„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ გავა მეორე ტურში, რომელსაც მერე დალეწავს დაფშვნის, დააუთოებს „ქართული ოცნება“

„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ გავა მეორე ტურში, რომელსაც მერე დალეწავს დაფშვნის, დააუთოებს „ქართული ოცნება“

„თავისუფალი საქართველო“ არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმებისაკენ მოუწოდებს - „ჩვენი საზოგადოება უკვე 6 წელი უყურებს ერთსა და იმავე სცენარს, როდესაც წინასაარჩევნოდ ხდება პოლარიზაცია ერთმანეთთან, მოსაჩვენებლად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამ საარჩევნო სპექტაკლის მთავარი ამოცანაა არასაპარლამენტო პარტიებისათვის ამომრჩევლის წართმევა და არა ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა „არა-ქოც“ და „არა-ნაც“ პოლიტიკურ ძალას: წარვადგინოთ ერთიანი კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე; კანდიდატი შეირჩეს ღია, გამჭვირვალე პრაიმერის გზით. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადოს საკუთარი ამბიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იგივე სურათს, რაც მივიღეთ ადგილობრივი არჩევნებისას: ხელისუფლება მოიგებს პირველივე ტურში, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალის მანტიას მოისხამს „ნაციონალური მოძრაობა“.

მოვუწოდებთ ყველა ცალკეულ პარტიულ კანდიდატს, თავი შეიკავოს საკუთარი კანდიდატურის დასახელებისგან, რაც ხელს შეუწყობს ოპოზიციური ამომრჩევლის დაქსაქსვას და ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„თავისუფალი საქართველო“ უახლოეს დღეებში დაწყებს პრაიმერის მოსამზადებელ სამუშაოებს და მოსახლების გამოკითხვას ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პარტიის მიმართვაში - მიმდინარე პროცესზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა გვესაუბრება.

კახა კუკავა: „თავისუფალი საქართველო“ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ გავაკეთეთ მიმართვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ჩავატაროთ პრაიმერი და გამოვავლინოთ ერთიანი კანდიდატი და თუ შევთანხმდით თვის ბოლომდე, მხარს დავუჭერთ ამ კანდიდატს, თუ ვერა - მაშინ ჩვენი პარტია წარმოადგენს თავის კანდიდატს.

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარმოადგინა თავისი ერთიანი კანდიდატი და თქვენი შეთავაზება რომელმა პარტიებმა უნდა მიიღონ?

- ნაცებზე და ქოცებზე არ მაქვს ლაპარაკი, ვინც წამოაყენეს ერთიანი კანდიდატი, ეგენი ნაცები არიან. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც ქოცები და ნაცები არ არიან.

ბურჯანაძის, უსუფაშვილის, ნათელაშვილის, ინაშვილის პარტიებზეა ლაპარაკი?

- ეს არის ჩვენი შეთავაზება და არ ვიცი, ვინ გაიზიარებს და ვინ იქნება თანახმა, გავმართავთ საუბრებს. გვილაპარაკია ამ თემებზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ვინ არიან ის სავარაუდო კანდიდატები საიდანაც პრაიმერის მეშვეობით უნდა შეირჩეს ერთიანი კანდიდატი?

- მაგალითად, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დათო უსუფაშვილი, შეიძლება ჩვენმა პარტიამაც დააყენოს თავისი კანდიდატი, სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსსაც“ ეყოლება.

მოლაპარაკებები თუ არის დაწყებული, მაგალითად საინტერესოა, დავით უსუფაშვილის პარტია შეუერთდება თუ არა თქვენს შეთავაზებას, თუნდაც პარტიების იდეოლოგიური სხვაობის გამო?

- ამ თემაზე საუბარი გვქონია, მოლაპარაკებებს ამას ვერ დავარქმევთ, მაგრამ გვისაუბრია. რომ გითხრათ, რომ დიდი ენთუზიაზმით უდგება ამას რომელიმე ოპოზიციური პარტია, ეს ასე არ არის, თუმცა, მაგალითად, „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლისგან მოვისმინე ეთერში, რომ შესაძლოა, მათ მიიღონ ასეთი შეთავაზება.

და თქვენ ამბობთ, რომ მხარს დაუჭერთ, ვინც არ უნდა გამოავლინოს პრაიმერმა?

- რა თქმა უნდა.

დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი შეიძლება ითქვას, იშვიათი, ასე ვთქვათ, ისტორიული მოვლენაა. ახლა რა შეიძლება გახდეს მოტივაცია, რომ ასეთი გაერთიანება მოხერხდეს?

