მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის წინაშე თავიანთი სამოქმედო გეგმით წარსდგნენ. განსაკუთრებული ინტერესი ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებობდა, რადგან ძველი მთავრობის დაშლის ოფიციალურ მიზეზად სწორედ ეკონომიკური პრობლემები დასახელდა. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არაერთი ამბიციური გეგმებით მოსული მთავრობა „ჩაფლავებული“ გაუსტუმრებია, თუმცა მცდელობა ღირს - ეგებ მთავრობის რომელიმე ლიდერის ამბიციამ გაამართლოს.
როგორც ახალი პრემიერი აცხადებს, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მცირე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, იმ დიდ ეკონომიკებთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ვივაჭროთ, გვქონდეს მეტი საექსპორტო შემოსავლები და ამით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკაც.
როგორც ჩანს, ეკონომიკური გუნდიც სწორედ ამ მიზანზე იქნება ორიენტირებული და იმედი ვიქონიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიო ეკონომიკისკენ წაგვიყვანენ და კიდევ ერთხელ არ დავკარგავთ ეკონომიკურ ორიენტაციას, როგორც ეს ყოფილი პრემიერის ეკონომიკურ კურსთან დაკავშირებით აღმოჩნდა.
ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა არის პოზიტიური და ამასთან დაკავშირებით ის სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ეყრდნობა.
მაჭავარიანი სახელმწიფო მმართველობის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი განმარტებით, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება - პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის „ბლოკჩეინი“, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კი უწოდებენ.
„სად მივა ეს ყველაფერი და რით დასრულდება, არავინ იცის. ეს ახალი ხილია, როგორც ჩვენთვის, ისე ევროპისა და ამერიკისთვის, თუმცა უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და რაღაცნაირად ამაზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია. „ბლოკჩეინის“ მთელი „მაინინგის“, მსოფლიო ენერგიის 6 პროცენტს საქართველო აწარმოებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, მიიღებს სარგებელს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ციფრულ ტექნოლოგიას მაქსიმალურად დაეფუძნოს სახელმწიფო მმართველობა.
„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნეთ ამ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ მომენტს და ამავდროულად, თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ ციფრული მმართველობა მცირე მთავრობის კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
ამასთან, მისი თქმით, არ იგეგმება მიმდინარე ხარჯების გაზრდა, სალდო პოზიტიურია და ბალანსი შენარჩუნდება.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დისპროპორციული, დრაკონული და უნდა შეიცვალოს.
„ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის – სასჯელი არის ბევრად დრაკონული. ამას გაუმჯობესება სჭირდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა დეპუტატებთან შეხვედრისას.
ამასთან, ფინანსთა ახალი მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ არ მოხდება საგარეო ვალის და მიმდინარე ხარჯების ზრდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ საპენსიო რეფორმის დეტალებზე საუბრისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობაც განმარტა.
„მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ - რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპენსიო რეფორმას რაიმე გავლენა დღევანდელ პერნსიონერებზე, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მათზე საპენსიო რეფორმას გავლენა არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი პენსიონერი ისევე მიიღებს პენსიას, როგორც აქამდე იღებდა.
„მათ რომ დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამისი ერთადერთი გზა არსებობს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ, ქვეყანაში მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მინისტრობის კანდიდატმა ამ თემაზეც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან - უნდა იყოს შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ დაზოგილი თანხების დაბანდება.
„კაპიტალის ბაზრის განვითარებას კიდევ სხვა მნიშვნელობაც აქვს - საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქაც გვინდა დამატებითი მექანიზმის შექმნა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში მოზიდული იყოს თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერია - შეიძლება არსებობს რაღაც კომპანია, რომელსაც სურს თანხების ბიზნესში ჩადება, ოღონდ არა ბანკის გავლით. საქართველოში ფულის ასე დაბანდების მექანიზმი არ არსებობს, ამისთვის შესაქმნელია ფონდები. ამიტომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ეს არ არის რევოლუცია, ესაა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება - გიორგი ქობულიას განცხადებით, ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ. „ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია, არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.
სავარაუდოდ, ოპოზიციისთვის ახალი გუნდის იდეები ნაკლებად საინტერესოა, იმაზე მსჯელობის ნაცვლად, რამდენად განხორციელებადია ეს ყველაფერი საქართველოში, მათთვის უფრო მეტად საინტერესოა, ვინ ვისი კაცია და როგორ მივიდა იქ, სადაც არის.
