„აჭარის ახალი ლედერის ფიგურა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შესაძლოა, განხეთქილების ვაშლადაც იქცეს“

„აჭარის ახალი ლედერის ფიგურა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შესაძლოა, განხეთქილების ვაშლადაც იქცეს“

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ახალმა პრემიერმა, რომელსაც ჯერ მთავრობაც კი არ წარუდგენია სახელისუფლებო სტრუქტურებში, უკვე სკადრო წმენდა დაიწყო - იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი გაცხრილვა „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლის შემდეგ რომ მოეწყო, გაცილებით ბევრ დესტრუქციულ მომენტს აიცილებდა თავიდან ამ წლების განმავლობაში. თავად მთავრობის ლიდერი ოფიციალურად დიდ საკადრო ცვლილებებს არ აანონსებს, მაგრამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის შემდეგ უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დატოვა თანამდებობა და როგორც პატარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად.

„მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე გუნდში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ რეგიონში, ჩემს აჭარაში და სიკეთეები და ბევრი საქმე მეკეთებინა ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პატარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ხორციელდება ნორმალური პროცესია.

„ბატონმა ზურამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ის, რომ ცვლილებები ხორციელდება ეს არის ნორმალური პროცესი. ბატონი ზურა იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მომავალ საქმიანობაში ის იქნება ისეთივე აქტიური და ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პოზიციაზე. მე მას წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლა გიორგი კვირიკაშვილის კადრების მოცილებას უკავშირდება.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ზურაბ პატარაძის შეცვლით აჭარაში არაფერი შეიცვლება და მის შემცვლელსაც ბიძინა ივანიშვილის ახირებების დაკმაყოფილება მოუწევს.

„რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს, თუმცა ამით, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, რადგან ვინც არ უნდა იყოს პატარაძის შემცვლელი, მასაც მოუწევს იგივე დავალებების შესრულება - ხეების გადაზიდვა თუ სხვა ახირების დაკმაყოფილება, რომელსაც მისცემს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. არაფერი პატარაძის გამოცვლით არ იცვლება. მან თავი დაამახსოვრა საქართველოს იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას არანაირი დაბრკოლება არ ჰქონოდა. არაფერი დადებითი მას აჭარისთვის და აჭარელებისთვის არ გაუკეთებია და წინსვლა ამ რეგიონს არ უნახავს. სამწუხაროდ, მისი წასვლით ეს ნეგატივი არ შეიცვლება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა „შავ სიაში“ შეიყვანეს და მმართველ გუნდს არც კი განუმარტავს, რატომ აგდებს ზურაბ პატარაძეს.

„ვინ უხელმძღვანელებს აჭარას, ალბათ, გუნდმა ამაზეც იმსჯელა, თუმცა, არ არის გამორიცხული, აჭარის ახალი ლედერის ფიგურა პრეზიდენტსა და ახლა უკვე ახალ მთავრობას შორის განხეთქილების ვაშლადაც იქცეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე პრეზიდენტს მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებს.

„კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.

კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურა ხარვეზიანია და შესაძლებელია, წარმოშვას დავა უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, აღმოჩნდება, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე წარადგენს.

„ამის პასუხს იძლევა საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს, თუმცა აქ ცენტრალური მთავრობის წინასწარი თანხმობის ვალდებულება მითითებული არ არის. იქმნება ვათარება, რომელიც განმარტებას მოითხოვს, რადგან პირდაპირი პასუხი არა გვაქვს არც საქართველოს კონსტიტუციიდან და არც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონიდან“,- აცხადებს მენაბდე.

ექსპერტის აზრით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონი ამ პროცედურაში მოიაზრებს იმას, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„ჩემი ინტერპრეტაციით, ამ შემთხვევაშიც საჭიროა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა იმ კანდიდატზე, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს. თუმცა საკითხი დგას ასე - ამ შემთხვევაში კანონს ვინც იყებს, არის პრეზიდენტი. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს კონსტიტუციის ნორმებს. მას ამ შემთხვევაში ეს უპირატესობა აქვს. ამიტომ თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, ის ამ ნაბიჯს გადადგამს და აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე შეიტანს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ორი რამ: თუ მთავრობა პრეზიდენტის ამდაგვარ ინტერპრეტაციას არ დაეთანხმა, მაშინ მას მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა კომპეტენციებთან დაკავშირებით და მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდება. აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება უარი თქვას ამდაგვარი პროცედურით წარმოდგენილი მთავრობის თავმჯდომარეობის ნდობაზე. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილებას გადამდგარი თავმჯდომარე შეასრულებს ან შესაძლებელია აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას და მაინც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად იყო ეს კონსტიტუციის შესაბამისი“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.