ასაკი და გენდერი – ეს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისის მთავარი კრიტერიუმი იქნება. კანდიდატის შერჩევისას მისი ლოიალური დამოკიდებულება პარტიის მიმართ, განმსაზღვრელი კრიტერიუმი არ იქნება. საქართველოს კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც სახელმწიფო ეფუძნება.
მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, რომ ასეთი კანდიდატი ვერ იქნება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალურია და გუნდს ასეთი პრეზიდენტის გამეორების სურვილი არ აქვს.
ჯერჯერობით მმართველ გუნდში კანდიდატზე საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, თუმცა რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა. მათ შორის არის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. რაც შეეხება პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილს, მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არჩევნებში მონაწილეობს ვერ მიიღებს, ისევე როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
პარლამენტის ვიცე–სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატი არ ეყოლებათ. როგორც დეპუტატი ამბობს, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა მმართველი პოლიტიკური ძალის. მისი თქმით, ჯერ გუნდში ამაზე არ ჩამოყალიბებულან და ეს მისი პირადი პოზიციაა.
„ქართული ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. მისი თქმით, ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა, არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ქვეყანაში განვითარების პროცესი, კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.
„სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დასახელებულ კანდიდატებს შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კობახიძე აცხადებს, რომ ცქიტიშვილის კანდიდატურა გუნდში დასახელდა.
„იყო არაერთი კანდიდატი დასახელებულ, ერთ–ერთი იყო მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვინ იქნება „ქართულ ოცნების“ რჩეული, ამის შესახებ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე გააკეთებს, რომელიც სავარაუდოა, რომ ამჯერად ფსონს მაია ცქიტიშვილზე დადებს. მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ გუნდში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდება საჯაროდ ცნობილი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა.
სანამ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობს, ანალიტიკოსები „ქართული ოცნების“ დნობად რეიტინგზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ამ ფონზე მმართველი გუნდის კანდიდატს გაუჭირდება არჩევნების მოგება. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხის ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ ექნება. შესაბამისად, როგორც საყვარელიძე აცხადებს, დიდია შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საერთოდ არ მოვიდეს არჩევნებზე.
„გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნების წინ რა იყო „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლოგიკა – თუ ჩვენ წავაგებთ, მოიგებენ ნაციონალები, დააკომპლექტებენ ხელისუფლებას და ფაქტიურად ხელისუფლებაში იქნებიან ნაციონალები. ეს მითი იმიტომ გავრცელდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი წასულიყო არჩევნებზე და ხმა მიეცა „ოცნების“ სასარებლოდ, რადგან ბევრი ადამიანი უარს ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ახლა, პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელიც გნებათ ნაციონალი ყოფილა, გინებავთ მეოცნებე, ევროპელი, ან თუნდაც პატრიოტი, ხალხის ცხოვრებაზე ამას არანაირი გავლენა არ ექნება. ეს ამომრჩეველმა კარგად იცის. ამიტომ, შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საერთოდ არ მოვიდეს არჩევნებზე, დიდია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მმართველ გუნდს განსაკუთრებით სჭირდება რეიტნგი და ასევე რეიტინგული კანდიდატი.
„ან ძალიან მოწონებულ კანდიდატს უნდა ირჩევდნენ, ასეთი დღევანდელ რეალობაში არავინ არ არის. ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი. „ნაციონალების“ ამომრჩეველი ისედაც მივა არჩევნებზე იმ ინტერესით, რომ თქვას – ფრონტის ამ მონაკვეთზე დავამარცხეთ ივანიშვილიო. ამის სათქმელად ბევრ რამეს გააკეთებს ნაციონალების ამომრჩეველი, მაგრამ ასეთი მძფარი მოტივაცია ოცნების ამომრჩეველს არ აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
გენდერული ნიშნით კანდიდატის შერჩევის იდეას არ იზიარებს ექსპერგი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, გენდერული ნიშნით შეიძლება ვილაპარაკოთ კოლექტიურ ორგანოში, რომ კვოტები იყოს დაცული, მაგრამ პრეზიდენტი ქვეყანაში არის ერთი, შესაბამისად, ხუხაშვილი თვლის, რომ ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი ლეგიტიმურობა ქარულ საზოგადოებაში.
„როდესაც გენდერული ნიშნით იწყებ ამაზე ფიქრს, ამით ქალებს აყენებ შეურაცხყოფას. ანუ, ამით ქალებს რას ეუბნება კობახიძე – თქვენ კი არ იმსახურებთ, მაგრამ გადმოგიგდებთ ამ ინსტიტუტსო. არა იმიტომ, რომ იმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ქალები ხართ. აი, ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი.
გენდერულ პრობლემატიკაზე ირაკლი კობახიძეს ძალიან მახინჯი წარმოდგენა აქვს. მით უმეტეს როდესაც ასაკზე იწყებს ლაპარაკს, ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ქალთან ლაპარაკი არ შეიძლება და ამ დროს ხაზს უსვამს, რომ ის უნდა იყოს ბებერი და უნდა იყოს ქალი. ანუ, წინასწარ შეურაცხყოფას აყენებს ინსტიტუსაც და ქალებსაც“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტის შეფასებით, ერთადერთი ძირითადი პრობლემა არის ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა და იმისათვის, რომ ამ ჩრდილოვან მმართველობაზე სპეკულაციები დამთავრდეს, სწორი იქნებოდა ივანიშვილის როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ხილვა.
„მისი რეალური სტატუსი ქართულ საზოგადოებაში არის ის, რომ არის სახელმწიფოს მეთური და ამის ფორმალიზება სახელმწიფოებრივად დაალაგებდა ყველაფერს. ახლა ძალიან სჭირდება ხალხის მანდატის დადასტურება, ქართულ საზოგადოებაში ახლა ისმევა კითხვები, რომ არ არის ლეგიტიმური, ხალხს ის არ უყვარს და ა.შ. შესაბამისად, საარჩევნო გზით მანდატის დადასტურება პოლიტიკურადაც ძალიან გააძლიერებდა და იმუნიტეტეს შესძენდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, ვფიქრობ, რომ ეს 6 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჯობია, რომ ეს 6 წელი გაატაროს კაბინეტში.
ვიცი, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა მისთვის, ისევე როგორც თავმჯდომარედ დაბრუნება. მას უყვარს ქვეყანა, შეიძლება არ ესმის სახელმწიფო საქართველოსი მთლად ისე, როგორც მე მიმაჩია ისე კარგად, მაგრამ რომ უყვარს ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ მისი მსხვერპლი იქნებოდა ყველაზე სწორი და არც მისთვისაც არ იქნებოდა ცუდი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.