გუბერნატორები, პრეზიდენტი... და პარლამენტარებსაც ვადამდელი ემუქრება

გუბერნატორები, პრეზიდენტი... და პარლამენტარებსაც ვადამდელი ემუქრება

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს. მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია. ამ ეტაპზე რამოდენიმე კანდიდატურა განიხილება, კერძოდ, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი. რომელ კანდიდატურაზე შეაჩერებს არჩევანს „ქართული ოცნება“, ჯერჯერობით უცნობია.  კულუარებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოზარ სუბარმა შესაძლოა, სამეგრელო ზემო–სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ–მინისტრი აანონსებს გუბერნატორების ცვლილებას და აცხადებს, რომ გუბერნატორების ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

„ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. თქვენ იცით, ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

რაც შეეხება სოზარ სუბარის პოლიტიკურ მომავალს, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ რომელ თანამდებობაზე მოიაზრება სოზარ სუბარი, თუმცა ამბობს, რომ სუბარი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მის გუნდში.

„სოზარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნება სოზარი ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მედიით გავრცელებული საპრეზიდენტო კანდიდატები ოფიციალურად არ ადასტურებენ მათთან მიმდინარე კონსულტაციებს, თუმცა for.ge–ს ინფორმაციით, ეს კონსულტაციები უკვე დაწყებულია და მმართველ გუნდში დაპირსპირების მიზეზი ისევ თეა წულუკიანის კანდიდატურა ხდება. უმრავლესობის უმრავლესობა წულუკიანის კანდიდატურის წინააღმდეგია. როგორც for.ge–ს უმრავლესობის კულუარებში უთხრეს, წულუკიანის კანდიდატურას უმრავლესობის ახალი ფრთა ლობირებს, კერძოდ საუბარია უმრავლესობის ლიდერზე, არჩილ თალაკვაძეზე, რომელიც მხარს უჭერდა წულუკიანისთვის მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას. თუმცა, თალაკვაძე უმცირესობაშია, რადგან თეა წულუკიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვები აქვს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არათუ წულუკიანის შენარჩუნებას აპირებს, შესაძლოა მოქმედ პარლამენტს გამოუყვანოს წირვა, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და არ არის გამორიცხული, მმართველი გუნდის მხარდაჭერა მიიღოს, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ზურაბიშვილს გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ რაც ექნება სათქმელი, თავად გააკეთებს განცხადებას, როცა ამის დრო იქნება.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, როგორც დამოუკიდებელი ფიგურას, საინტერესოდ აფასებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ნეიტრალური ფიგურა და არ იქნება უშუალოდ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული.

„ჩემი აზრით, ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი სხვაგან უნდა ვეძიოთ. რაც შეეხება სოზარს, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ზედმეტად პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკური პარტიის სახე. ის უნდა იყოს პოლიტიკურად, მეტ-ნაკლებად, ნეიტრალური და უფრო მაკონსოლიდირებელი და ავტორიტეტული ფიგურა, რომელსაც ყველა პარტიასთან ექნება ურთიერთობა, ისეთი რაც პარტიას დასჭირდება იმისთვის, რომ ამ მძიმე პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოვიდეს. რასაკვირველია, სხვა კანდიდატი იქნებოდა შესაფერისი, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე სოზარ სუბარია“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა იყოს მაღლი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამიზნული, რასაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია შეეცდება.

„ერთადერთი, რაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ დაუპირისპიროს ოპოზიციას, ეს არის კანდიდატად ისეთი ავტორიტეტული ფიგურის დაყენება, რომელიც ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, იქნება გამაერთიანებელი და არა ისეთი, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ამ პოლიტიკურ დაძაბულობას. „ქართული ოცნებაც“ უფრო აქითკენ იხრება, დაახლოებით, ამ ფორმატით წარმოუდგენია საპრეზიდენტო არჩევნები“, – ამბობს დავით ზარდიაშვილი და აქვე დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყენებს სუბარის ავტორიტეტს, იქნება გუბერნატორის პოსტზე, თუ სადმე სხვაგან, ეს გამოჩნდება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სოზარ სუბარისთვის ძალიან ნაცნობია სვანეთის თემატიკა და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სტიქიის მომენტიდან სვანეთშია. მაგრამ არ ფიქრობს, რომ სოზარ სუბარის ფიგურა მხოლოდ გუბერნატორიბის მიმართულებით წაიყვანონ.

„სოზარს საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს საზოგადოებაში, სახელისუფლებო გუნდს ცნობადი ადამიანები დეფიციტი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია მისი დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად, ვიდრე მისი შენახვა სვანეთში გუბერნატორობისთვის. ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნება, თუ მის ამ ავტორიტეტს გამოიყენებენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ამბობს, რომ პოლიტიკური გამოცდილებით, ბიოგრაფიით და თავისი რეალური ევროპულობით, შესანიშნავი კანდიდატურაა, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ის პირადი რეიტინგის მოპოვებას სხვა კანდიდატებთან შედარებით.

„ერთადერთი პრობლემა, რაც ამ კონტექსტში დგება, გახლავთ ის, მოახერხებს თუ არა ქალბატონი სალომე რეიტინგის მოპოვებას სხვა კანდიდატებთან შედარებით. დიდი შანსია, რომ ბრძოლაში შემოვიდნენ უპარტიო ფიგურები, მაგალითად, როგორიცაა ელისაშვილი და ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირად რეიტინგს. რთული სათქმელია, აქვს თუ არა ეს რეიტინგი მას. ზურაბიშვილი ბევრმა იცის, მაგრამ იგი პოპულისტობაზე არასოდეს მიდის, დაღვინებული პოლიტიკოსია და ძალიან წარმომადგენლობითი იქნება“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.