ქართული პოლიტიკის ქვედინებები - პრეზიდენტი ბრიუსელიდან არკვევს, რატომ წავიდა ძველი პრემიერი

ქართული პოლიტიკის ქვედინებები - პრეზიდენტი ბრიუსელიდან არკვევს, რატომ წავიდა ძველი პრემიერი

პარლამენტი ახალ მთავრობას ამტკიცებს, თუმცა როგორც ჩანს, ძველი მთავრობის თემა იმაზე მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე სხვა, მსგავს შემთხვევებში მომხდარა - საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელიდან სვამს კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ დაითხოვეს ძველი მთავრობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი... არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ეს კითხვები ქართულ საზოგადოებაში მართალია, აქტუალურუია, მაგრამ საინტერესოა, რატომ საუბრობს პრეზიდენტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებზე ბრიუსელიდან.

მარგველაშვილის განმარტებით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ.

„გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად, სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან კვირიკაშვილის გაქრობის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კითხვები არსებობს. რომან გოცირიძის შეფასებით, კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან.

„როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ბრიუსელიდან ხმამაღლა საუბრობს, რომ კვირიკაშვილი ასე უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან და ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზე, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა. არც ის არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან. ეს მე არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, ადმიანი, რომელსაც მესიად ხატავდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს მისი დაუძინებელი მტერი გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს კვირიკაშვილის ბოლო ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა... ამ კითხვებზე არის პასუხები თავად ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგიდან, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის განცხადებების პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სავარაუდოდ, გამოკითხვაზე დაბარებული იყო რამდენიმე პირი, რომელთა შორის იყვნენ ისეთი ბიზნესმენები, ვისაც წინა ხელისუფლების დროს გარკვეული პრობლემები შეექმნათ სამართალდამცველ უწყებებთან. კონკრეტულად კი, ჩართული იყო თუ არა მამუკა ხაზარაძე საპროცესო გარიგებების გზით დიდი ოდენობით თანხების გათეთრებაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს. საუბარია ბიზნესმენთა ერთ ნაწილზე, რომლებსაც სამართლებრივი პრობლემები ჰქონდათ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ისინი საპროცესო თანხას „თიბისი ბანკში“ ქონების დაგირავებით იხდიდნენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ბევრი ითქვა და დაიწერა მისი და მამუკა ხაზარაძის შესაძლო ალიანსზე, რაც ერთ-ერთი ვერსიით გახდა კიდეც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება „თიბისი ბანკის“ ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში „თიბისი ბანკიდან“ მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული. მათ შორის ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.

კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ დაპირისპირება ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტს უკავშირდება და ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშებლობის კონტრაქტი გახდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რატომ გაქრა პოლიტიკური არენიდან ყოფილ პრემიერთან ერთად მისი ეკონომიკური გუნდიც - მართლა ასრულებდნენ ფინანსური ჯგუფების დაკვეთებს, თუ ეს იყო მხოლოდ პიარი, ცვლილებების გასამართლებლად.

„თიბისი ბანკში“ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, არაფერი სმენიათ.

როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში ახალი გადათამაშება იწყება და სავარაუდოდ, თამაშის წესები შესაძლოა, იმაზე ხისტი აღმოჩნდეს, ვიდრე ამ ხელისუფლებისგან ვართ შეჩვეული. თამაშის ახალი წესები ახალმა პრემიერმაც დააანონსა, თუმცა მამუკა ბახტაძე ბიზნესში სამართლიანი თამაშის წესების დამყარებაზე საუბრობდა.

ის ყველაფერი კი, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვის მიუხედავად, შეშფოთების საფუძველს გაცილებით ნაკლები დოზით გააჩენდა, რომ არა სრულიად ბურუსით მოცული და ბუნდოვანი სიტუაცია სამართალდამცავ სტრუქტურებში, კონკტრეტულად კი იუსტიციის სამინისტროს თუ მთავარი პროკურატურის, გნებავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვის ნიშნებით სავსე საკადრო პოლიტიკა; იგივე, კულუარული ამბები, რომელიც იუსტიციის მინისტრის საპრეზიდენტო აჩევნების შემდეგ შეცვლის შესახებ ვრცელდება.