- სწორედ ამიტომაც, არჩევნების შედეგები არის ხოლმე ყოველთვის არასასურველი.

თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, მაინც არ ეყოლება ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი, იმიტომ, რომ უკვე არსებობს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც არის ასევე გაერთიანებული ოპოპზიციის კანდიდატი. ვინ ვის წინააღმდეგ იბრძოლებს არჩევნებზე? ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთის თუ სახელისუფლებო კანდიდატის საწინააღმდეგოდ?

- არასაპარლამეტო ოპოზიცია იბრძოლებს ნაცების და ქოცების წინააღმდეგ. საქმეც იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არის ერთი მთლიანობა, ისე, როგორც თავის დროზე იყო „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“ ერთი მთლიანობა და მათ შორის დაპირისპირება იყო აბსოლუტურად წარმოსახვითი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაშაძის წამოყენებით და თან იმ შემადგენლობით და კონფიგურაციით, რაც ვნახეთ პრეზენტაციისას, დაადასტურა, რომ ისინი მოგებისთვის არ იბრძვიან. სააკაშვილი და ბოკერია ერთმანეთს ებრძვიან ივანიშვილის კარზე მეორე კაცობისათვის. ეს არის რეალობა. გრიგოლ ვაშაძე რომ პრეზიდენტი ვერ გახდება და შეიძლება მეორე ადგილიც გაუჭირდეს, ეს თავის დროზე უდუმაშვილსაც ეტყობოდა კოჭებში და ახლა ვაშაძესაც ეტყობა.

მიჩვეული ვართ, რომ ხელისუფლებას სატელიტი პარტიები სჭირდება ძირითადად, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმების წასართმევად, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით ანალოგიურ სცენარს ხომ არ ელოდებით?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი, ეს არის დაახლოებით 10-15%, ვაშაძემაც პიროვნული ფაქტორების მიუხედავად, შეიძლება მეტ-ნაკლებად ამდენი აიღოს.

პარტიები ატარებენ ხოლმე კვლევებს თავიანთი შიდა მოხმარებისთვის. თქვენ თუ გაქვთ ასეთი კვლევა საპრეზიდედნტო არჩევნებთან დაკავშირებით და შედეგები რის იმედს გაძლევთ?

- ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ არ ჩაგვიტარებია ასეთი კვლევა, პრაიმერის პროცესი გულისხმობს ამ თვის ბოლომდე სოციოლოგიური კვლევების ჩატარებასაც.

წინა კვლევების შედეგები რის საფუძველს გაძლევთ?

- მაგალითად, ნაძალადევის შუალედურ არჩევნებზე როდესაც მე წარმოვადგენდი რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მივაღწიეთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწარით პირველ ტურში, ხოლო ხელისუფლებამ ვერ მიიღო 50% - მაშინ თამარ კორძაია იყო ხელისუფლების კანდიდატი და დაახლოებით 40%-მდე აიღო. მსგავსი რამ მოხდა ირმა ინაშვილის შემთხვევაში საგარეჯოში.

ანუ დადასტურებულია, რომ თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოვა ერთიანი კანდიდატით, ჩვენ ვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, გავდივართ მეორე ადგილზე და ინიშნება მეორე ტური. მეორე ტურში კი გვაქვს მოგების მაღალი შანსი.

„ნაციონალურ მოძრაობას“, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, გარანტირებული აქვს მეორე ტურში გასვლა, სადაც მას დალეწავს დაფშვნის, დააუთოებს „ქართული ოცნება“ - ეს ყველამ ვიცით, ეს ხელისგულზე დევს და დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება - ბოლო 4-5 არჩევნები სწორედ ამას ადასტურებს.

ანუ თუკი შეთანხმდით ერთიან კანდიდატზე, ამბობთ, რომ მეორე ადგილი გაქვთ გარანტირებული და ნაციონალებს ამ საამაყო ნიშის გარეშე დატოვებთ?

- კი, და სხვათა შორის, ბოლო არჩევნებზე, თბილისში მათ მესამე ადგილი დაიკავეს.

იმისათვის, რომნაციონალები“ მშრალზე დატოვოთ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, თუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს?

- რა თქმა უნდა, ექნება მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი. უმჯობესია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დააყენოს ერთი, თუნდაც ნაკლებად რეიტინგული კანდიდატი, ვიდრე ბევრი რეიტინგული ლიდერი. პერსონალიებს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის კონფიგურაცია, რომელიც წარმოადგენს ამ კანდიდატს და ამიტომ მოვიყვანე ნაძალადევისა და საგარეჯოს მაგალითები. ეს იყო სხვადასხვა არჩევნები, ზოგს შეიძლება მე მოვწონდე, ზოგს - ირმა, მაგრამ ამაში არ არის მთავარი მიგნება. საქმე იმაშია, რამდენად კონცენტრირებულია ოპოზიცია ამ ერთი კანდიდატის წინაშე.

