„მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“

„მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“

მამაუკა ბახტაძე აცხადებს, რომ თითოეული რეფორმა მორგებული იქნება ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე და ყურადღებას იმ პრინციპებზე ამახვილებს, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება. პრემიერის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა და მასში დაფიქსირებული ინიციატივების უმეტესობა არ მოითხოვს დანერგვის გრძელვადიან რეჟიმს. მისივე თქმით, რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წელს, ნაწილი კი 2019 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს.

„ჩვენი ამოცანაა, ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავუმკლავდეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში. ეს არის სიღარიბის შემცირება, ჭარბვალიანობა და რაც მთავარია, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ეროვნულ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი გუნდი თავს გაართმევს დასახული რეფორმების იმპლემენტაციას. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა და 101 ხმით დაამტკიცა. ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია.

სანამ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებდა, მინისტრობის კანდიდატებიდან ერთადერთი იუსტიციის მინისტრი იყო, რომელსაც მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. თეა წულუკიანს საქართველოს პრეზიდენტმაც ღიად გამოუცხადა უნდობლობა. მაშინ, როდესაც წულუკიანი ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტში ისმენდა, ის პრეზიდენტმა ბათუმიდან გააკრიტიკა. ბახტაძის მთავრობაში ერთადერთი მინისტრი, რომელსაც პრეზიდენტი მხარს არ უჭერს, იუსტიციის მინისტრია.

„თეა წულუკიანთან დაკავშირებით მე ვარ იგივე პოზიციაზე და ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ერთ–ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია.

მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით და ეს არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, გასაზიარებელია. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მინისტრობის სხვა კანდიდატებს, პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილის წარდგენა.

„მინდა ასევე დადებითად გამოვეხმაურო ბატონი ბატიაშვილის დასახელებას განათლების მინისტრად. შეიძლება მისი სახელი მაინცდამაინც ცნობილი არაა პოლიტიკური წრეებისთვის, მაგრამ მე მიმუშავია მასთან დიდ პროექტებზე და დადებითად ვაფასებ, მხარს ვუჭერ მას, როგორც განათლების მინისტრს. იმედი მაქვს, რომ მას ექნება წარმატება“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას იუსტიციის მინისტრი, როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია უნდობლობას უცხადებს. როგორც კახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანს არ ენდობიან იმ ჩავარდნების გამო, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უწყებამ განიცადა.

„ჩვენ შევქმენით ღია მმართველობის ფორუმი, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის ამ ფორუმის თავმჯდომარე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.“ დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ პრაქტიკულად, ყველა ძირითადი მოთამაშე და სახელმწიფოს პარტნიორი ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორიდან სრულ უნდობლობას გიცხადებთ, ქალბატონო თეა.

ისინი ითხოვენ თქვენს გადადგომას, ეს ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სხვა. ამ ფონზე, როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძლებას მაშინ, როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი უნდობლობას გიცხადებთ?

როდესაც ამ ორგანიზაციებმა გამოგიცხადეს უნდობლობა იმ ჩავარდნების გამო, რომელიც გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში; იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა არის სულ უფრო გაუმჭვირვალე; მოსამართლეთა 2/3 ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე გამწესდა უვადოდ; მაშინ, როდესაც თქვენი მონაწილეობით მთავარი პროკურორის შესარჩევი სხდომაც ჩატარდა დახურულად, რა პასუხი გაქვთ გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნები არის ფსიქოზი?“, – მიმართა ოთარ კახიძემ.

თავის მხრივ, თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს უპასუხა, რომ მის შეკითხვას სერიოზულად არ აღიქვამს. წულუკიანმა დეპუტატს სამი კვირის წინ ერთ–ერთი გამოსვლა შეახსენა, სადაც მინისტრობის კანდიდატის თქმით, კახიძე ახალ პრემიერს წულუკიანის „გაფუჭებულ საქმეებს“ ახსენებდა. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი წელი მოანდომა სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას მოსამართლედ წარდგენას, ის ამაყობს ამ კანდიდატით.

„იმისთვის მაკრიტიკებთ, რომ საქმე „გავაფუჭე“, რომ დღეს ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლეა? სიამაყით მევსება გული, როდესაც მესმის ხოლმე ჩემი სკოლა დამთავრებულების, ფრანგების, ბრიტანელების, განსაკუთრებით გერმანელების მხრიდან მისი ქება-დიდება, რომ ეს არის ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე და, ამას ორი წელი მოვანდომე, დიახ, მოვანდომე, იმიტომ, რომ მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“, – უპასუხა თეა წულუკიანმა.