„კუდიან დედაბერს ეძებენ? - სამარცხვინოა და გაუგებარი, ასე რომ ფიქრობდე, ხმამაღლა მაინც როგორ უნდა თქვა?!“

„კუდიან დედაბერს ეძებენ? - სამარცხვინოა და გაუგებარი, ასე რომ ფიქრობდე, ხმამაღლა მაინც როგორ უნდა თქვა?!“

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებია, ყველა პროგნოზით ის უკვე გამარჯვებულია. ამის მიუხედავად, მსჯელობა, ვის ერგება დაფნის გვირგვინი სახელისუფლებო გუნდში, აქტუალურია და ახალი სახელების ნაცვლად ახლა უკვე ის მახასიათებლები სახელდება, რომელიც უნდა ამკობდეს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, საუბარია გენდერულ ბალანსზე, პარტიულობაზე, ასაკზე და ა.შ. მოკლედ, მმართველი გუნდი „სავლეს“ პორტრეტის ხატვაშია გართული და საერთოდ არ ჩქარობს, თუმცა როდესაც ქართულ არჩევნებზეა ლაპარაკი, იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობს, რომ იქნებ, უცებ საიდანღაც „პიკასოს ბიჭი“ გამოხტეს. მოკლედ, პულსდაკარგულ ქართულ პოლიტიკას მართლაც სჭირდება „ლა მპრედუზო მედუზო“, მაგრამ ეს არც ერთი ხელისუფლების ინტერესში არ შედის.

რატომ ვერ შეჯერდა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატზე და როგორი წინასაარჩევნო სურათი იქმნება შემოდგომისთვის - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

როგორ ფიქრობთ, მმართველ გუნდში აზრთა რეალური სხვადასხვაობაა და ამიტომ გაიწელა პროცესი, თუ ელოდებიან ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი არ დასახელდება, რომ ამის მიხედვით შეირჩეს ხელისუფლების ფავორიტი?

- არ მგონია, საქმე ოპოზიციურ კანდიდატში იყოს. მოგეხსენებათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის სხვადასხვა დაჯგუფები და ყველას საკუთარი ფავორიტის გაყვანა სურს. ამის გარდა, არიან ამბიციური ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სთავაზობენ - ვერ მოხერხდა დაჯდომა და გადაწყვეტილების მიღება. რაკი არჩევნებამდე დრო არის, ხოლო სიტუაცია ისეთია, რომ სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომპრომისია მოსაძებნი და ბალანსია შესანარჩუნებელი, როგორც წესი, ბოლო მომენტამდე გრძელდება ხოლმე მსგავსი პროცესი. თანაც ბიძინა ივანიშვილს უყვარს პაუზის დაჭერა - ადამიანებს ბოლომდე აძლევს ორთქლის გამოშვების საშუალებას და აკვირდება სიტუაციას. შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ იღებს და ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ის უნდა იყოს ისეთი, რომელიც გუნდის ერთიანობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა თუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინაობას?

- არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. შეიძლება, გარკვეული ნიუანსებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგალითად ტემპეტამენტით და თავისტკივილის ხარისხით „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რაც შეეხება არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად სულერთია, რადგან მმართველ გუნდში არ მომხდარა იმ ტიპის ლიდერების ფორმირება, რომლებსაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და არსებულ რესურსს კიდევ თავის შენატანს შემატებენ. ამიტომ, ვინც უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან“ დასახელებული, ის აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც მოახერხებს ხელისუფლებო რესურსი. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი?!

ჩემი აზრით სახელმწიფოებრივად სწორი ერთადერთი გადაწყვეტილება არსებობს და ეს იქნებოდა სახელისუფლებო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელება და, თუ ეს არ მოხდება, მაშინ აბსოლუტურად სულერთია, ვის დაასახელებენ.

ბოლო კომენტარებიდან ცნობილი ხდება, რომ მნიშვნელობა ექნება გენდერულ თემას, ასაკს, პარტიულ კუთვნილებას და .. რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ნიუანსებს?

- საკითხის ასე დაყენება, რაც ვნახე კობახიძის გამოსვლისას, როდესაც ღიად გამოაცხადა, რომ გენდერული და ასაკობრივი საკითხი იქნება გათვალისწინებულიო, წარმოუდგენელია. რაც შეეხება გენდერულ საკითხს, ეს ქალების შეურაცხყოფაა - გენდერულ ბალანსზე შეიძლება ვისაუბროთ კოლექტიურ ორგანიზმში, რომ უნდა არსებობდეს კვოტა, დაცული იყოს ბალანსი და ა.შ. მაგალითად კომპანიებში. როდესაც ერთი ადამიანია ასარჩევი, აქ გენდერული თემის წამოწევა უადგილოა - ქალებს ეუბნებიან, თქვენ ამას კი არ იმსახურებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ პრეზიდენტის თანამდებობა თქვენ გადმოგიგდოთ - ამით ხდება ქალების შესაძლებლობების დაკნინება.

