ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ემზადება და 27 ივლისს NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებსაც გამოაქვეყნებს, თუმცა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას არ ჩქარობს.
საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ 2018 წელს აირჩევს. მომავალი პრეზიდენტი ქვეყანას 6 წლის ვადით ჩაუდგება სათავეში. ხოლო უკვე მომდევნო არჩევნები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არაპირდაპირი წესით ჩატარდება. თავადაპირველი ვერსიით, 2024 წელს პრეზიდენტი ხალხის ნაცვლად პარლამენტს უნდა აერჩია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს 300 წევრისგან შედგენილი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდი იმსჯელებს, პარტიული სახე უნდა იყოს კანდიდატი თუ - არა.
„პოლიტსაბჭოს ფორმატში და უმრავლესობის ფორმატში განვიხილავთ ამ საკითხს და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რადგან არის რამდენიმე კანდიდატი განხილვის პროცესში, შესაბამისად, ბუნებრივია არის სხვადასხვა მოსაზრებები, რაც ნორმალურია“, - აღნიშნა კობახიძემ.
რატომ ვერ თანხმდება გუნდი, გამოცანად რჩება, არსებობს მოსაზრება, რომ ყველა სახელისუფლებო ჯგუფი საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობს და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.
კანდიდატები სახელისუფლებო წრეებიდან ირჩევიან თუ გარეშე კანდიდატს შემოგვთავაზებენ, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ესეც კონცეპტუალური საკითხია და კვლავ მსჯელობენ პარტიის სახე უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არა.
მისივე თქმით, არის მსჯელობა იმაზეც, პარტიული სახე უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი და ცალკე მსჯელობის საგანია ის, ცნობადი სახე უნდა იყოს თუ არაცნობადი.
ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას იხილავენ.
როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა: „ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ არის. საინტერესო, ღირსეული კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების, საზოგადოების მხარდაჭერის შესაძლებლობა. უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო, განიხილება ეს საკითხი და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი“.
კითხვაზე, მათი კანდიდატის ვინაობა თუ არის დამოკიდებული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებზე, კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელება არანაირად არ იქნება დამოკიდებული ამაზე.
„ჩვენ კანდიდატურას წარმოვადგენთ, როგორც არის ეს კანონით გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რაც უფრი ცნობადია კანდიდატი, მით უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის. შესაბამისად, ბუნებრივია პრიორიტეტი ცნობადობას მიენიჭება, თუმცა აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატებად დასახელდა რამდენიმე სახელისუფლებო სახე, როგორიცაა თეა წულუკიანი, კახა კახიშვილი, თამარ ჩუგოშვილი და ა.შ. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ან ასეთი შეთავაზება არ ყოფილა, ან მოლაპარაკება არ შედგა. ასევე დასახელდნენ არაპარტიული სახეები, ითქვა, რომ ხელისუფლება არჩევანს დავით ბაქრაძესა და ლადო ჭანტურიას შორის გააკეთებდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ლადო ჭანტურია „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე არ დათანხმდა.