5 თვით მინისტრთა კაბინეტში(?!)

5 თვით მინისტრთა კაბინეტში(?!)

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა 11 ივლისს წარედგინება. უკვე გადაწყვეტილია, რომ 14 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. მანამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც პრემიერ–მინისტრი კაბინეტის ახალ შემადგენლობას თავად წარადგენს. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრაქტიკულად, დასრულდა.

უკვე ცობილია, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის სავარძელს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაცია გრძელდება. ამ ეტაპაზე თანამდებობას ინარჩუნებს იუსტიციის მინიტრი თეა წულუკიანი. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება და მას როგორც უმარვლესობაში ამბობენ, კახა კახიშვილი შეცვლის.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანი წარმატებული მინისტრი არ არის და უწყებას ხარვეზები აქვს, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, რომ ამ ეტაპზე დარჩეს გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელად.

„თეა წულუკიანთან დაკავშირებით ჩვენს თანაგუნდელებს კითხვა არაერთხელ დაუსვეს და მინდა, მკაფიო განცხადება გავაკეთო. თეა წულუკიანი ჩვენი თანაგუნდელი, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია. ნურავინ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი მის მიმართ ისეთ განცხადებებს გააკეთებს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რომელიმე ვიწროპარტიულ დაჯგუფებას გაუხარდებათ, რომელთაც მასთან პირადი ანგარიში აქვთ და სურთ, ეს ანგარიში დღეს როგორმე გაათანაბრონ. ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წულუკიანის მთავრობის შემადგელობაში დარჩენას მხარს არ უჭერს, „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებით, ჩვენ მაღალი რეპუტაციის მთავრობა გვჭირდება და თუ მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები იქნება, ეს მთავრობის რეპუტაციას მხოლოდ დააზიანებს.

„თეა წულუკიანს გარედან უფრო გამოსდის შეფასებების კეთება, ვიდრე მაშინ, როცა ის პროცესების შუაში იმყოფება. თეა წულუკიანის თაობაზე სწორედ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, როგორც საზოგადოება თვლის საჭიროდ. ჩვენ ვართ დამოკიდებული ამომრჩეველზე – როგორც ამომრჩეველი გვეტყვის, ისე უნდა მოვიქცეთ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

თავად თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერის გადასაწყვეტია დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე. მისი თქმით, მამუკა ბახტაძის შესაბამისი განცხადების შემდეგ ის თავად გადაწყვეტს დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„რაც შეეხება მინისტრი დარჩება თუ არა პოზიციაზე, ამას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მინისტრი არ წყვეტს. სურს თუ არა დარჩეს ამ პოზიციაზე, გადაწყვეტილებას ის ბოლოს იღებს. ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ კანონები უნდა გამოქვეყნდეს, რომლებმაც მცირე მთავრობის კონცეფცია უნდა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი წარმოადგენს შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენ დამისვათ ის კითხვა, რაც დღეს დამისვით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავრობის განახლებულ შემადგელობას მხარს არ უჭერს „ევროპული საქართველო“. სერგი კაპანაძის განცხადებით, წულუკიანი არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი. მისი თქმით, წულუკიანის მინისტრად დარჩენას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და ამ პროცესში პრემიერი ბახტაძე მონაწილეობას არ მიიღებს.

„თეა წულუკიანი არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის ის შეფასების კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი. ის ხელმძღვანელობს პირადი ლოიალობით და მისადმი ერთგულებით, აქედან გამომდინარე, ის როგორც ჩათვლის საჭიროდ, ზუსტად ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და არანაირად გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა ბატონ ბახტაძეს, როგორც ჩანს, არ ექნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, სასჯელაღსრულების და იუსტიციის, იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი.

„ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ეს არის პირადი მორჩილება, ეს არის ერთგულება, ეს არის შავი საქმეების შესრულება, ეს არის ბინძური საქმის შესრულება, ყველაფერის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყოს, აი, ვინც ყველაფერს იკადრებს, ის იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტრო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.