უმრავლესობის სიტყვა უმცირესობის სიტყვის წინააღმდეგ - აპირებს თუ არა, მთავრობა ქამრების შემოჭერას, ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობს

უმრავლესობის სიტყვა უმცირესობის სიტყვის წინააღმდეგ - აპირებს თუ არა, მთავრობა ქამრების შემოჭერას, ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობს

მთავრობა დაჩქარებული წესით ცდილობს ახალ ფორმატში გადასვლას და პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის სამი მოსმენით განხილვისთანავე ახალი პრემიერი უკვე ახალი მინისტრებით წარსდგება პარლამენტის წინაშე.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი გუშინ დაამტკიცა და ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესი დღეს გაგრძელდება - საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაჩქარებული წესით არის დაგეგმილი, რომელიც დაახლოებით 120-კანონპროექტისგან შედგება.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლე იქნება.

უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოების და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალება.

გარდა ამისა, უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების, რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას ეხება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

ოპოზიცია სტრუქტურულ ცვლილებებს არ აღიარებს - „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ვერ დაინახეს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოაკლდეს მთავრობას კეთილდღეობა და როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხს ფული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ საქმე არ გვაქვს ნორმალურ მთავრობასთან და შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან.

„ეს ცვლილებები გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სურვილიდან, ნაკლები ადამიანის მეშვეობით აკონტროლოს საქართველოს მთავრობა. ძალიან ვწუხვარ, რომ არ გინდათ ამ რეალობის თვალის გასწორება. თქვენ იმასაც არ აღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამოეწურა სანდო საკადრო რეზერვი, ხელიდან ეცლება პირადი ბანკირები, პირადი თანაშემწეები, პირადი ექიმები, პირადი იურისტები და სურს შეამციროს მინისტრების რიცხვი. სტრუქტურული ცვლილებები გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პარანოიკული ხასიათიდან და არა სახელმწიფო ან სამთავრობო ხედვიდან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის რესტრუქტურიაზაციას პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები.

„არ დავუჭირეთ პრინციპების დონეზე მხარი ბახტაძის მიერ შემოთავაზებულ მთვრობის რესტრუქტურუზაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამას არაფერი საერთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან არ აქვს. მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და კეთილდღეობა გადაუნაწილოს ხალხს და ხალხში დატოვოს მეტი ფული გადასახადების დაწევით. ბუნებრივია, თუ მთავრობა ამას არ აკეთებს და არ აქვთ წარმოდგენილი ფურცელზე დაწერილი გეგმა, როგორ აპირებს შემოიჭიროს ქამრები?! ბუნებრივია, „ევროპული საქართველო“ ასეთი მთავრობის რესტრუქტურიზაციას მხარს ვერ დაუჭერს და ის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც კვირიკაშვილის მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გუნდი მხარს უჭერს მცირე მთავრობის კონცეფციას, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ოპერატიული. გადაწყვეტილებები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მიიღებენ, აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

როგორც მან განმარტა, ცვლილებების მთავარი მიზანია, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება.

„ჩვენი რეფორმის შემდგომი ეტაპი უკვე იქნება ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო მობილიზებული ფინანსური რესურსი, პირველ რიგში მოხმარდება იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ბავშვები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.