„ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიასა და „ნაცმოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძის ხელმოწერის შემდეგ მემორანდუმი გაფორმდა და სისხლხორცეულად ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ორი პარტია ისევ ერთმანეთთან ალიანსში აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ძველ „ნაცმოძრაობაში“ გამობრძმედილი სახეების ნაწილი „ევროპულ საქართველოში“ გადაბარგდა, კითხვა კითხვად დარჩა, სუსტდებოდნენ თუ ძლიერდებოდნენ
„ნაციონალები?! ამჯერად კი ირკვევა, რომ მათ ერთმანეთი ისევ დასჭირდათ არჩევნებში წარმატების მისაღწევად და ხელისუფლების შესაცვლელად.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, მათ ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაცმოძრაობამ“ მხარი უნდა დაუჭირონ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს; საარჩევნო კამპანიის დროს თავი შეიკავონ ერთმანეთზე შეტევა-კრიტიკისგან და არჩევნების პირველ და მეორე ტურში მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩეველთა მობილიზება, რადგან სწორედ არჩევნებია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზა.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გასაგებია, მათ საერთო ინტერესი გააჩნიათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და საერთო ინტერესის მისაღწევად რაღაც მომენტში შერიგდნენ კიდეც. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წევრებს, სინამდვილეში, არც უჩხუბიათ, მოგვატყუესო, მაგრამ, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ეს სისულელეა, რადგან ისინი სერიოზულად ნაჩხუბრები იყვნენ და მაინცდამაინც არც უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ, ისინი საერთო ინტერესმა გააერთიანა.
„მათ შორის ალიანსი არ არსებობს, რეალურად, არც გაერთიანებულან. უბრალოდ, გარიგდნენ და მორჩა. არც „ევროპული საქართველოსთვის“ და არც „ნაცმოძრაობისთვის“ ეს წამგებიანი არ იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რადგან ორივეს თავისი ამომრჩეველი ჰყავს და არ დაკარგავენ ამომრჩეველს. „ნაცმოძრაობას“ კი ისეთი ამომრჩევლებიც ჰყავს, რომლებიც საფლავშიც ჩაჰყვებიან“,-აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ვინ გაყო ესენი ერთმანეთისგან?! ორივე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ერთიანი ღირებულებებით, მოქმედების ერთი სტილით და პოლიტიკოსთა მსგავსებით.
„მათ გამოაშკარავებაც არ სჭირდებოდათ, ყველამ იცის, რომ ისედაც ერთნი იყვნენ, უბრალოდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური თამაშები გულის ამრევია და იმის მაგივრად, პარტიები და ისტებლიშმენტი ქვეყნის კეთილდღეობაზე იყვნენ ორიენტირებულნი, განუხრელად ამ თამაშების მომსწრენი ვართ. ეს წამგებიანი იქნება ორივე მათგანისთვის, „ნაცმოძრაობისთვსაც“ და „ევროპული საქართველოსთვისაც“, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია, რომ ორივე ერთად ჩაირეცხება“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ მათ ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ. ამდენად, უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანებს ისე არაფერი აერთიანებთ, როგორც ერთობლივი დანაშაული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პარტიის გაყოფა იმიტირებულად ჩავთვალო, მაგრამ, რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმზე, ის დანაშაულები მათ ერთად ჩაიდინეს. რაც არ უნდა ეზიზღებოდეთ ერთმანეთი, დანაშაული მათ უჩენს გადაულახავ ვალდებულებას, რაც ადრე თუ გვიან იჩენს თავს. ეს მემორანდუმი საერთო მრავალწლიან დანაშაულზე დგას“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.