დიპლომატიური კორპუსი და რეგიონის რწმუნებულები – ხელისუფლება საკადრო ცვლილებებს აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გელა დუმბაძემ, რომელსაც წესით როტაცია არ ეხებოდა. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ გუბერნატორების ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.
„იცით ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
რეგიონის რწმუნებულები, რომ თანამდებობას დაემშვიდობებიან, ამას ბახტაძის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომელსაც ამ დრომდე რეგიონის რწმუნებულებთან შეხვედრა არ გაუმართავს. ის იმყოფებოდა სამეგრელოში, მისი ვიზიტი გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. არაოფიციალური ინფომაციით, რწმუნებულების უმრავლესობამ განცხადება კუთვნილ შვებულებაზე უკვე დაწერეს.
გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, რომლის განცხადებით, გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში.
„ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც პირველ რიგში პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად ამის თაობაზე თქვენც გეცოდინებათ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცვლილების აუცილებობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების ფონზე, ბუნებრივია, რომ ცვლილებები იქნება როგორც რეგიონებში, ასევე საგარეო მიმართულებით.
„განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა ამის აუცილებლობა და განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია - კვირიკაშვილს საკამოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. როგორც ჩანს, ახალი პრემიერი ცდილობს როტაციით თავისი წარმოამდგენლების და უკვე იმ ადამიანების დანიშვნას ელჩად, ვისაც თავად ენდობა. რამდენად გამოუვა, ეს რთული სათქმელია“, – ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ რეგიონის რწმუნებულების და დიპლომატების ცვლილება, რაიმე გავლენას მოახდენს არჩევნების პროცესებზე.
„აქ მნიშვნელოვანია არა საკადრო ცვლილებები ხელისუფლების შიგნით, არამედ ის, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეჯერებას. თუ მრავლკანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა ნამდვილად არ ექნება. დიდი ალბათობით ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი არ თვლის, რომ საკადრო ცვლილებებს პრემიერი ახორციელებს. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლებას კვირიკაშვილის კადრებისგან ასუფთავებს, რაც მოსალოდენი პროცესი იყო.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამ გამოიწვია ის, რომ მან შეცვალა პრემიერიც და მის მიერ დანიშნული ყველა მაღალი თუ საშუალო რგოლის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს პროცესი გრძელდება და სულაც არ ვთვლი, რომ ბახტაძე იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ის პოლიტიკაში საერთოდ არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, ბახტაძე დროებით შემოიყვანა საჯარო სივრცეში, პოლიტიკურ თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროში.
ამის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ სახლში გაუშვა პრემიერ–მინისტრი და შემდეგ უკვე მისდევს ამ პროცესს, ასუფთავებს კვირიკაშვილის კადრებს. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ივანიშვლთან კონფლიქტის გამო წავედი, ეს უკვე ნიშნავს, ე.წ. დარჩენილი მხარე ცდილობს გაასუფთავოს ხელისუფლება მეორე მხარის მიერ დანიშნული პირებისგან, თუ მიღებული გადაწყვეტილებებისგან“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს დიპლომატიურ კორპუსთან მიმართებაში, რადგანაც დიპლომატიური სამსახური სპეციფიურია და გარდა ამისა, მას უყურებენ უცხოელი მეგობრები, სტარატეგიული პარტნიორები და ქვეყნები, რომელშიც გამწესებული არიან ქართველი ელჩები.
„დიპლომატია – ეს არის პოლიტიკური სამსახური. ასეთი უხეში გადაწყვეტილება, ელჩის ვადამდე გამოწვევის შესახებ, მერწმუნეთ, რონ სერიოზულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს, ან არსებულს გაამრავლებს. თუ როტიციის ვადა დაემთხვა, ასეთ შემთხვევაში პრობლემა არ არის, მაგრამ დუმბაძეს როტაციის ვადა არ აქვს გასული. ამიტომ, ცოტა ფრთხილი ვიქნებნებოდი.
ისედაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო რბილად რომ ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს საქართველოს სახელმწიფოს, არა ერთ რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ გაერთიანებას, თუ პოლიტიკოსს, არამედ სახელმწიფოს, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. მესმის პოლიტიკაა, მაგრამ არის რაღაცა, რაც ვიწროპარტიული პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს. ამიტომ, უნდა დაფიქრდნენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელსაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კითხვის ნიშნების გამრავლება შუძლია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.