ქუმსიშვილი და ალავიძე შესაძლოა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ

ქუმსიშვილი და ალავიძე შესაძლოა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ

„ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით“, – ეს განაცხადება ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ წავიდა გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან.

„მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ეს განცხადება შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. მით უმეტს,  მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ხელშეუხლებელი არავინ არ არის. ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მზად არის, ყველა მასალა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდს და დაწყებულ გამოძიებას ეხება, პროკურატურას გადაუგზავნოს. მინისტრი ამბობს, რომ სათანადო დეპარტამენტები გამოძიებას აწვდიან იმ ინფორმაციას, რომელსაც გამოძიება ითხოვს.

კითხვაზე, ამ მასალების საფუძველზე დაიბარებენ თუ არა ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაკითხვაზე, მინისტრი ქობულია ამბობს, რომ ხელშეუხებელი არავინ არის. არსებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი–ალავიძის დაკითხვის შემდეგ, გამოძიება მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვისთვის ემზადება.

პროკურატურა შესულია ეკონომიკის სამინისტროში და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულბებს და იმ საეჭვო ტენდერებს სწავლობს, რომელსაც ქუმსიშვილის ახლობლები იგებდნენ. გარდა ამისა, პროკურატურას ეკონომიკის სამინისტროდან გაცემულ თანხებს სწავლობს, მათ შორის მედიის მიმართულებით, რომელშიც ქუმსიშვილის ინტერესები იკვეთება.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ქუმსიშვილის სახელს უკავშირდება, ეს არის „ქართუ ბანკიდან“ აღებული სესხის გაცემა დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავისთვის, რომლის დაფარვა, ამავე ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა. მედიაში გავრცებელი ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთია მედია ჰოლდინგ „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთი მესაკუთრის, ირაკლი თევდორაშვილის საქმე.

როგორც ირკვევა, თევდორაშვილმა ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე უწყებიდან 700 ათას ლარამდე თანხა ეკონომიკის სამინისტროს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში „ქართუ ბანკიდან“ აიღო. ორი წლის განმავლობაში კი სესხის პროცენტს „ქართუ ბანკში“ ეკონომიკის სამინისტრო რიცხავდა.

პარალელურ რეჟიმში პროკურატურა ინფრასტრუქტურის და კერძოდ, ზურაბ ალავიძის საქმიანობას სწავლობს. საქმე ამ შემთხვევაში საეჭვო ტენდერებს ეხება. პროცესები რომ ქუმსიშვილი–ალავიძის სასარგებლოდ არ ვითარდება, ეს აშკარაა, რადგან დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს მთავარ პროკურატურაში ისევ ელოდებიან. როგორი იქნება პროკურატურის გადაწყვეტილება და რა სტატუსით დატოვებენ ყოფილი მინისტრები მთავარ საგამოძიებო უწყებას, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ყოფილი მინისტრები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ თუ საგამოძიებო ორგანოს ორი ყოფილი მინისტრის მიმართ გაუჩნდათ კითხვები, ისინი ამ კითხვებს დასვამენ. მისი თქმით, როდესაც საქმე ყოფილ თანამდებობის პირებს ეხებათ, ხდება პოლიტიკური სპეკულირება, რაც არ არის რთული.

„ეს ყველაფერი არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. როდესაც საქმე ეხება გამოძიებას და თუ იქ ჩართულნი არიან ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ძალიან ადვილია და ბუნებრივია სპეკულირება და მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა სპეკულირება ოპოზიციის მხრიდან.

