10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ასე გამოიყურება პრემიერ–მინისტრის მცირე მთავრობა. მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ გვჭირდება ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. სულ რამდენიმე კვირის წინ პრემიერი ამბობდა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობდა მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას.
„არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა მიმართულებებით დაიხარჯება“, – აცხადებდა მამუკა ბახტაძე.
პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ ბახტაძის მცირე ზომის მთავრობის კონცეფციას მხარი დაუჭირა და შესაბამისად, საქართველოს 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი ჰყავს. თუმცა, ამ პროცესში ერთი საინტერესო დეტალია, მაგალითად განათლების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მცირე ზომის მთავრობის კონცეფციის ფონზე მოვიდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გადაწყვიტა, რომ მას უნდა ჰყავდეს 7 მოადგილე.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა რეორგანიზაციის გამოცხადებისთანავე შემცირდა, უახლოეს მომავალში კი, სამინისტრო ახალი სტრუქტურით იმუშავებს. მინისტრი ამბობს, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მისი მისვლისთანავე გამოცხადდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.
„კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო - ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ ეტაპზე დარჩა შვიდი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი – სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტური მართვის საშუალებას მოგვცემს“, – ასე ახსნა მიხეილ ბატიაშვილმა 7 მოადგილის დანიშვნის აუცილებლობა.
ამ ეტაპზე, ერთადერთი არის განათლების სამინისტრო, რომელიც 7 მოადგილით არის წარმოდგენილი. თუმცა, ამაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, მოადგილეები მთავრობის წევრები არ არიან და არავითარი ბიუროკრატულ ხარჯები არ იზრდება.
„სამი სამინისტროს გაერთიანება მოხდა. სამი მინისტრი, პლუს 3–3 მოადგილე, ჯამში გამოდის უფრო მეტი, ვიდრე ერთი სამინისტრო და 7 მოადგილე. ბახტაძეს არ უთქვამს, რომ ვაპირებ შემცირებებს, მან თქვა, რომ ზღავრი დაედება ადმინისტრაციულ ხარჯებს და მთავრობა გახდება კომპაქტური.
როდესაც ძალიან ბევრი ფუნქცია თავს იყრის ერთ სამინისტროში, თან ეს არ არის ისეთი ფუნქციები, რომელიც ერთმანეთს გადაფარავს, განათლება, კულტურა, მეცინიერება და სპორტი, ეს კიდევ სხვა რამეა. იქ არის ძეგლთა დაცვა და უამრავი რამ. თითო სფეროს თავისი კურატორი უნდა ჰყავდეს.
პასუხისმგებელი პირი, რომელიც კონკრეტულ სფეროზე აგებს პასუხს. არა მგონია, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვქონდეს საქმე და მით უმეტეს, რომ მოადგილეების რაოდენობის გაზრდა პირდაპირ კავშირში არ არის ბიუროკრატული ხარჯების გაზრდასთან“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მცირე ზომის მთავრობის კონცეფციას განსხვავებულად უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, როგორც წესი, მცირე მთავრობის ხსენება მიმზიდველია პიარის თვალსაზრისით საზოგადოებისთვის. მცირე მთავრობის მომხრე თავადაც არის, მაგრამ ეს არ გულისხმობს სამინისტროების მექანიკურ შერწყმას და შემდეგ, მინისტრების შემცირების ხარჯზე მოადგილეების რაოდენობის ზრდას, რასაც, მისი თქმით, არანაირი ეფექტი არ მოაქვს.
„მცირე მთავრობა სრულიად სხვა კონცეფციაა და არა მექანიკური შემცირება, ან გაზრდა. ვიცოდი, რომ წარმოდგენილი მცირე მთავრობის კონცეფცია არ მოიტანდა შედეგს და არ მოიტანს. მცირე მთავრობა ნიშნავს, რომ გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ცენტრიდან რეგიონებში, მთავრობის სტრუქტურებიდან კერძო სექტორში და ა.შ. როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს სოციალურ პროექტს, როდესაც კულტურის სამინისტრო თეატრს და კინოს აფინანსებს და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელ მცირე მთავრობაზეა ლაპარაკი?!
მცირე მთავრობაზე გადასვლას სჭირდება დიდი დრო, საზოგადოებაში და მოსახლეობაში გარკვეული ეკონომიური დონე. როდესაც გადადიხარ მცირე მთავრობაზე, ასე მარტივი არ არის ეს პროცესი. გარდა ამისა, საკითხავია, ვართ კი ჩვენ მზად იმისთვის, რომ მცირე მთავრობა გვყავდეს, თუ ამისთვის დრო არის საჭირო? ყოველივე ამ ანალიზის გარეშე ითქვა, რომ გვყავს მცირე მთავრობა. რეალურად კი, არაფერი არ იცვლება“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.