„ნაციონალური მოძრაობის მინისტრი ედპ–ს კანდიდატი ვერ იქნება“

„ნაციონალური მოძრაობის მინისტრი ედპ–ს კანდიდატი ვერ იქნება“

„ძალა ერთობაშია“ – ამ ლოზუნგით იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური პარტიები საპრეზიდენტო კამპანიას. სანამ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მათი კანდიდატის მთავარი კონკურენტი ხელისუფლების კანდიდატი იქნება.

„ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების ერთობლივი კანდიდატი, ძალიან ღირსეული და რაც მთავარია, თავის საქმის უბადლო პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას და ეს იქნება კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძის პროფესიონალიზმი და სწორი ხედვები იქნება მთავარი, რატომაც მათი კანდიდატი საზოგადოების მხარდაჭერას მიიღებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, მმართველი პარტია კანდიდატზე ფიქრობს და არ არის გამორიცხული, რომ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს, ევროპული საქართველო კი, პირობას დებს, რომ მათი კანდიდატი სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის.

პრეზიდენტობისთვის ემზადება გიორგი მარგველაშვლიც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდის მხარდაჭერით აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოქმედი პრეზიდენტი. არ არის გამორიცხული, რომ „ევროპული საქართველოს“ დაპირებული სიურპრიზი სწორედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა იყოს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, კარგად გააზრებული კანდიდატურაა, რადგან მას ზურგს უმაგრებს ის გამოცდილება, რაც საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს და ეს არის საგარეო ურთიერთობები.

„სიმართლე გითხრათ, ვაშაძე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ტიპური „ნაციონალების“ ჯგუფს ვაშაძე არ ეკუთვნის, მის კანდიატურას მეორედ აყენებენ „ნაციონალები“. მაგრამ ის, რომ „ნაციონალებს“ ეკუთვნის და მათი კანდიდატია, ცუდ სამსახურს უწევს და ეს უკვე ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე. ვვარაუდობ, რომ იგივე მიზეზით ამომრჩეველი ამ შემთხვევაშიც უარს იტყვის ვაშაძის კანდიდატურაზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

იმ მიზეზით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია, საყვარელიძე გამორიცხავს, რომ ვაშაძის კანდიდატურას ჰქონდეს იმის რესურსი, მეტ–ნაკლებად იმოქმედოს საარჩევნო პროცესზე და მეორე ტურამდე მიიყვანოს საქმე.

„რაც შეეხება მარგველაშვილს, ერთხანს გაიელვა ვერსიამ, რომ მხარს უჭერს „ნაციონალებს“ და მაშინ კამათი მომიწია ამ თემაზე, მაგრამ მარგველაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ემთხვეოდა „ნაციონალების“ ინტერესებს და ისინიც ხშირად აპელირებდნენ მარგველაშვილზე, ამან შექმნა ეს შთაბეჭდილება. როგორც წესი, საარჩევნო პროცესს შთაბეჭდილებები განსაზღვრავენ და არა რეალობა. ამიტომ, ამ შთაბეჭდილებამ შეიძლება ცუდი რეალობა აჩვენოს მარგველაშვილის შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ წინასაარჩევნო პოზიციას დაიკავებს, რადგან მას დასჭირდება ამ შთაბეჭდილებებიდან გამოსვლა და თავისი იმიჯის გამოყვანა იმ ვერსიიდან, რომ ნაციონალებს უჭერს მხარს, რადგან ეს ვერსია ამომრჩევლის ნაწილის მეხსიერებაში არის დალექილი“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

მეორე ტურს არ ელოდება ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, „ნაციონალების“ საპრეზიდენტო კანდიდატს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

„პრეზიდენტის ერთ–ერთი ფუნქცია არის საგარეო ურთიერთობები და აქედან გამოდინარე მიიჩნიეს, რომ ვაშაძეს რადგან გარკვეული დიპლომატიური გამოცდილება აქვს, მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ვაშაძეს არავითარი შანსი არ აქვს. ეს 10 პარტია ამომრჩეველს არაფერს ეუბნება. 10 კი არადა, 50 პარტიის მიერ რომ იყოს მხარდაჭერილი, ამომრჩეველისთვის ცხადია, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და უკვე გასაგებია ყველაფერი“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ის პარტიები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირეს მხარი, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებდნენ, როგორც პარტიის დანამატი.

„ყველას გვახსოვს იგივე ედპ–ს თანამშრომლობა „ნაციონალებთან“, როდესაც 2008 წლის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში. დანარჩენი პარტიის ლიდერები ის ხალხია, ვინც ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და მის ორბიტაზე იყო, იგივე ვაშაძე, ვაშაკიძე, ხარატიშვილი და ა.შ. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები.

რაც შეეხება კანდიდატს, შესაძლოა, ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძესთან პრეტეზიები არ გქონდეს, მაგრამ ის არის „ნაციონალების“ კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ მინისტრი ედპ–ს კანდიდატი ვერ იქნება. ასეთი გულუბრყვილო არავინ არის საქართველოში. ის არის „ნაციონალური მოძარობის კანდიდატი“, – აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება მეორე ტურს, ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტური არ იქნება. მით უმეტეს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს „ნაციონალური მოძრაობა“. მისი თქმით, ხელისუფლება გამოიყენებს ძველ პარადიგმას, რაც არაერთხელ გამოუყენებია და ისევ შეიქმნება აჟიტირება, რომ „ნაციონალები“ ბრუნდებიან ხელისუფლებაში.

„გათამაშდება ეს კარტი და ბუნებრივია, ის ხალიც კი, ვინც არ აპირებს არჩევენზე მისვლას, მივა და „ქართულ ოცენებას“ მისცემენ ხმას, არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, არამედ იმის შიშით, რომ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ისევ გათაშდება ეს სცენარი და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ან ის, ვისაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში პერსონას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.