მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. შერჩეულმა კანდიდატებმა გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც თუ საპროკურორო საბჭო ერთ-ერთ მათგანს მხარდაჭერას გამოუცხადებს, შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.
მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.
შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.
საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა. მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მთავარ პროკურატურასთან ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, ირმა ჭკადუა აცხადებს, წინასწარ კანდიდატურების შეფასებას ვერ გააკეთებს. რაც შეეხება, თუ რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული კანდიდატები, როგორც ჭკადუა აცხადებს, მათი დასახელება იუსტიციის მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ხოლო ვინ მოიპოვებს საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერას, ეს დამოკიდებულია კანდიდატებზე, თუ რა პროგრამით წარსდგებიან ისინი საპროკურორო საბჭოს წინაშე.
როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, მთავარი პროკურორი ისევ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან შეირჩევა, რადგან თანამდებობებს ძირითადად მისი ყოფილები იკავებენ, ყოფილი ექიმი, ადვოკატი თუ სხვა.
როგორც ირმა ჭკადუა აცხადებს, კრიტიკა ოპოზიციის ლეგიტიმური უფლებაა.
„მე ვერ ვუკარნახებ ოპოზიციას, რა მოეწონოს და რა - არა. მეც ბევრი რამ არ მომწონს, ან მომწონს, მაგრამ ჩემს პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა ვაფიქსირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას, ამასთან დაკავშირებითაც ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ იქიდან, რა პერსონიფიცირებაც მოახდინეს, ყველა ვხედავთ, რომ ივანიშვილის დანიშნულმა ექიმმა, სერგეენკოს ვგულისხმობ, გაამართლა და ერთ-ერთი საუკეთესო სამინისტროს საუკეთესო მინისტრია“,- აცხადებს ჭკადუა.
როგორც უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამგვარ თემებზე, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში.
„უნდა ველოდეთ, რომ შალვა თადუმაძე იქნება შერჩეული ამ სამი კანდიდატიდან და ის დაინიშნება მთავარ პროკურორად, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ცუდია თავად ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ამოკლებს მის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობას“,- მიიჩნევს ლია მუხაშავრია.
რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმას, ირმა ჭკადუას განცხადებით, მთავარ პროკურატურაში ძირეული ცვლილებებია აუცილებელი.
„მას შემდეგ, რაც კანდიდატების სამოქმედო ხედვებს მოისმენს საპროკურორო საბჭო, უკვე შეიქმნება გარკვეული შთაბეჭდილება, რომელი მათგანი რა ცვლილებას გეგმავს. იქამდე, ვიდრე მათ სამოქმედო ხედვებს მოვისმენთ, გამიჭირდება რომელიმე მათგანის შეფასება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს, პირველ რიგში მისასალმებელია, რომ საპროკურორო კანდიდატებს შორის ქალბატონი ნინო გოგნიაშვილი დასახელდა და ალბათ, ღირსეული კანდიდატია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამართლის დოქტორიც ყოფილა, ძალიან სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, ქალი ყოფილიყო მთავარი პროკურორი, თუმცა, წარმოდგენილი კანდიდატებიდან კარგად ვიცნობ შალვა თადუმაძეს და შალვა შავგულიძეს. ვფიქრობ, შალვა შავგულიძე არის ამ შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატი, თუკი ხელისუფლებას სურს, რომ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური მთავარი პროკურორი ჰყავდეს ქვეყანას. ის არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, არც საჯარო მოხელე, არც ამ პარტიასთან ასოცირებული და ყოველთვის მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი გახდეს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
რაც შეეხება პროკურატურის რეფორმირებას, რაც მრავალი წელია, კრიტიკის საგანია, როგორც მუხაშავრია აცხადებს, ეს პროცესი დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ასევე პერსონალურად, მთავარ პროკურორზეც.
„პოლიტიკური ნება თუ იქნება, შეირჩევა მართლაც პოლიტიკურად ნეიტრალური და კვალიფიციური მთავარი პროკურორი, თუ ის გამოიჩენს გონიერებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ველოდოთ წარმატებებს, თუმცა ასეთი პროგნოზი არ მგონია, რომ გამართლდეს - როგორც ვხედავთ, არც პოლიტიკური ნება ჩანს და არც პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატის დანიშვნას არ ველოდებით. თუმცა, თუ პროკურორი არ იქნება კვალიფიციური და მიუკერძოებელი, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ პროკურატურაში გამრუდდეს სამართალი“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე შეფასებით, აუცილებელია საზოგადოებამ მოისმინოს სამივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა - რა ცვლილებების გატარებას გეგმავენ და როგორი წარმოუდგენიათ მომავალში საქართველოს მთავარი პროკურატურა.
მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის საკითხს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პროცესი აქტიური საჯარო განხილვებით უნდა წარმართულიყო, რაც არ მომხდარა.
„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება და მთავარი პროკურორი ისე უნდა შეირჩეს, რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა ჰქონდეს.
ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური საჯარო კონსულტაციები უნდა მომხდარიყო. მე რამდენადაც ვაკვირდები, ისე მოხდა კანდიდატურების დასახელება, რომ საზოგადოებრივი განხილვები არ ყოფილა. შესაბამისად, ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იმ საკითხების გვერდზე გადადება მოხდა, რაც ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოწიეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვისმენდეთ ტრაგიკული ისტორიების საგას, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი გვჭირდება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხები უცებ გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთ კანდიდატურაზე პოზიციას არ დავაფიქსირებ, რადგან მთავარი არის თვითონ პროცესის განხორციელება. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ მოგვიხდა, გვჭირდება საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკრური, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება სისტემის შინაარსობრივი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.