სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვა – მთავარ პროკურატურაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე გამოკითხა.
for.ge–ს ინფორმაციით, საეჭვო ტენდერების საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
„ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
დამატებით დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს. შალვა თადუმაძის უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მიმდინარე გამოძიების მოტივით, ქუმსიშვილს და ალავიძეს პროკურატურამ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თუმცა, ამ ინფორმაციას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჭორი უწოდა.
„არავის არაფერი აკრძალული არ აქვს, ყველა მოძრაობს – ზაფხულია, ზოგი საზღვარგარეთ ისვენებს, ზოგი შვებულებაშია, ასე რომ, უფრო დეტალურად გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია და მაღალი ტრიბუნიდან მერე გაახმაურეთ“, – განაცხადა პარლამენტში გიორგი გახარიამ.
მაშ ასე, ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია. ის, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას, კერძოდ კი, საეჭვო ტენდერების საქმეს, მთავარი პროკურატურა სწავლობდა, ამის შესახებ for.ge მარტის თვეში წერდა
საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, გიორგი სეთურიძე უარყოფდა მის კორუფციაში ჩართულობას და აცხადებდა, რომ უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო. შესაბამისად, გამორიცხავდა დეპარტამენტში კორუფციის არსებობას.
„გზების დეპარტამენტში კორუფციის დაბალი დონე კი არა, უნდა ვთქვა, რომ ნულთან არის, ხოლო ტენდერების ჩატარების გამჭვირვალობა და სამართლიანობა არის უმაღლეს ზღვარზე“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ალავიძიეს კორუფციულ გარიგებებში ბრალი „ევროპულმა საქართველომ“ დასდო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების მოთხოვნით მიმართა. როგორც პარტიის წევრები აცხადებდნენ, აგრძელებდნენ ალავიძე-სეთურიძის უკანონო საქმიანობის ამსახველი მასალის გამოქვეყნებას და დარწმუნებული იყვნენ, რომ სეთურიძეს, რომელსაც ისე იცნობენ, როგორც კორუფციის მამას, მთელი მისი კორუმპირებული გუნდი მიჰყვებოდა უკან.