„საქართველოში საპრეზიდენტო ლიდერები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული განზომილება აქვთ, არ არსებობენ“

„საქართველოში საპრეზიდენტო ლიდერები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული განზომილება აქვთ, არ არსებობენ“

არსებობენ თუ არა საქართველოში საპრეზიდენტო ლიდერები და რას მოიტანს გიორგი მარგველაშვილის ხელახალი შემოსვლა საპრეზიდენტო მარათონში?

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის გიორგი მარგველაშვილმა ერთკვირიანი ვადა ითხოვა და მანამდე არაფრით გამოააშკარავა თავისი გადაწყვეტილება. ამ თავშეკავების მიზეზი კი ის ყოფილა, რომ, თუკი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატობას ისურვებდა, მაშინ „ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატურას წარადგენდა, ხოლო, თუ მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე უარს იტყოდა, მაშინ „ოცნება“ სუსტ კანდიდატს დაასახელებდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად ხედავს მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი.

გვყავს თუ არა საპრეზიდენტო ლიდერები და რას მოიტანს გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტოდ საკუთარი კანდიდატურის დასახელება?!

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში საპრეზიდენტო ლიდერები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული განზომილება აქვთ, არ არსებობენ. შესაბამისად, ყველა კანდიდატი ჩამოკიდებულია პარტიის ფაქტორზე, პარტიულ რესურსებზე. ეს ეხება როგორც „ნაცმოძრაობის“ ორივე ნამსხვრევს, ისე „ქართულ ოცნებას“.

„ბოკერიას პარტიას ცალკე არ აღვიქვამ, რაღაც სახელი კი დაარქვეს, მაგრამ ისიც ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ ორივე ნამსხვრევის ჯამური რესურსი ძალზე შეზღუდულია. ეს ჩაკეტილი სისტემაა, ფაქტობრივად, მათ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი გაიყვეს და იქ ტრიალებენ. ანუ ელექტორალური განვითარების საშუალება არ აქვთ. მეორე მხრივ, ხელისუფლების საქმეც არ არის კარგად, რადგან იქაც სკეპტიციზმის დონე მაღალია.

ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დარჩენილი. როდესაც არჩევანის გარეშე რჩება ამომრჩევლის უდიდესი რაოდენობა, ამას მე ვუწოდებ ე.წ. ნეგატიურ არჩევნებს, რაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანია. ამ დროს ამომრჩეველი, როგორც წესი, ან არ მიდის არჩევნებზე, ან მზად არის, ერთჯერადად გაიყიდოს რაღაცაზე, მაგალითად, „გზა დამიგე“, „გაზი შემომიყვანე“, „სკვერი გამიკეთე“... ამომრჩეველს არავის იმედი არ აქვს და მზად არის, ერთჯერადი სარგებლის მიღების მიზნით ვიღაცას ხმა გადაუგდოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი, რომლის პროგნოზითაც, სწორედ ასეთი ტიპის საპრეზიდენტო არჩევნები გველის ახლა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.

მისივე განმარტებით, ასეთი ტიპის რესურსების ომში, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება იმარჯვებს, რადგან ოპოზიცია რეალურ ალტერნატივას ვერ წარმოადგენს. და, თუკი ხელისუფლება კრიზისშია, მაშინ ორჯერ მეტ კრიზისშია ოპოზიცია, ანუ ოპოზიციაც კომპრომეტირებული და წარუმატებელია. დღესდღეობით არ ჩანს ისეთი არჩევანი, რაც ახალ იმედებს გააჩენს. ერთადერთი ინტრიგა, რაც ამ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ მარგველაშვილმა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარგველაშვილი არჩევნების მომგებია, არამედ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მონაწილეობამ შეიძლება გაზარდოს მეორე ტურის შანსები.

„ჩემი პროგნოზით, მარგველაშვილი მეორე ადგილზეც ვერ გავა, ალბათ, მესამე ადგილზე გავა, მაგრამ იმ 10-12%-მაც, რომელიც მან შეიძლება სამობილიზაციო რესურსიდან თავისთან გადაქაჩოს, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცეს იმის საშუალება, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს. ამ შემთხვევაში, დაინიშნება მეორე ტური, მაგრამ მეორე ტურშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

თუმცა მე არ ვიცი, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია მარგველაშვილის გეგმები. მე ვფიქრობ, თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული, რა უნდა. თუ არჩევნებში მონაწილეობა გინდა, როდესაც არ გაქვს არც პარტია, არც არაფერი, ეს ცოტა გაძნელდება. არჩევნები არ არის თამაში, ამას სჭირდება სერიოზული რესურსების მოზიდვა და სერიოზული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც დაწყებულიც არ აქვს მარგველაშვილს. პარტიებიც არ ჩანან, თუ ახლა „პუსტა-პუსტა“ პარტიებს არ ჩავთვლით, რომლებიც შეიძლება თეორიულად მის ორბიტაზე მოვიაზროთ“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომლის აზრითაც, თუ რაიმე საოცრება არ მოხდება, მაშინ ამ არჩევნებისთვის დამახასიათებელი მეორე ნიშანი ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი აქტივობა იქნება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში არ იზიარებს მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნება, რადგან მარგველაშვილს არ გააჩნია მხარდამჭერთა ორგანიზებული ძალა და ძალიან გაუჭირდება რაიმე რეალური შედეგის მიღწევა.

„ყველა წამყვანი პარტია, რომელიც საქართველოშია, ეს იქნება ოპოზიციური, თუ მმართველი პარტია, მარგველაშვილის გარეშეა. თუკი ის უსუფაშვილთან ერთად აპირებს რაიმე კამპანიის წარმოებას, ესეც არარეალურია და ძალიან მცირე შანსები აქვს. ამდენად, მარგველაშვილის წარდგენის შემთხვევაში, მეორე ტურს გამოვრიცხავ, რადგან მას არ გააჩნია არც იმხელა ავტორიტეტი, არც იმხელა გავლენა, რომ მეორე ტური დაინიშნოს. მას მხარს არ უჭერს არც ერთი სერიოზული პოლიტიკური პარტია და ვის ხარჯზე იქნება ეს მეორე ტური, წარმოუდგენელია. ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. „ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სერიოზულ მოთამაშეებად განხილვა არასერიოზულია, ისინი ვერავითარ რეალურ გავლენას ვერ მოხდენენ პროცესებზე“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.