საპრეზიდენტო არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მმართველი გუნდი ავრცელებს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ოპოზიცია დღის ბოლოს გეგმავს გარკვეული უბნების დარბევას. მმართველი გუნდი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ყველას, ვისაც საარჩევნო პროცესში დაძაბულობის შეტანის განზრახვა აქვს, მათ მიმართ კანონი სრული სიმკაცრით იქნება გამოყენებული, იქნება ეს უბნის ჩაშლის, თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა.
მმართველი გუნდი იმ კონკრეტული უბნების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს დარბევა, ესენია – ბოლნისის 27–ე, მე–40, 43–ე და 54–ე უბნები. უმრავლესობა მოუწოდებს დამკვირვებელ ორგანიზაციებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ დასახელებულ ოლქებს. როგორც უმარავლესობაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მედიის მეშვეობით მოვლენების მოდელირებას ცდილობს – ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნების გაყალბების ილუზია შექმნან.
პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.
„ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ე.წ. კარუსელს ატრიალებს და ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს, სახელისუფლებო კანდიდატი მაინც მარცხდება.
„ქვეყნის მასშტაბით ივანიშვილის ფული შრიალებს. ამიტომ ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, ყველანი გავდივართ ყველა უბანზე ხმების დასაცავად. ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მთავარია, ახლა არ გავაყალბებინოთ საარჩევნო უბნებზე, არ გადავაწერინოთ პროცენტები და ციფრები. მოგიწოდებთ ყველას, 20:00 საათამდე, ვიდრე დაიხურება უბნები, მივიდეთ ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მასობრივად მოხდა ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც. პარტიაში ამბობენ, რომ მათ აქვთ დოკუმენტური მასალა იმ რვეულების, ჟურნალების, სიების, რომელსაც ართმევენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე და სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები. შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი გადაამოწმა შს სამინისტრომ, თუმცა გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა, ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.
რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.
„7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.
ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი და „ქართული ოცნების“ ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.