ოპოზიციის არაადეკვატურობის კოეფიციენტი

ოპოზიციის არაადეკვატურობის კოეფიციენტი

ქუთაისში ბაგრატის ტაძართან საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციური იმედები, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამჯერად მაინც მოუტანს ხმებს 10 ოპოზიციური პარტიის ახალ გაერთიანებას.

გრიგოლ ვაშაძის საზეიმოდ წარდგენას მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და ყოფილი პირველი ლედიც ესწრებოდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სააკაშვილის წასვლის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციას საფალავნოდ გამოჰყავს. ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა და მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნებში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამჯერად გრიგოლ ვაშაძეზე ფსონს დებს „ძალა ერთობაშია“, სადაც თავი მოუყრიათ მარადიულ ოპოზიციონრებს - მარტივ მამრავლებად დაყოფილ ყოფილ „ნაციონალებს“ და ქართული პოლიტიკური „ელიტის“ იმ სპექტრს, რომელთა დანახვაც ჩვენს საზოგადოებას ყელში აქვს ამოსული.

10 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი ახალი გაერთიანების -„ძალა ერთობაშია“ წევრები არიან „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე, „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე, ედპ - ბაჩუკი ქარდავა, „სახელმწიფო ხალხისათვის“ - ნიკა მაჭუტაძე, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია, ენმ - ნიკა მელია, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი, „ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე, „საქართველო ლიდერთა შორის“ - მამუკა გამყრელიძე, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, რომელიც შესაძლოა, 10 ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი ყოფილიყო, ეს ვერსია იმთავითვე გამოირიცხა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილმა ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ შეძლო. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირი ახსნა მოუძებნა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მარგველაშვილით მათ დაუინტერესებლობას.

For.ge დაინტერესდა, რას უწუნებენ გრიგოლ ვაშაძეს ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები და რა მიზეზით შეარჩია „ძალა ერთობაშიამ“ გრიგოლ ვაშაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელება კლინიკურ-კომიკურ სიტუაციაში გადადის. ამას უკვე მდაბიო იუმორის მქონე „ვანოს შოუსაც“ ვეღარ დავარქმევთ. ელემენტარულად, რუსეთის მოქალაქესა და ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე გრიგოლ ვაშაძეს ბევრად სჯობს გიორგი მარგველაშვილი თუნდაც იმიტომ, რომ ის რუსეთის მოქალაქე მაინც არ არის და რუსეთის სპეცსამსახურებთან მარგველაშვილს ურთიერთობა არ ჰქონია. აგვისტოს ომიდან სამ თვეში მარგველაშვილი, ვაშაძის მსგავსად, წერილებს არ სწერდა რუსეთის კულტურის მინისტრს ალექსანდრე ავდეევს და თანამშრომლობას არ სთავაზობდა.

„პრორუს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ქართულად წესიერად ვერც მეტყველებს და მისი მშობლიური ენაც რუსულია, ბევრად სჯობს გიორგი მარგველაშვილი. თუ ოპოზიციურ გაერთიანებას სურს, რუსი პოლიტიკოსი წამოაყენონ საპრეზიდენტო კანდიდატურად, ეს მათი ნებაა.

ისე, გვარამიამ თქვა, ჩვენ გვყავდა რუსი ეროვნების მინისტრიო. რუსი ეროვნების მინისტრი რომ ჰყავდათ შაშკინის სახით, მან კარგად დაახურდავა და გაყიდა საკუთარი პატრონი მიხეილ სააკაშვილი. პირიქით, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის შაშკინის მიმართ, ის სწორადაც მოიქცა, რომ ამერიკის მაშინდელ ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ჩაუშვა მიხეილ სააკაშვილი. ამით, ფაქტობრივად, 2012 წელს სახელმწიფო გადატრიალებას, სისხლიან კალოს გადაარჩინა საქართველო, არ შეასრულა ავადმყოფი მთავარსარდლის ბრძანება და ამერიკის ელჩის მითითება შეასრულა. მაგრამ, მეორე მხრივ, რა გამოდის? რომ რუსი ეროვნების თავდაცვის მინისტრმა გაყიდა საკუთარი მთავარსარდალი. როცა შენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას არ შეასრულებ და შეასრულებ სხვა ქვეყნის ელჩის მითითებას, ამას რა ჰქვია? თუმცა ასეთ „გაყიდვას“ პოზიტიურად ვაფასებ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე განმარტებით, გრიგოლ ვაშაძე იქნება, თუ სხვა ვინმე, ვინც არ უნდა წამოაყენონ საპრეზიდენტო კანდიდატად „ნაცმოძრაობიდან“, „ნაცმოძრაობა“ არის გუშინდელი პოლიტიკური ძალა. „ნაცმოძრაობა“ ისეთივე პოლიტიკური გვამია, როგორიც იყო „აღორძინება“, „მოქალაქეთა კავშირი“. ეს არის ბოროტი სისხლიანი მასხარა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა როგორ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოებისთვის მისაღები? მით უმეტეს, რომ „ნაცმოძრაობას“ რეიტინგი არ გააჩნია და უკვე მერამდენედ მათი კანდიდატები ძალიან დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

