„ოცნების რეიტინგის ამოვსებისთვის მცირე კოსმეტიკა საკმარისი არ არის“

„ოცნების რეიტინგის ამოვსებისთვის მცირე კოსმეტიკა საკმარისი არ არის“

საქართველოს მთავრობა მუშაობას სამი ახალი მინისტრით იწყებს. მამუკა ბახტაძემ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მიხეილ ბატიაშვილს; ფინანსთა სამინისტრო ივანე მაჭავარიანს; ხოლო ეკონომიკის სამინისტრო გიორგი ქობულიას ჩააბარა. რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. მინისტრის რანგით აგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კახა კახიშვილი იყო მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი.

მამუკა ბახტაძის მთავარობის განახლებულ შემადგელობა ახლა საქართველოს პარლამენტისგან მანდატის მიღებას ელოდება. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისათავის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაწყებულია, რაც 14 ივლისს დასრულდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პრემიერმა პარლამენტს საქმიანი პოლიტიკა შესთავაზა, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას, საქმიანი პოლიტიკით უპასუხოს.

„მინისტრობის ახალ კანდიდატებს წარმატებული კარიერა აქვთ გავლილი და მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. მათ არ გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

უმრავლესობისგან განსხვავებით, წარმოდგენილ გუნდში პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ვერ ხედავას „ევროპული საქართველო“. სერგო რატიანის თვლის, რომ წარმოდგენილ გუნდს არ ექნება რეფორმების გატარების ძალა და შესაძლებლობა. შესაბამისად, ბახტაძის მთავრობა ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად, ტექნიკური მთავრობის მსგავსია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

განახლებული მინისტრთა კაბინეტი არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს, რომლის განცხადებით, ვერ იქნება კარგი მზარეული კარგი ზეინკალი.

„წარმოგვიდგინეს მთავრობის ახალი წევრები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ისინი? არც ერთი არის თავის ადგილზე. მთავარი აზრი, რაც მათი მოკლე კომენტარებისას გამიჩნდა თავში – უიმედობა. განსაკუთრებით მძიმედ გვექნება საქმე ფინანსებში და ეკონომიკაში. რითი დავიმშვიდოთ თავი, თუ ვინმეს ეს გვჭირდება ამ პაპანაქება სიცხეში? - ისევ ამ ნაცნობი და მოჯადოებული სიტყვებით – აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ბახტაძის ხედვები ეკონომიკის მიმართულებით მისაღებია ექსპერტისთვის, მაგრამ როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, წულუკიანი შეიძლება მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი გახდეს.

„ეკონომიკასთან მიმართებაში და ბიზნესთან დამოკიდებულებაში ჩემთვის, მთლიანობაში, მისაღები იყო ბახტაძის ხედვები. სხვადასხვა პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ასეთ დროს ხელისუფლებას სწრაფი შედეგები სჭირდება რაღაც სხვა მიმართულებით და აქ ჩნდება უკვე პრობლემა, რომელიც თეა წულუკიანის ფიგურას უკავშირდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა, ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა. მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა – არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

თეა წულუკიანის როგორც წარუმატებელი მინისტრის მთავრობის შემადგებლობაში დატოვებას და წარმატებული მინისტრის მთავრობის ადმინისტრაციაში გადაყვანას, შეცდომად მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ბახტაძის მინისრტთა კაბინეტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება.

„სახეები მეტ–ნაკლებად უცხოა ჩემთვის. ერთადერთი განათლების მინისტრი მახსოვს, ჟურნალისტი იყო. დანარჩენი ახალი ადამიანები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს კოსმეტიკური ცვლილება და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს რიგი ცვლილებები. მეეჭვება, რომ ჩანაფიქრი იყოს კოსმეტიკური. ივანიშვილის მობრუნების ფაქტიდან და მოტივებიდან თუ ამოვალთ - ნაპრალი არის პარტიის შიგნით, ნაპრალია პარტიისა ხალხთან ურთიერთობაშიო და ამ ნაპრალების ამოვსება არის ჩემი მიზანიო, პარტიის შიდა ნაპრალი ამოივსო თუ არა, გარე თვალისთვის უკვე დაფარულია, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ ნაპრალის ამოვსებას თუ აპირებს, არსებითი რეფორმები საზოგადეობის ინტერესების მიხედვით უნდა გატარდეს. კოსმეტიკით მცირე ნაოჭები ივსება, მაგრამ არა დიდი ნაოჭები. „ოცნების“ ავტორიტეტის დაცემა საკმაოდ დიდი პროცენტით მოხდა და მის ამოვსებას კოსმეტიკა არ ეყოფა. ამიტომ მგონია, რომ ჩანაფიქრი არ შეიძლება იყოს კოსმეტიკური, თუმცა არც ეს ვარიანტია გამორიცხული. ვიმეორებ, „ოცნების“ რეიტინგის ამოვსებისთვის მცირე კოსმეტიკა საკმარისი არ არის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. მისი თქმით, ასეთი ცვლილება არაერთხელ განხორციელდა საქართველოში, რაც შედეგზე ორიენტირებული ვერ აღმოჩნდა.

„ასეთი მარტო ცვილილებებით, რომელსაც ცვლილებებსაც ვერ დაარქმევ, რეალური შედეგის მიღწევა და ახალ ეტაპზე გადასვლა, არის ფაქტიურად შეუძლებელი. როგორც მიდიოდა პოლიტიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესი, ასევე გაგრძელდება. ამიტომ, თუ ხელისუფლებას უნდა რაღაცა შეცვალოს, მან რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას და არა კონსმეტიკური ცვლილება, მთავრობის შემადგენლობის ცვლილება უნდა იყოს რეალური“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.