მცირე მთავრობის ახალი სახეები განათლებასა და ეკონომიკას მიხედავენ

მცირე მთავრობის ახალი სახეები განათლებასა და ეკონომიკას მიხედავენ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებების, როგორიც არის განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვენლოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმება. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე.

„დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში. მიგრაციის კომპონენტი შსს-ში, ხოლო სოციალური საკითხები გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. კულუარული ინფორმაციით, განათლების უწყებას ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

იგი ასევე არის მაღალტექნოლოგიური ცენტრის „სილიკონი ველი თბილისის“ წარმომადგენელი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აშენებს. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ „სილიკონი ველი თბილისის“ გახსნის შემდეგ საქართველოს პრეტენზია ექნება, გახდეს განათლებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან.

ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს - ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა განიხილება, იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა პროფილის კომპანიებს უწევს კონსულტირებას.

ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს. კიდევ ერთი ვერსიით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ბოლო წლებში კომპანია „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

როგორც პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა სამთავრობო გუნდის დასახელება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი პრეროგატივაა. როგორც ცნობილია, პრემიერი უმრავლესობასთან შემაჯამებელ კონსულტაციებს ხვალ გეგმავს.