გარდა ამისა, როდესაც ასაკზე აკეთებ აქცენტს, თანაც მაშინ, როდესაც ქალის ასაკზე საჯაროდ მსჯელობა მიღებული არ არის საზოგადოებაში, რა ვიფიქროთ? კუდიან დედაბერს ეძებენ? სამარცხვინოა და გაუგებარი, ასე რომ ფიქრობდე, ხმამაღლა მაინც როგორ უნდა თქვა?

ეს იმასაც ხომ არ უსვამს ხაზს, რომ აბსოლუტურად სულერთია ვინ დასახელდება?..

- სწორედ ამას ვამბობ, რომ უპატივისმცემლობაა როგორც ინსტიტუტის, ასე ქალების მიმართ, რომ თითქოს ქალს უფრო ნაკლები შეუძლია ვიდრე კაცს და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ჭკვიანურს არც არაფერს ველოდებოდი, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციის პრობლემებს - ვნახეთ, რომ პრონაციონალურმა პარტიებმა თავისი კანდიდატი უკვე დაასახელეს. ამის გარდა, კახა კუკავამ შესთავაზა დანარჩენ ოპოზიციას პრაიმერის ჩატარება, თუმცა დავით უსუფაშვილისთვის საინტერესოა მარგველაშვილთან გაერთიანება. როგორ ფიქრობთ, ჩამოყალიბდება ისეთი კონფიგურაცია, რომ მმართველ გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს?

- რაც შეეხება „ნაცმოძრაობა 1“-ის და „ნაცმოძრაობა 2“-ის კანდიდატებს, ამ უკანასკნელში „ევროპულ საქართველოს“ ვგულისმობ - მათ აქვთ ილუზია, რომ სხვადასხვა პარტიები არიან, მაგრამ ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. მათი შესაძლებლობები ჯამურად, არის იგივე, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი მთლიანად, დაბალი აქტივობის და მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში - ეს არის დაახლოებით 20%. ეს პარტიები უფრო ერთმანეთს ებრძვიან ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატისთვის, ვიდრე პრეზიდენტობისთვის.

20% არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოგების შანსი გაგიჩნდეს. ის, რომ ისინი მოიზიდავენ ნეიტრალურ ელექტორატს, ილუზიაა. იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა და იმის მიუხედავად, რომ არჩევანის გარეშე დარჩენილი ელექტორატის უდიდეს ნაწილს სერიოზული პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან, ისინი არ არიან მზად, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეყრდნონ.

რაც შეეხება კუკავას შეთავაზებას, მაგავსი შეთავაზება ბევრი მინახავს, მაგრამ შესრულებული - არც ერთი. ასე რომ, როგორც ყოვეთვის, ჰაერში გამოეკიდება და ამიტომ, სერიოზულად არ განვიხილავ. თანაც გაუგებარია, რომელ პარტიებზეა ლაპარაკი, სად არიან ისინი? ურეიტინგო პარტიებზე როდესაც არის ლაპარაკი, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, 100 პარტიაც რომ გაერთიანდეს, შედეგი არ შეიცვლება.

როდესაც პარტიის ელექტორალური ბაზა 1%-ზე ნაკლებია, ასეთ პარტიებზე საერთოდ არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ასეთი პარტიის ლიდერი არჩევნებში რატომ უნდა მონაწილეობდეს, ესეც გაუგებარია, რადგან თეორიულადაც შეუძლებელია, რომ არჩევნებში რაღაცას მიაღწიოს.

უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი მართლაც საინტერესო იქნებოდა და ძალიან კარგია, როდესაც ასეთი შეხვედრები ხდება. რაც შეეხება საარჩევნო ალიანსს, მგონია, რომ დაგვიანებულია. არჩევნები გარკვეულ რესურსებთან და ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული და, თუ მარგველაშვილი არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, მას მუშაობა ბევრად ადრე უნდა დაეწყო და არა ფორსმაჟორულ ვითარებაში. ასეთ სიტუაციაში შექმნილი ალიანსი, სადაც ადრე თანამშრომლობა საერთოდ არ ყოფილა, ვერ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვარ დავადასტურო უსუფაშვილის მიმართ ჩემი პატივისცემა - ვფიქრობ, საწყენია დღეს რომ სახელმწიფოს ვერ ემსახურება. მით უმეტეს, რომ აქვს სახელმწიფო მოღვაწის კლასი - შეადარეთ თუნდაც მისი და დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარეობა - როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან.

