშინ იძულებული ხარ, ჩუმად იყო და ამ სიჩუმით ისევ საერთო საქმე ფუჭდება.

სხვათა შორის, ივანიშვილი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სწორედ მენეჯმენტზე ლაპარაკობდა - გახსოვთ ალბათ, რომ თქვა, ხუხაშვილისთვის რომ დამეჯერებინა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა და სწორედ მისი მენეჯმენტით მივიღეთ ეს შედეგი. როგორც ჩანს, ეს მენეჯმენტი ძალაუფლების შენარჩუნებაზე არ იყო გათვლილი? - ვხედავთ, რომ მმართველი ძალის რეიტინგი ყოველ არჩევნებზე მცირდება...

- არ ვიცი, რა საუბრები იყო ივანიშვილსა და ხუხაშვილს შორის და რაში უნდა დაეჯერებინა ან არ დაეჯერებინა, მაგრამ ის შედეგი, რაც ახლა დადგა კარგია? პრობლემა ის კი არ არის, რომ ამას დაუჯერე და იმას - არა, პრობლემა ის არის რომ სიტუაციის ანალიზი არ ხდება. თუ ყველაფერი კარგად იციან და სწორად აანალიზებენ, ის რეალობა რატომ გვაქვს რომელიც ვნახეთ?

როდესაც ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა ღია წერილითაც მივმართე, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა.

ჩემთვის, პირადად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი პრემიერი იქნება თუ პარტიის თავმჯდომარე - არც ერთ შემთხვევაში პირადი სარგებლის მომტანი ნამდვილად არ არის. მაგრამ რაკი მაქვს ასეთი მოსაზრება და ვცდილობ მის არგუმენტირებას, ნუ მიიღებ როგორც აპრიორს, მაგრამ ხომ შეიძლება დაფიქრდე მაინც, რატომ უჩნდება ამ ადამიანს ასეთი მოსაზრება? როდესაც ვამბობდი, რომ არასწორად ბრუნდებოდა პოლიტიკაში, იქაც არგუმრენტები მქონდა - სახელმწიფოს მართვა სხვაა ბიზნესის - სხვა და ერთნაირი მენეჯმენტი ვერ იმუშავებს.

არ ვიცი, რამდენად არის ამ მენეჯმენტის ნაწილი ის პიარ-ჯგუფი, რომელმაც ივანიშვილის ბრიფინგების თემატიკა და პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო გამოსვლა დაგეგმა, მაგრამ თუ მათი რჩევით ხდება ეს ყველაფერი, ეს ჯგუფი უბრალოდ, გასაშვებია, რადგან ამ სტრატეგიამ მოიტანა ფაქტობრივად, უკუშედეგები. უმარტივეს მაგალითს მოვიყვან - სალომე ზურაბიშვილს შტაბის უფროსი არ ჰყავდა მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს რომ არ ელაპარაკა? - ამასაც დიდი ფილოსოფია სჭირდებოდა?! ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვთვლი რომ პოლიტიკის საერთოდ არაფერი არ ესმის და დაუშვებს ეს ხალხი შეცდომებს აბა, რა იქნება.

თუ ვერ მოახერხაქართულმა ოცნებამამომრჩევლის მობილიზება, მისი დარწმუნება, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?

- გაიმარჯვებს ვაშაძე, მოხდება საზოგადოების გადაწყობა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა თვითიზოლაცია - არ დარჩა არც მეტ-ნაკლებად თავისუფალი საექსპერტო წრეები და მედია, არც პოლიტიკური წრეები, ვისთანაც „ოცნება“ პარტნიორობს. ყველა გარიყა და დარჩა მარტო.

თამაში იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხისთვის მიუღებელია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? - ამ კარტს ათამაშებენ 2012 წლის მერე ყველა არჩევნებზე.

მივიღებთ იმას, რომ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, რაც მაინც და მაინც არ წაადგება ქვეყანას. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ორი წელი მუდმივი დაპირისპირების მოწმე ვიქნებით, მაგრამ გაცილებით უარესი შედეგი დადგება თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, გაყალბებით მოიგოს არჩევნები რადგან ამ შემთხვევაში პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა არ დასრულდება - ეს შესაძლოა, არ მოხდეს მყისიერად, მაგრამ აუცილებლად მოხდება ცოტა ხანში - ანუ ხელისუფლებას გაყალბების პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.

ამჟამად, ერთადერსი რესურსი მხოლოდ მასზე განაწყენებული ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანაა, თუმცა, ამას როგორ მოახერხებს, ვერ გეტყვით.