დავით უსუფაშვილის სურვილია, 2018 წლის არჩევნების წინ ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოკვეთოს. ამ მოტივით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყეს. უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს მისსავე ადმინისტრაციში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
შეხვედრაზე, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა ითხოვა. იმ შემთხვევაში, თუკი მარგველაშვილი დარეგისტრირდება როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მას უსუფაშვილის „შენების მოძრაობასთან“ ერთად მხარს დაუჭერენ „ახალი მემარჯვენეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
დავით უსუფაშვილი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო და მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა. მისი თქმით, მასსა და პრეზიდენტს, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად, ერთნაირი ხედვა და შეფასება აქვთ.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, „შენების მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და არჩევნებში არა მხოლოდ ღირსეული კანდიდატით წარდგება, არამედ შეეცდება ამ არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოჩნდეს.
„მომავალი კვირა ამ მიმართულებით საინტერესო იქნება, ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. პირველი აგვისტოდან მე პირადად მინდა, მქონდეს სრული სიცხადე, ვისთან ერთად მივდივარ ბრძოლაში ამ ეტაპზე. მე მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ პროცესში ჩართული. მზად ვართ, განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც.
თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ არ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ცალკე აღებული ვერ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს, საჭიროა საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა, ამ საკითხში ჩვენ ვთანხმდებით“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ ჯერ არ იცის, ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი მასთან ერთად პოლიტიკურ აქტივობაში ჩაებმება, უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა გადაიხედოს.
„ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც სჭირდება საქართველოს. თუმცა, გიორგის სჭირდება კიდევ გარკვეული დრო. ის არის აქტიური განსჯის ფაზაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ შესთავაზა და უსუფაშვილს არ დაუმალავს შეხვედრის მიზანი. მმართველი გუნდი საპრეზიდენტი კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი უკონკურენტო იქნება.
„უსუფაშვილი–მარგველაშვილის გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. „ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტი არ შეიძლება იყოს რომელიმე კანდიდატი, ამიტომ, ბატონი დავითი, ბატონი გიორგი იქნებიან თუ არა ერთად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საკუთარი კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და სერიოზულად არ განიხილავენ უსუფაშვილი–მარგველაშვილის ალიანსს, რომლებიც, როგორც პარტიაში აცხადებენ, ოლიგარქის მორჩილები იყვნენ და სერიოზულად არ განვიხილავ მათ მზადყოფნას ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილს.
რომან გოცირიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, „ქართულ ოცნებაში“ გადასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ მიუხედავად პრობლემებისა ივანიშვილი უსუფაშვილს არ ეძახის.
„მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი გამოეყო „რესპუბლიკურ პარტიას“, ჩემი პირადი დაკვირვებით, მთელი მისი ოცნება იყო „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა, რომ კვლავ დაეძახა მისთვის ბიძინა ივანიშვილს. „ოცნებაში“ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილი რატომღაც არ უძახის. ამიტომ, მისი ალიანსი მარგველაშვილთან იქნებოდა ძალიან უცნაური, მაგრამ არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე მოულოდნელი და არა მგონია, ეს რაიმე განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ქუთაისში წარადგენს „ევროპული საქართველო“. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა. როგორც სერგო რატიანი აცხადებს, თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს მისი სამომავლო გეგმები.
„რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, თუ რას აპირებს ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.