თუმცა რამდენადაც ცნობილია, ის პარტიები, რომლებიც ამ ალიანსს ემხრობიან, მხარდჭერას უცხადებენ პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილს და არა უსუფაშვილს - ესეც საინტერესო გარიგებაა...

- ლაპარაკია არაკვალიფიციურ პარტიებზე, რომელთა მხარდაჭერა არაფერს არ მისცემს მარგველაშვილს. როდესაც პარტიებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ კვალიფიციურ პარტიებს უნდა განვიხილავდეთ, რომლებსაც 3%-ზე მეტი მხარდაჭერა მაინც გააჩნიათ. ერთპროცენტიან და ერთკაციან პარტიებს რაც შეეხება, ისინი ერთ ფუნქციას ასრულებენ - ზედაპირზე ტივტივებენ და პოლიტიკურ მოზაიკას აზიანებენ.

კვალიფიციურ პარტიებს რომ შეექმნათ ალიანსი, ექნებოდათ არსებული სიტუაციის შეცვლის შანსი?

- დღევანდელი მოცემულობით არც ერთ ოპოზიციურ პარტიას შანსი არ აქვს, რომ ხელისუფლებას მოუგოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კრიზისული მომენტები მხოლოდ ხელისუფლებაში კი არ არის, არამედ მთლიანად, პოლიტიკური ელიტაა გაკოტრებული, პოლიტიკური ელიტის კრიზისია, როგორც სახელისუფლებო, ასე ოპოზიციური. შესაბამისად, ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი - ცუდსა და უარესს შორის არის ასარჩევი, კარგ არჩევანს ვერ ხედავს. ნეგატიურ არჩევნებს კი მხოლოდ რესურსები იგებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის და რას შეპირდება - გადაიხადე და გადმოგიგდებ - დაახლოებით ამ ტიპის არჩევნები იქნება.

თუმცა, ვნახეთ თბილისის მერის არჩევნები, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა წაიღო ნეიტრალური ხმები. დაახლოებით მსგავსი კომბინაციის გათამაშების შემთხვევაში არის შანსი, რომ ეს წინასწარ დადგენილი ბალანსი დაირღვეს? ვგულისხმობ ნეიტრალური ხმების მობილიზებას ვინმეს სასარგებლოდ...

- ამ არჩევნებს ელისაშვილის მსგავსი კანდიდატი არ ჰყავს. რომ იყოს, მოიგებდა არჩევნებს. ამომრჩევლის უმრავლესობა ეძებს მესამე არჩევანს, რადგან არ მოსწონს არსებული არჩევანი. ხელისუფლებას პლუს „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამში დაახლოებით 40%-ია. დაახლოებით 50-60% ამომრჩევლისა არის ნეიტრალურ ზონაში. რომ ჩამოყალიბდეს მესამე ძალა, რომელიც შეძლებს ამ ელექტორატის კაპიტალიზაციას, ის იგებს არჩევნებს. ისე, როგორც ელისაშვილსაც ჰქონდა მოგების თეორიული შანსი, მაგრამ ვერ მოახერხა რეალიზება სხვადასხვა მიზეზების გამო. ცოტაც და მეორე ტურამდე მივიდოდა საქმე, მეორე ტურს კი ელისაშვილი მოიგებდა.

არსებული კონფიგურაციის გათვალისწინებით, ამ არჩევნებში მეორე ტურზე სავარაუდოდ არ იქნება ლაპარაკი?

- მეორე ტურამდე საქმე არ მივა, თუ მარგველაშვილი არ იყრის კენჭს. თუ მარგველაშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ის მოახერხებს ნეიტრალური ზონიდან 10-12% პროცენტის მობილიზებას და ამის ხარჯზე შესაძლოა, შეექმნას ხელისუფლებას იმის რისკი, რომ მეორე ტურში გადავიდეს ყველაფერი. თუ მარგველაშვილი კენჭს არ იყრის, პირველივე ტურში დასრულდება ყველაფერი.

რამდენად არის მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? კულუარებში ამაზეც ლაპარაკობენ...

- გამოვრიცხავ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ვერ დანიშნავს არჩევნებს და შემდეგ უკვე ისედაც გეგმიური არჩევნები მოდის... რიგგარეშე არჩევნები როდისღა უნდა ჩატარდეს?! - გაუგებარია რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ...