1–ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოსავალი 4 145 207 ლარი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ – 1 360 023 ლარი, დავით ბაქრაძემ კი 864 046 ლარი. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის შულედურ ანგარიშში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს, საუბარია იმ მიგნებებზე, რომელიც ორგანიზაციამ 2018 წლის 1– ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესწავლისას გამოკვეთა.
კვლევის შედეგბს არ აღიარებს მმართველი გუნდი. პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკა გიგაური არ ჩერდება, რადგან ყოფილ ხელისუფლებებთან გარკვეული ვალდებულებები ექნება.
„ვერაფრით ჩერდება, არ აჩერებენ, იქ თუ იყო რაღაც ვალდებულებები აქვთ. თავის სამეგობროს აკუმულირებას უკეთებს და ხშირად გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენელი მიანიშნებს არაკორექტურ განცხადებაზე, ამბობენ, რომ თავდასხმა ხდება სამოქალაქო სექტორზეო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადება გააკეთა უშიშროების საკითხებში აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, რომლის განცხადებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ქვეყნის ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება.
„არ ვაპირებ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩავერთო რაიმე ფორმით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. მოგეხსენებათ, ნოემბერში აშშ–შიც არჩევნები გაიმართება და, სიმართლე გითხრათ, აშშ–ს კამპანიაშიც კი შეზღუდული მაქვს მონაწილეობა. საქართველოში დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ამერიკელებიც.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საქართველოს ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობაც იმისათვის, რომ საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობა იყოს“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდი დარწმუნებით აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ისინიც, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია – „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა.
„ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან. მმართველი პარტია იღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ დესტრუქტიული პოლიტიკური ძალები „რეანიმაციას“ ვერ შეძლებენ. ჩვენ არავის, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველს მოუწოდებს 28 ოქტომბერს წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით.
„28 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს. წერტილი დავუსვათ იმას, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით. წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ თურმე დღევანდელი ჭაობის და უძრაობის ალტერნატივა არის მხოლოდ არეულობა, ქაოსი და რევოლუცია. არ არის ასე! ჩვენ გვაქვს არჩევანი და მე ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს და ხალხს: აუცილებლად ამოვიყვანთ ქვეყანას ამ უძრაობიდან და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი არეულობის ყოვლეგვარი რევოლუციის ყოველგვარი შურისძიების გარეშე. ეს არის გზა წინ და სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ 28 ოქტომბრის არჩევნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გამარჯვებაში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძეს განმარტებით, ივანიშვილი აგონიაშია, შეშინებულია, იცის, რომ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში იმარჯვებს და ტოტალურ შეტევაზე გადავიდა.
„ძალიან შეშინებულია, იცის, რომ კვლევით გრიგოლ ვაშაძე ამ არჩევნებში იმარჯვებს და ის დღეს გადავიდა ტოტალურ შეტევაზე აბსოლუტურად ყველაზე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მისი თავდასხმა სამოქალაქო სექტორსა და მის კონკრეტულ წარმომადგენლებზე. ეს არის 2–3 კვირიანი თავდასხმების კასკადის გაგრძელება, რომელიც მოვისმინეთ.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი, „ქართული ოცნება“? – საკითხი მარტივია, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს, მას სურს, რომ არჩევნები გააყალბოს, ხოლო სამოქალაქო სექტორი და ა–ო, არჩევნების დღეს აკეთებენ პარალელურ დათვლას, ხოლო მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ კონკრეტულ დასკვნებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით ივანიშვილი ამზადებს თავის პლატფორმას, რათა არჩევნების დღეს გვითხრას, რომ ამ სამოქალაქო სექტორს არ უნდა ვენდოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.