ახლახანს გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის პროგრამის ძირითადი პუნქტების მიხედვით, იკვეთება, რომ მისი პრიორიტეტია სტაბილურობის დაცვა, საზოგადოების დაცვა, ზრუნვა საქართველოს გაერთიანებისთვის. ამ კონკრეტული პუნქტის თანახმად, ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია, საზოგადოების გაერთიანებაში პირადი წვლილის შეტანა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან - საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ტოლერანტული საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფო ენის ხელმისაწვდომობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისთვის.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგი პრიორიტეტია ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში. ამას მოსდევს რეგიონების გაძლიერება, რაც ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასევე, ამახვილებს ყურადღებას კულტურაზე და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის გარანტი უნდა იყოს. ამასთან, ზურაბიშვილისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა და მათი ინიციატივების წახალისება. მის თვალსაწიერში, ასევე, მოხვდა ჯანდაცვა (რაც სხვა საკითხებთან ერთად ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვას გულისხმობს), დიასპორა (ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით კავშირის აღდგენა დიასპორასთან, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დაბრუნება საქართველოში). სალომე ზურაბიშვილის პროგრამაში ყურადღება ეთმობა მედიცინას (ამ მხრივ საქართველოს ისტორიული გამოცდილების განვითარებას) და ტურიზმს.
შესრულებადია თუ არა სალომე ზურაბიშვილის გეგმა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში რისი გაკეთება შეუძლია მას სტაბილურობის დაცვისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, ნატოში ინტეგრაციისთვის?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მხოლოდ ის, რომ დღის წესრიგში დააყენოს ზემოხსენებული საკითხები და შესთავაზოს მთავრობას, პარლამენტს, რათა ამ საკითხებზე იმსჯელონ. თვითონ, როგორც პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხების კონკრეტულად გადასაწყვეტად არავითარი ბერკეტები არ აქვს.
რაც შეეხება ზურაბიშვილის დაპირებას „საქართველო ევროპაში და ევროპა საქართველოში“, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს არის ერთგვარი გადმომღერება ცნობილი თეზისისა „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.
„დაახლოებით იგივე მიდგომაა. რაც უფრო მეტად ინტეგრირდება საქართველო ევროკავშირში და მეტად შემოვა ევროკავშირი საქართველოში, ეს ორმხრივ დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამაში არავითარი განსაკუთრებული მიგნება არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილის გარდა ამაზე ლაპარაკობს ყველა პოლიტიკოსი, ვისაც არ ეზარება. ცხადია, აქ იგულისხმებიან პროევროპულად განწყობილი პოლიტიკოსები. ასევე, ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციაზეც გამუდმებით ლაპარაკობენ ჩვენი პოლიტიკოსები და ესეც სალომე ზურაბიშვილის დიდი მიგნება არ არის“,-აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს წარდგენა, პირველ რიგში, საგარეო ასპარეზზე. თუმცა მარტო საგარეო ასპარეზზე წარდგენით იგი არ შემოიფარგლება და ქვეყნის შიგნითაც წარმართავს დიალოგს განსხვავებულ ინტერესებს შორის. მით უმეტეს, უამრავი თემაა, რაზეც ჩვენი საზოგადოება ვერ შეთანხმებულა.
„მაგალითად, ახლა ძალიან აქტუალურია ჭარბვალიანობის თემა. ერთი მხრივ, ცხადია, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ აქტორები, ანუ ეკონომიკური აგენტები, ბიზნესსექტორი იძახის, ჩვენ ამის დარეგულირება არ გვინდა, რადგან ეს ჩვენს ზრდას აყოვნებს. აქ დიალოგია საჭირო, რათა ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, არც ბიზნესი გავაფუჭოთ და იმ ადამიანებმაც იპოვონ გამოსავალი, რომლებიც დოლარიზაციის გამო შავ დღეში არიან. ინტერესების ადეკვატურად დანახვის უნარი აქვს ქალბატონ სალომეს, იგი იმით განსხვავდება პარტიებისგან, რომ ასეთ საკითხებს ყველა პარტია საკუთარი ინტერესების ჭრილში უყურებს. სალომემ კი ყველა მხარეს უნდა მოუსმინოს და მათ საერთო პოზიციამდე მისვლაში დაეხმაროს“,-აღნიშნა დავით ზარდიშვილმა და სალომე ზურაბიშვილის პროგრამიდან რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზეც გაამახვილა ყურადღება.
ანალიტიკოსის აზრით, მმართველობის სისტემის რეფორმას (ანუ დეცენტრალიზაციას) მცირე კონსტიტუციის მნიშვნელობა ექნება. ამ სტრატეგიაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და წლის ბოლომდე იქნება. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მართვის სისტემა იცვლება ქვეყანაში და თბილისიდან კი არ გადაწყდება საკითხები, რაც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, არამედ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ადგილზევე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„მცირე მთავრობის იდეაც ეგ არის, მარტო სამინისტროები კი არ უნდა შემცირდეს, არამედ მართვის ამოცანები გადანაწილდეს და თვითმმართველობების მხრებზე გადავიდეს. ქალბატონმა სალომემ ამას ხელი უნდა შეუწყოს. ამ ინტერესებს კი ზეპარტიული დანახვა სჭირდება. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საერთო ენა ვერ გვიპოვია, რაშიც სალომე ზურაბიშვილი უნდა დაგვეხმაროს. „რუსთავი 2“ და „ნაცები“ ცდილობენ, საერთო ენა კი არ ვიპოვოთ, არამედ დავერიოთ ერთმანეთს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.