„დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“

„დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე გულახდილად საუბარს თვლის საჭიროდ, რასაც, არ არის გამორიცხული, არანაკლებ საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს - ამ ეტაპზე კი ივანიშვილი ღიად საუბრობს იმ თემებზე, რომელსაც კულუარებშიც კი არ გაუჟონავს.

როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პირველ არხზე საუბრისას განაცხადა, გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი არსებობდა და პროცესი დაწყებული იყო.

„რაც დავასახელე ყრილობაზე ჩემი გამოსვლის დროს, სამი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში შემობრუნების, გახლდათ ის, რომ გუნდში შეიმჩნეოდა, თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ყრილობაზე გამოსვლისას, ამაზე მსუბუქად მიანიშნა, თუმცა გუნდის დაშლის პროცესი პრაქტიკულად, დაწყებული იყო.

„პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზეც დამეტყო სიტყვაში, ძალიან ვღელავდი. დღესაც ბევრი მუშაობა მიწევს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამის აუცილებლობა იყო“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერმა ქართული ეკონომიკა მიმოიხილა - მისი თქმით, ვითარებას ართულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა - საქართველოს ეკონომიკა 10-ჯერ მცირეა ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე.

 საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მცირე ეკონომიკის, ასეთი ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები ევროპის, დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების შესადარია.

ამასთან, ქვეყანაში არსებულ ფონზე საუბრისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დემოკრატიის განვითარების სწრაფ ტემპს ვერ ეწევა.

„ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია, გაღრმავდა და გაიზარდა ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც პრობლემებზე თავისუფლად საუბრობს, საუბრობენ ისინიც, რომლებსაც არასდროს უსაუბრიათ.

„კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებში მოგვევლინებოდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის აზრით, ოპოზიცია ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული, და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან სწორად ოპონირებს, რეალურად, ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია.

მან სიძულვილის ენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ კრიტიკა არ არის – მათ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზებიც უნდა აჩვენონ.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხსაც შეეხო და იმ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილის, უკვე ყოფილი პრემიერ კვირიკაშვილის, მთავრობის მაშინდელი წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობით გაიმართა. პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების რღვევის პროცესის მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაასახელა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ შეეძლო მართვა.

„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება.

როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მით უმეტეს პარლამენტის. ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის ამ მეთოდის გამო, გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა იმ კითხვასაც გასცა პასუხი, რაც არაერთხელ დაისვა კვირიკაშვილის გაგადომის შემდეგ - თუ დაფიქსირდა, ეკონომიკურ ზრდა, რა იყო კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი? - ივანიშვილის განცხადებით, 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად.

„პირველ ეტაპზე, მე ამაში ჩავერიე, რადგან ეს მიუღებელი და შეუძლებელი იყო. უნდოდათ, ბიუჯეტი, მოგების გადასახადის ნაცვლად, დღგ-თი შეევსოთ. კვირიკაშვილს მოგების გადასახადიდან ბანკების გათავისუფლებაც პრინციპულად სურდა, რაც დაანგრევდა კიდეც ბიუჯეტს იმ ფორმით, რაც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის დასასრულს კარგად დაინახა გიორგი კვირიკაშვილმა და მთელმა გუნდმა რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა.

საქართველოს ექსპრემიერი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ბალანსსაც შეეხო და განაცხადა, რომ იყო შემთხვევები როდესაც ეს ბალანსი ირღვეოდა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესის – ეს აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან... მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული - სახელმწიფო ინტერესების დაცვა - ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს.

„შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, ალბათ, სამი საათი გაგრძელდა. კვირიკაშვილი შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას, მაგრამ დასასრულს მანაც და მთელმა გუნდმა დაინახა, რომ აღარ ჰქონდა მართვის რესურსი, ნდობა და სწორედ ეს გახლდათ გადადგომის მიზეზი და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური - როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას ჭარბვალიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, პირადად გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა, რომელიც გუნდთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიმართ დაისვა, იყო ინფორმაციის დაფარვა.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, თურმე, ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი მალავდნენ სავალუტო ფონდის კვლევას.

„ამის შემდეგ მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება. კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამიმალეს სავალუტო ფონდის კვლევა. ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოვაქვეყნეო. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა გუნდთან შეხვედრაზე. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, - განაცხადა ივანიშვილმა

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის დასმულ კითხვას კვირიკაშვილის გუნდის მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ, ივანიშვილის აზრით ის პასუხს არ იმსახურებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრები პროკურატურაში იკითხებიან და ეს ნორმალურია.

„პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. იმას, რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს, ასეთ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა. შესაბამისად, ეს კაცი ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პრაქტიკულად, ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც აქტუალურია მედიაში - მისი განცხადებით, საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს ის აკეთებს და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. ივანიშვილის თქმით, საზოგადოებაში მას აწერენ იმაზე გაცილებით მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ეს არის სინამდვილეში.

ყოფილმა პრემიერმა ასევე ისაუბრა ახლადარჩეულ მინისტრთა კაბინეტის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, იგი პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებების მიღებაში არ ერევა. ახლადარჩეული მინისტრებიდან კი მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას იცნობს. რაც შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, მათ არ იცნობს, თუმცა, მომავალში მათი გაცნობის იმედი აქვს.

ყოფილმა პრემიერმა ახალი ინიციატივის შესახებაც დააანონსა, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, წლის ბოლომდე როგორმე ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს ხანში გახდება.

„კვირკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა ანუ ხალხის ამ ნაწილზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ, გვინდა წლის ბოლომდე და ძალიან ბევრს ვაკეთებთ, მთავრობა თვითონ მამუკა ბახტაძის მეთაურობით რამდენიმე ვარიანტს და ვარიაციას იხილავს. მეც ძალიან ვაქტიურობ იმაში, რომ როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვრიდან გამოვიყვანოთ და უარესი ფორმა უკეთესობისკენ შევცვალოთ. გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, ეს გვაქვს სამიზნედ. მე ვფიქრობ მოვახერხებთ ამას და უფრო დაწვრილებით საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერი შეეხო ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეს და როგორც მან აღნიშნა, ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო – ძალიან მძაფრი და სენსიტიური, რომელსაც პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა.

„მხედველობაში მაქვს შოთაძის გადადგომა. ჯერ არავის დაუმტკიცებია და არ ჩანს მტკიცებულებები, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, არ გააკეთა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც მე პიროვნულს გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. თუ გახსოვთ, მიტინგები ამ ფონზე როგორ ვითარდებოდა, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასაც შეეხო და განაცხადა, რომ კომისიას ოპოზიცია მართავს და ეს მმართველი გუნდის ხელწერაა.

მოკლედ, მმართველი პარტიის ლიდერი ყველა იმ თემას შეეხო, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის აქტუალურია - უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის გახსნად, ძნელი სათქმელია, რადგან მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა როგორც ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, გაიმარჯვებს ის, ვისაც ხელისუფლება დაასახელებს.

კიდევ ერთი ნიუანსი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას ახლოს არ გაკარებია, მისი გულახდილი საუბრიდან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის შემობრუნებას სწორედ მმართველი პარტიის ლიდერი იღებს საკუთარ თავზე. კარგია ეს თუ ცუდი, ძნელი სათქმელია, მეორე მხრივ აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ასეთ დახმარებას საჭიროებს. დადებით მომენტად შეიძლება ჩავთვალოთ ისიც, რომ ხალხის პირისპირ გამოჩნდა ადამიანი, ვისაც ის პასუხისმგებლად მიიჩნევს შექმნილ სიტუაციაზე, თუმცა რა იქნება ივანიშვილის შემდეგი სვლა და რა გახდა მისი გულახდილობის რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოჩნდება.