საპარლამენტო უმრავლესობა იშლება. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ, მმართველი გუნდი ახლა მისი უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს. პარტიის სახელით გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
ამ ეტაპზე დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიზარებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს მისი გადასაწყვეტია.
„უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს.
ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება. თვეების განმავლობაში, ამ ყველაფერს წინ კოლეგების მიმართ შეურაცხმოფელი განცხადებები უსწრებდა. დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წავლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა არ აქვს. პარტიიდან გარიცხული ჭიჭინაძე ახალი პარტიის შექმნას აანონსებს და აცხადებს, რომ მალე მის გვერდით სხვა დეპუტატებიც აღმოჩნდებიან. for.ge–ს ინფორმაციით მმართველ უმრავლესობას ის ნაწილი ტოვებს, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უჭერს მხარს.
არაერთგზის ბოდიშის მოდხის მიუხედავად, უმრავლესობიდან მიდის გედევან ფოფხაძე. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობას ალექსანდრე ერქვანიაც ტოვებს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, არაოფიციალურად კი, უმრავლესობის დაშლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, დაშლის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყება.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ჭიჭინაძის ბოლო დროინდელი განცხადებები არათავსებადი იყო პარტიასთან იმ პერიოდიდან, როდესაც კონფლიქტი დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარესთან.
„ამ კონფლიქტმა ისეთი სახე მიიღო, რომ ზღვარს გადავიდა და შეუძლებელი იყო მისი პარტიაში დატოვება. რამდენადაც ვიცი, ჭიჭინაძის პარტიიდან გაშვების მოტივი იყო რიგგარეშე არჩევნების დაჟინებული მოთხოვნა. როდესაც რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გაქვს, ვიდრე პარტიაში არსებობს, ბუნებრივია, რომ ვერ იქნები პარტიის წევრი. არა მგონია, რომ სერიოზული განხეთქილება მივიღოთ და ჭიჭინაძეს ბევრი მომხრეები ჰყავდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ არ ჰყავს და თუ ჰყავს, მაშინ დროზე უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის მიერ პარტიიდან გასვლას, ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ფოფხაძეს იმპულსური ქცევა ახასიათებს, შესაბამისად, მის განსჯაში არ შევა.
„ეს მისი საქმეა და მან თვითონ უნდა გასცეს პასუხი, რატომ თქვა და რატომ მოიხადა ბოდიში. უბრალოდ ფოფხაძეს იმპულსურად იქცევა ხოლმე, ემოციის ფონზე რაღაცა განცხადებებს აკეთებს და მერე უწევს უკან დახევა და ეს კარგი თვისება არ არის. პოლიტიკური პროცესისთვის არსებითია, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდა ადამიანი რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები გააჩნია, ამიტომ შეუთავსებელი გახდა მისი პარტიაში ყოფნა და გარიცხეს. ასე რომ, არ ველოდები პარტიის დაშლას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ რომ პრობლემები არსებობდა, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ამის დასტური იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ საკამოდ არასწორი პოზიცია დაიკავა, როდესაც პრემიერ–მინისტრის ნაცვლად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა. ძაბირაძე დარწმუნებილია, რომ პრემიერის პოზიციიდან ივანიშვილს შეეძლო დაერეგულირებინა როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ისე პარტიული სტრუქტურებიც. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მმართველი გუნდი დაიშლება.
„არ გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და მის აღმასრულებელ ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. იმიტომ, რომ 76 დეპუტატი დარჩებათ, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტონ. საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ არც სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლსობა. შესაბამისად, ახალი პარტიის შექმნა, ზოგადად, პოლიტიკურ კრიზისს ვერ გამოიწვევს. პარტია დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაიშლება, მაგრამ ეს არ მოგვცემს არაფერს, რადგან „ოცნებას“ უმრავლესობა ექნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.