ის, ვის დაუსვამენ კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები, ბუნებრივია, უნდა ჰკითხოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს. თუ საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან ჩარევა ზედამხედველობის კუთხით, ამას ბუნებრივია, გავაკეთებთ და თვალყურს მივადევნებთ. თუმცა, კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები სვამენ და ეს არის მათი პრეროგატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც ქუმსიშვილი–ალავიძის მინისტრობის პერიოდში თავად საუბრობდა კორუფციულ გარიგებებზე. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არის არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი, არამედ, თუ რომელიმე გუნდი ივანიშვილის კარზე ბრძოლას წააგებს, ამას შეიძლება მოჰყვეს წმენდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველ გუნდში პოლიტიკური ფიგურები პრაქტიკულად არ არსებობენ – არსებობს მხოლოდ ერთი ფიგურა და ყველაფერი მის განწყობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არის არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი, არამედ, თუ რომელიმე მინი გუნდი ბიძინა ივანიშვილის კარზე ბრძოლას წააგებს, ამას შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის წმენდები. ეს არის არანორმალური ვითარება“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაბარება სრულიად არ იყო მოულოდნელი. თუმცა, გოცირიძე ამბობს, რომ რაც ხდება, არის პოლიტიკური შურისძიება კვირიკაშვილის წინააღმდეგ.

„ამ ექვსი წლის განმავლობაში იმდენი კორუფციული ფაქტები იყო და არასდროს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. საკმარისი იყო გიორგი კვირიკაშვილს კარი გაეჯახუნებინა და ბიძინა ივანიშვილმა ოდნავი თუ ოდნავ მეტი ურჩობა არ აპატია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის ბუდე იყო. გვახსოვს ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ აღნიშნულ სამინისტროში კორუფციის დასამარცხებლად მივიდა, თუმცა გახდა მინისტრი და უწყებაში კორუფციის ჭაჭანებაც არ აღმოუჩენია.

ეს მაშინ, როცა 25–მილიონი ევრო, რომელიც იმ დროს დაახლოებით 55–მილიონი ლარი იყო, ერთ დღეში გაქრა, როცა გზის მშენებლობისთვის უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ გადაურიცხეს და ეს კომპანია აორთქლდა. სისტემაში უამრავი კორუფციული ფაქტები არსებობდა და ახლა გაახსენდათ თურმე“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი პოლიტიკოსებს და მით უმეტეს ყოფილ მინისტრებს შეეხებათ, იურისტის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი არის განსაკუთრებული.

„დაგროვდა არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და განსაკუთრებით საჯარო ფინანსების მართვის თუ სიკეთის გამოყენების კუთხით, ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ შესაბამისი ორგანოები სწავლობენ ამ საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვფიქრობ, გადაჭარბებულია შეფასება იმაზე, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ, ან რაიმე პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას. პროკურატურასთან მიმართებაში არის და დარჩება კითხვები მისი პოლიტიკურად ნეიტრალურობის კუთხით, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვიმსჯელოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. დაველოდოთ გამოძიებას“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

იურისტი არ გამორიცხავს, რომ შერყეული იმიჯის პირობებში, პროკურატურამ საქმე ისე გამოიძიოს, რომ რეალურად კითხვის ნიშნები მოიხსნას იმ საქმეებთან მიმართებაში, რაც ეკონომიკის სამინისტორში ხდებოდა.

„რა დოკუმენტებიც ეკონომიკის სამინისტრომ გახადა საჯარო, არაერთი კითხვის ნიშანია. სერიზოული კორუფციული სქემა იკვეთება და ბუნებრივია, რომ ეს არის ქუმსიშვილის პერიოდი. პირადად მე, რაზეც მივანიშნებდი, რაზეც არსებობდა კითხვის ნიშნები და კარგი იქნება თუკი ამასაც შეისწავლის გამოძიება, მხედველობაში მაქვს 750 ათასი დოლარი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გადაიხადა ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში და ამ დოკუმენტს დღემდე დღის სინათლე არ უნახავს.

მაშინ მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მან გააფორმა ხელშეკრულება, მაგრამ პრემიერად დაინიშნა. ქუმსიშვილს შეეძლო ენახა ეს დოკუმენტი, მაგრამ არა. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე პოლიტიკოსი არის პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, შესწავლის პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. მაგრამ თუკი პროკურატურა ჩაკეტილად წარმართავს ამ პროცესს, რა თქმა უნდა, როგორი დასკვნაც არ უნდა დადოს, მას გაუჭირდება მოხსნას პოლიტიკური კითხვის ნიშნები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.