თბილისის საკრებულოს წევრი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხდებს, რომ, რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძის იმედი არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას და არც თავად გრიგოლ ვაშაძეს უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ილუზია. რომელ იმედებზეა საუბარი, როცა ეს ადამიანები როგორც ადრე იყვნენ არასერიოზულები, ისე არიან ახლაც, მიიღებენ არაადეკვატურ პროცენტს და მერე დაიწყებენ რიტორიკასა და სისულელეების ლაპარაკს ტელევიზიებში, სადაც მუდმივად ეპატიჟებიან.

„მე ასეთი ფორმულაც გამოვიყვანე - არაადეკვატურობის კოეფიციენტი. იქნებ, ვკითხოთ ბატონ ვაშაძეს, რამდენ პროცენტს ელოდება არჩევნებში? შემდეგ ეს მაჩვენებელი დავიმახსოვროთ და მერე, როცა ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები და ის ცნობს არჩევნების შედეგებს, მიღებული შედეგი შევუდაროთ მის მიერვე გამოთქმულ მოლოდინს. რამდენიც იქნება ცდომილება, ის იყოს მისი არაადეკვატურობის კოეფიციენტი.

რისთვის სჭირდებათ ამ ადამიანებს არჩევნებში ტყუილ-უბრალოდ მონაწილეობის მიღება, ამას რაციონალურად ვერ გავიგებთ, ეს უკვე ფსიქიატრიული პრობლემებია. აგერ, ერთმა ადამიანმაც დამირეკა ახლახანს, პრეზიდენტად უნდა ვიყარო კენჭიო. არავინ იცნობს ამ ადამიანს, არანაირი პოტენციალი და მონაცემები არ აქვს საპრეზიდენტოდ. რას ელოდები ამ არჩევნებით-მეთქი? მინიმუმ, 10%-ს ავიღებო. აქ უკვე რომელ რაციონალურ აზროვნებაზეა საუბარი?“ - აინტერესებს სოსო მანჯავიძეს და შეკითხვის საპასუხოდ, „ოცნებას“ თუ ჰყავს ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატები, აცხადებს, რომ ამ მხრივ უცნაური სიტუაციაა. გააჩნია, რა პარამეტრებით ზომავენ საპრეზიდენტო კანდიდატურას ის ადამიანები, ვისაც ხელთ ეწიფებათ გადაწყვეტილების მიღება. ამაზე იქნება დამოკიდებული, ღირსეული იქნება თუ არა კანდიდატი.

რაც შეეხება სოსო მანჯავიძისთვის მისაღებ საპრეზიდენტო პარამეტრებს, ეს უნდა იყოს წესიერება, განათლება, პრინციპულობა, ხალხში ავტორიტეტი. მაინცდამაინც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ადამიანს ვერ მოვთხოვთ, რადგან საქართველოში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ცოტა არ იყოს, პოლიტიკური პოეზიის სფეროა. ზოგადად, ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, იცხოვროს ტყუილში და ასეთი ადამიანი პოლიტიკურად ნეიტრალური როგორ იქნება?! უბრალოდ, საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი სინდისის წინაშე კომპრომისებს მუდმივად არ უნდა უშვებდეს და ისეთი რამით არ იყოს „განთქმული“, რომ მისი კანდიდატურის წამოყენებამ საზოგადოებაში დაცინვა და უნდობლობის გაჩენა გამოიწვიოს.