საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%–ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში 64,74%, ხოლო ყველაზე დაბალი – მარნეულში 36,47%. დედაქალაქში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45,6%–მა. ცესკომ უკვე დათვალა ავღანეთში გახსნილი ორივე უბნის შედეგები. ორივე უბაზე პირველ ადგილზე გავიდა სალომე ზურაბიშვილი.
უფრო კონკრეტულად, ერთ უბანზე 334 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 216 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, მეორე უბანზე – 63 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, 45 ხმა გრიგოლ ვაშაძემ. ამ მონაცემებით არ დასტურდება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთში გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათი წარმომადგენლებისგან მიღებული მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დამაიმედებელია, მმართველი გუნდი ცესკო–ს მონაცემებს დაელოდება.
„ნამდვილად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს. ეგზიტპოლს აქვს ცდომილების გარკვეული ფარგლები და საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით არ შეგვიძლია კონკრეტული განცხადებების გაკეთება. მეორე ტური არ არის გამორიცხული, თუმცა ველოდებით შედეგებს ცესკო–დან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 1000 უბნის მონაცემის მიხედვით, გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური. მისი თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
„ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები ჩვენი წარმომადგენლებისგან. დათვლილია ამ ეტაპზე 1000–მდე უბნის მონაცემები. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზე. ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განაცხადებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლიდერობს და არ არის გამორიცხული პირველივე ტურში გახდეს გამარჯვებული.
„მოატყუა „ოცნებამ“, მოატყუეს „ოცნება“ - „ქართული ოცნება“ დამარცხდა. მთავარი რამ წააგო „ქართულმა ოცნებამ“ - აღარავის სჯერა მათი, მხილებულნი არიან საარაკო ტყუილებში. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უდიდესი ნაწილი თავად მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, – აცხადებს ნიკა მელია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ამტკიცებს, რომ ყველა მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
„ერთი საკითხია, როგორც უკვე დათო ბაქრაძემ თქვა, ჩვენს პარტიულ ამოცანას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ არსებობს ამის მიღმა სხვა სიბრტყეში, რაღაც თვალსაზრისით ბევრად უფრო მაღალ სიბრტყეში ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის გუნდის გამარჯვების დაშვება, განსაკუთრებით ამ კანდიდატით, რომელიც წარმოგვიდგინეს, იყო საფრთხე ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ამის არდაშვება არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციას ჯერ ვერ გაურკვევია გაიმარჯვა, თუ მეორე ტურში მოუწევს სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირება. თუმცა, აშკარაა, რომ ოპოზიცია ქუჩისთვის ემზადება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს.
„ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53–54%–ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური იქნება და ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
„დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან. არ ვიცი, რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ღამით ამისთვის იქნება სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო საარჩევნო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საარჩევნო ოქმებში ამომრჩევლის ხმების ასახვა ევალება, დაიცვას კანონი.
არჩევნები დამთავრდა, ამ წუთიდან მთავრობა, ხელისუფლება აღარ არიან პოლიტიკური მხარე და მათ უნდა უზრუნველყონ ამომრჩეველთა ხმების ობიექტური და ადეკვატური დათვლა. ეს არის მათი ამოცანა. რა მძიმე შედეგიც მიიღეს არის იმ უგუნური პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ვაფრთხილებდით, რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანდა. საფრთხობელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც იქნებოდა და თავის საცეცებს გამოაჩენდა. დღეს ელექტორატმა პროტესტი სწორედ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა და ეს გაკვეთილი უნდა გაიზიაროს ყველამ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.