მაგალითად, გიორგი ქობულიასგან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს აინტერესებს, ვინ იცნობს მას საქართველოში და საიდან წამოვიდა მისი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - აღნიშნული კითხვით ქობულიას პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, რასაც მცირე პოლემიკა მოჰყვა.
კერძოდ, გოცირიძე დაინტერესდა, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენა, ჰქონდა თუ არა შეხება ბიძინა ივანიშვილთან და მის კომპანიებთან რუსეთში და იცნობს თუ არა პირადად ივანიშვილს. ამ კონტექსტში გოცირიძემ აღნიშნა, რომ მას არავინ იცნობს, არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ოპოზიციიდან.
გოცირიძეს პასუხად თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიმართეს კითხვით, თუ ვინ იცნობდა ვერა ქობალიას, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრი გახდა.
რომან გოცირიძემ კოლეგების პასუხად აღნიშნა, რომ ვერა ქობალია დღეს არის ინდონეზიის მთავრობის მრჩეველი და წარმატებით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძე თვლის რომ წინა პრემიერ-მინისტრი ცნობილი იყო გრძელი სადღეგრძელოებით, დღეს უფრო მოკლე სადღეგრძელოებს ვისმენთ, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდისგან.
„როდესაც სხვადასხვა მთავრობები შემოდიან სხვადასხვა პერიოდულობით, ხშირად გვესმის მრავალი სადღეგრძელო გამოსვლების დროს. წინა პრემიერ-მინისტრი ცნობილი იყო გრძელი სადღეგრძელოებით, დღეს უფრო მოკლე სადღეგრძელოები, მაგრამ მაინც სადღეგრძელოები გვესმის, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდისგან. ერთ-ერთი იყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესახებ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პოლემიკა გაიმართა ასევე, ანაკლიის პროექტის ირგვლივ, როდესაც ითქვა, რომ შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის საუბარში სკეპტიური ნოტები შეინიშნებოდა, თითქოსდა, რაღაც გადასახედი და შესასწავლი იყო. გოცირიძემ მოითხოვა პასუხი კითხვაზე, როგორი პერსპექტივა აქვს ანაკლიის პროექტს, რატომ არ ვითარდება აღნიშნული პროექტი და ახალი მთავრობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი რამე ნიშნით ხომ არ ახდენს ანაკლიის პროექტის რევიზიას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ადამიანების ირგვლივ მრავალი ჭორი გაჩნდა და არის საუბარი, ზოგიერთის დაკითხვისა და საქმის აღძვრის შესახებ.
გოცირიძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სსიპ, რომელიც ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობს, დღეისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროშია და ის ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს თავისი ხელშეკრულებებით გადაეცა.
„ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი. გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კონსორციუმთან, გვაქვს შესაბამისი ვალდებულებები ჩვენც და კონსორციუმსაც. კონსორციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვნები ხელშეკრულებებში გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვიხილავთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობის პროექტია, ჩვენ ვეცდებით, როგორც ყველა სხვა პარტნიორთან მიმართებაში, გავითვალისწინოთ. ჩვენთვის მთავარი და პირველი რიგის ინტერესი არის, რომ ჯერ სახელმწიფოს ინტერესი იყოს დაცული, შემდეგ უკვე კონსორციუმის ინტერესი, თუნდაც ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობასაც და როგორც ახალმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, არამედ - ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ყველაზე მეტი ადამიანი, ხოლო პროპორციულად, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ძალიან მცირეა, რაც არის სიღარიბის წყარო.
„ეს დარგი გადასაყვანია სოფლის მეურნეობაზე. რატომ არის ლევან დავითაშვილი წარმოდგენილი ჩემს კაბინეტში, სწორედ იმიტომ, რომ ლევანმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა სოფლის მეურნეობა შეეტანა ამ ძალიან მძიმე დარგში. ჩვენ გვაქვს საექსპორტო ზრდა 30%-ით, მაგრამ რომ გვქონოდა მეტი მხარდაჭერა, მეტი გაკეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ახლა გაკეთდება ძალიან მეტი. სოფლის მეურნეობას და არა ნატურალურ მეურნეობას საქართველოში აქვს პერსპექტივა. 43% კი, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროპორცია, შესაბამისად, ამას უნდა დავაწიოთ სხვა რეფორმები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.