ე.წ. ტრაქტორების საქმე - „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის და სამსახურებრივი გულგრილობის“ ბრალდებით შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 თანამშრომელი დააკავა. თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ.
ე.წ. კაბელების საქმე - თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტზე, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო.
სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა. თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რასაც ასევე მოჰყვა კოალიციის დაშლა.
სახელმწიფო ბრალდება, ხელისუფლება და უმრავლესობა ერთხმად ამტკიცებდა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური მოტივით არ იყო ნაკარნახევი და, რომ საქმე უტყუარი მტკიცებულებებით იყო შედგენილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმით საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, ქართულმა სასამართლომ ორივე შემთხვევაში თქვა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო. დაკავებულები პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.
ორივე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ხელისუფლება დამარცხდა, რადგან საქმეს პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა.
როგორი იქნება ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის ვერდიქტი უცნობია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდის პროცესი არ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას კითხვები მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქუმსიშვილი-ალავიძის ჯგუფი ხელისუფლებას ჩამოშორდა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბრალდებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი არ გააჩნია.
„როგორ უნდა დავიჯეროთ მე ან საზოგადოებამ, რომ 20 დღის წინ, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომიდან 10 დღეში, მიუვიდა გამომძიებელს სამუშაო მაგიდაზე იმ ტიპის ქაღალდი, რომ მასთან კითხვა გაუჩნდა?! ამ პროცესში, პირველ რიგში, შემაშფოთებელი და გასაანალიზებელია ის, თუ როდის ხდება ბატონი ქუმსიშვილის დაბარება გამოკითხვაზე თუ გასაუბრებაზე, როდის ეძახიან მას პროკურატურაში პასუხების მისაღებად - როდესაც ის პოლიტიკურად აღარ არის წონიანი ფიგურა, აღარ ჰყავს მფარველი და ა.შ. ანუ როდესაც პოლიტიკურად ის გვერდზეა გაწეული. ეს არის უბედურება ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, პროკურატურის“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
უსუფაშვილის შეფასებას არ იზიარებენ ხელისუფებაში. ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კითხვების დასმის საშუალება და უფლება ნებისმიერი საგამოძიებო ორგანოს აქვს, შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი თანამდებობის პირი თუ საჯარო მოხელე, ყველანი ვალდებულები ვართ ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ.
„ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, არც დამიწყია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ყველ პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც თვლის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ როდესაც საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, გამოძიება დეტალურად გასცემს პასუხს.
„ბუნებრივია, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს და არც უნდა მქონდეს. რაც შეეხება ამ ადამიანების დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება, ვალდებულია, კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს, იმის მიუხედავად, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. სხვა დეტალებზე პროკურატურა არ საუბრობს. ოპოზიცია კი თვლის, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე თვლის, რომ პროკურატურას სერიოზული რეაგირება მართებს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას ან გუნდის შიგნით დაკავშირებულ გარჩევებს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები საეჭვო ინტერესეთა კონფლიქტის ნიშნებით დაკავშირებული არიან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. პროკურატურას აქამდე უნდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები და არ უნდა დაეწყო ლოდინი, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს.
ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს უკანონო გარიგებებს, მათ შორის კორუფციულს. საკითხი ეხება მილიარდობით ლარს, რომელიც ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან იხარჯება. ამიტომ პროკურატურას მართებს სერიოზული რეაგირება ამ თემაზე, მართებს ობიექტური გამოძიება“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ დავალებაა მიცემული, რაც მისივე თქმით, სავარაუდოდ, იმით დასრულდება, რომ კვირიკაშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური აქტიურობა აეკრძალებათ.
„არსებობს კვირიკაშვილის „შავი სია“. ამ ექვსი წლის განმავლობაში იმდენი კორუფციული ფაქტები იყო და არასდოს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. საკმარისი იყო გიორგი კვირიკაშვილს კარი გაეჯახუნებინა და ბიძინა ივანიშვილმა ოდნავი თუ ოდნავ მეტი ურჩობა არ აპატია. მიდის კუდიანებზე ნადირობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დარღვევები არ იყო. ჯერ კიდევ ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ აღნიშნულ სამინისტროში კორუფციის დასამარცხებლად მივიდა, თუმცა გახდა მინისტრი და უწყებაში კორუფციის ჭაჭანებაც არ აღმოუჩენია.
ეს მაშინ, როცა 25-მილიონი ევრო, რომელიც იმ დროს დაახლოებით 55-მილიონი ლარი იყო, ერთ დღეში გაქრა, როცა გზის მშენებლობისთვის უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ გადაურიცხეს და ეს კომპანია აორთქლდა. სისტემაში უამრავი კორუფციული ფაქტები არსებობდა და ახლა გაახსენდათ თურმე. ჭორებით გვსმენია, რომ კორუფციულ გარიგებებში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთა დანიშვნაში ალავიძეს მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.