თინა ხიდაშელი საქართველოში მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს. პრაღაში, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკაში გამართული დისკუსიის დროს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაყვანას პირველ ტურში პოსტრევოლუციური მღელვარება მოჰყვება, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში, ასეთი მღელვარება აბსოლუტურად გამორიცხულია.
მისივე თქმით, არსებობს მოვლენათა ბუნებრივი განვითარება, რასაც ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ შეაჩერებს დედამიწის ზურგზე. თვით სააკაშვილმაც ვერ შეძლო მოვლენათა შეჩერება და, ცხადია, ივანიშვილსაც ამის რესურსი არ აქვს.
„თუ ხელისუფლება პირველ ტურში გეგმავს ზურაბიშვილის გაყვანას, ეს ნიშნავს, რომ 2019 წელს გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, - მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომლის აზრითაც, ერთადერთი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, არის პირადად მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიში და გრიგოლ ვაშაძის მესიჯი, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იგი სააკაშვილს შეიწყალებს.
რამდენად არგუმენტირებულია თინა ხიდაშელის მესიჯი და ელის თუ არა საქართველოს მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარება?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ძალიან შორს წასულა ქალბატონი თინას ფიქრები“. For.ge-სთან საუბარში ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელს უკვე აქვს ერთ რევოლუციაში მონაწილეობის გამოცდილება და, როგორც ჩანს, მოთხოვნილება გაუჩნდა, მეორე რევოლუციაშიც მიიღოს მონაწილეობა, რათა აქედან რაღაც პოლიტიკური დივიდენდებით ისარგებლოს.
„არ ვიცი, რის საფუძველზე აკეთებს თინა ხიდაშელი ასეთ განცხადებას, მაგრამ, თუ ქალბატონი ხიდაშელი მოევლინება ქვეყანას რევოლუციის ლიდერად, არა მგონია, იმ რევოლუციას წარმატების შანსი ჰქონდეს. მთავარია, ხელისუფლებამ ფატალური შეცდომები არ დაუშვას და საზოგადოებაში არ გაჩნდეს იმის განცდა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მე მგონი, ხელისუფლებას ესმის, ეს მათთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. წინასწარ იმის თქმა, როგორ მოიქცევა ხელისუფლება და რას გააკეთებს, გამიჭირდება“,-აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, თინა ხიდაშელის ამ განცხადებით, საბოლოო ჯამში, კარგად გაირკვა, თუ რა იყო კოალიციის დაშლის მიზანი. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებს“ ასეთი განცხადებები ახასიათებთ, ისინი არიან ოპორტუნისტი „ნაცები“.
„ტყუილად კი არ ეძახიან თინა ხიდაშელს „ბოკერიას იუბკაში“. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ გვახსოვს ასეთი შეფასება, რადგან ზუსტად ისეთივე რადიკალია თინა ხიდაშელი, როგორც ბოკერია. როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა. ვარდების რევოლუცია და მისი შედეგებიც ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ. ეს უკვე მორჩა, დამთავრდა. ამაზე არც უნდა იფიქროს ადამიანმა, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს. თუ იფიქრებს, ამას სამართალი გასცემს პასუხს. ეს თავიდან ბოლომდე სისულელეა. დამიჯერეთ, არავითარი მღელვარება არ იქნება. არჩევანი მარტივია და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ძირითადი დაპირისპირება იქნება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. რასაკვირველია, იქ არის მცირე შანსი, მაგრამ ეს შანსი იმდენად უმნიშვნელოა, ყურადღების მიქცევაც არ ღირს, რომ ბაქრაძე იყოს მეორე ადგილზე“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არ გამორიცხა მეორე ტური. თუმცა მეორე ტურშიც იგივე არჩევანი იქნება გასაკეთებელი, რაც პირველ ტურში.
ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურშიც რეალური კანდიდატები იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. თუ პირველ ტურში არ დამთავრდება ეს წინააღმდეგობა, მაშინ მეორე ტურშიც ეს ორი კანდიდატი გადავა და მეორე ტურს აზრიც არ აქვს, რადგან იგივე არჩევანია გასაკეთებელი, რაც პირველ ტურში.
„საუბედუროდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ან სალომე, ან ვაშაძე. თუ ხმები გაიბნა პირველ ტურში, საბოლოოდ მაინც ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის ექნება არჩევანი გასაკეთებელი ქართველ ხალხს მეორე ტურში. ვინც მეორე ტურის იმედად არის დარჩენილი, ის ახლა წვალობს. იწვალონ, თუ ძალიან სურთ. რაც შეეხება რევოლუციურ რიტორიკასა და პოსტსაარჩევნო მღელვარებას, ეს იგივეა, რაც „რუსთავი 2“-დან მოდის“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი, რომლის აზრითაც, დავით უსუფაშვილმაც ვერ დამალა მკაცრი რიტორიკა და პირდაპირ დაიწყო საუბარი რიგგარეშე არჩევნების შესახებ.
ანალიტიკოსის აზრით, უსუფაშვილის მხრიდან ეს მოულოდნელი საოცრება იყო, რადგან უსუფაშვილი მაინც იურისტია და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების ერთადერთი საფუძველი შეიძლება არსებობდეს. ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობა კარგავს პარლამენტის ნდობას და პარლამენტი ვერ ახერხებს ახალი მთავრობის ფორმირებას. სხვანაირად პრეზიდენტს არავითარი შანსი არ აქვს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. მით უმეტეს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება ოპოზიციის მოთხოვნით.
და ბოლოს, დავით ზარდიაშვილს ეს ყველაფერი ახსენებს მზადებას რევოლუციური სცენარისთვის, რაც ძალიან საშიშია.