ძალიან ძნელი სათქმელია, რომ ირმა ინაშვილი იყოს ერთიანად მისაღები ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგისთვის ინაშვილია მიუღებელი, ზოგისთვის კუკავა, მაგრამ ამან არ მოახდინა გავლენა - როგორც კი დარჩა ინაშვილი მარტო ქოცების წინააღმდეგ, რომ არ გაეყალბებინათ, ის მოიგებდა არჩევნებს და ოფიციალური მონაცემებითაც, სულ ორი პროცენტი იყო სხვაობა.

დარწმუნებული ვარ, ინაშვილის ნაცვლად რომ ყოფილიყო ნათელაშვილი ან ბურჯანაზე, შედეგი იქნებოდა დაახლოებით იგივე - ცოტა უკეთესი ან - უარესი.

მთავარია, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ შეთანხმდება და წარმოადგენს ერთიან კანდიდატს, ის ხალხი, უკვე საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ქოცები ყელში ამოუვიდა, ნაცების გაგონება და გახსენება არ უნდა. ამ ხალხს ექნება მოტივაცია, რომ მივიდეს არჩევნებზე - დღეს ამ ადამიანებს მოტივაცია არ აქვთ.

თქვენ როგორ გგონიათ, აწყობს თუ არა თავადქართულ ოცნებასნაციონალები ვინმე სხვამ ჩაანაცვლოს? ყველა ხელისუფლებისთვის მოსახელხებელია, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა ხალხს არ უყვარს...

- არანაირად არ აწყობს და ეს ჩანს კიდევაც. „ქართული ოცნება“ ყველანაირად უწყობს ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით, ბოკერიას ფრთას. ეს გამოიხატება პარტიების დაფინანსებაში, მედიაგარემოში. გადახედეთ, რამდენი წელია ჩემი ინტერვიუ იმედზე არ ყოფილა - შეხედეთ, გაჭედილია „იმედი“ მელია-ბოკერიას ჩართვებით და მგონია, საკუთარი კაბინეტები აქვთ ამ ტელეკომპანიაში.

ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ ივანიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა.

თუ თქვენ გახდებით მეორე ოპოზიციური ძალა და შექმნილი კონფიგურაცია შეიცვლება, საზოგადოება რას მიიღებს ამით?

- მოსახლეობას ექნება არჩევანი. დიდი ნაწლი ელექტორატის, მინიმუმ - 30% და შესაძლოა, 50%-ზე მეტი, არის ასეთ მოცემულობაში: ივანიშვილი არ ვარგა, მაგრამ სააკაშვილი არის კიდევ უფრო დიდი უბედურება. თუ დაინახავს, რომ არის ორი არჩევანი - ივანიშვილი და სააკაშვილი, ამბობს, რომ საერთოდ არ წავა არჩევნებზე - ერთი „ვაია“, მეორე - „ვუი“. თუ დაინახავს, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის გარდა არის მესამე ალტერნატივაც, შესაძლოა, არც ნათელაშვილზე გადაირიოს არც კუკავაზე ან ბურჯანაძეზე, მაგრამ იმას ხვდება, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს ყველა ჯობია.

ალტერნატიულ პოლიტიკური ძალაზე მოთხოვნა კი არის და თანაც, დიდი ხანია, მაგრამ ასეთი ძალა არ გამოჩნდა. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის საკმარისი არ არის ქართული პოლიტიკის ისეთი კორიფეების არსებობა როგორიც ნათელაშვილი, ბურჯანაძე ან რომელიმე სხვა ლიდერია. თქვენც ამბობთ, რომ გაერთიანება მომგებიანი იქნებოდა. რატომ ვერ ახერხებთ ამას, რა გიშლით ხელს?

- ყველას თავისი მიზეზი აქვს - ზოგი ხელისუფლებასთან არის დაახლოებული და მას უწევს ანგარიშს, ზოგი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზოგი თვითონ არის ქედმაღალი, ზოგს ერთმანეთთან აქვს პირადი კონფლიქტები. საქართველოა ეს და რთულია.

თითქოს ძალიან მარტივია ის, რასაც მე ვამბობ, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთულია - როგორ გითხრათ, მე, მაგალითად ინაშვილთანაც მაქვს ურთიერთობა და ნათელაშვილთანაც, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე და ვერ დავსვი ერთ მაგიდასთან.