„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქო პროექტმა“ ჩაატარა. შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის. „ფსიქო პროექტმა“ ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩაატარა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.
ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი: 52.3%;
გრიგოლ ვაშაძე: 28.1%;
დავით ბაქარაძე: 9.2%;
ზურაბ ჯაფარიძე: 3.3%;
შალვა ნათელაშვილი - 3.1%;
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, თუმცა, ელოდება ცესკოს შედეგებს.
„ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს ღამით, გვიან, როცა იქნება პირველადი შედეგები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედგებს, ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე, მეორე ადგილზე გავიდა სალომე ზურაბიშვილი, მესამე ადგილი დავით ბაქრაძემ დაიკავა. გარდა ამისა, ეგზიტპოლის შედეგით იქნება მეორე ტური:
გრიგოლ ვაშაძე: 37 %;
სალომე ზურაბიშვილი: 34 %;
დავით ბაქრაძე: 10%.
დამარცხება აღიარა დავით ბაქრაძემ. „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
„თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–სა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი – 40–40 %–იანი მხარდაჭერა მიიღეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება:
გრიგოლ ვაშაძე – 40%;
სალომე ზურაბიშვილი – 40%;
დავით ბაქრაძე – 10%;
შალვა ნათელაშვილი – 3%;
დავით უსუფაშვილი – 2%;
ზურაბ ჯაფარიძე – 2%.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მოუგო. ვაშაძე მეორე ტურის მოლოდინშია.
„მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.