მცირე მთვრობის კონცეფციის საბოლოო ვარიანტი უკვე პარლამენტშია - როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, ცვლილების თვითმიზანს არ წარმოადგენს თანამშრომელთა გათავისუფლება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. ყველა დონეზე იგეგემება ადმინისტრაციული ხარჯის ოპტიმიზაცია და ეს მხოლოდ გაერთიანებულ სამინისტორებს არ ეხება, ეს ყველა დონეზე გაგრძელდება, დაწყებული სამინისტროების გაერთიანებით, დასრულებული ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის თემით. რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს რეფორმირების მორიგი ციკლი საქართველოსთვის, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ხელისუფლების და მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, როდესაც მცირე მთავრობაზე მსჯელობენ, აქცენტი კეთდება ხარჯების დაზოგვაზე, მინისტრების ჯიპებიდან ჩამოსმაზე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, მცირე მთავრობის კონცეფცია, წარმოდგენილი სახით, რეალურად გამოიღებს შედეგს თუ ხელისუფლებამ მთავრობის მორიგი რეფორმა წამოიწყო იმის გამო, რომ უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩა?
- როგორც ითქვა, ფიქრობენ, რომ სამინისტროების ნაწილი უნდა შემცირდეს, ამით რაღაც თანხები გამოთავისუფლდება და ეს იქნება მცირე მთავრობა, როგორც ჩანს, მართლაც ასეა, რადგან სხვადასხვა განცხადებებს მიუხედავად, სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
მცირე მთავრობა რეალურად გულისხმობს არა მხოლოდ სამინისტროების შემცირებას - ეს ერთ-ერთი კომპონენტია და შემცირება საჭიროა არა მხოლოდ ცენტრში, არამედ რეგიონებში. ანუ მმართველობა იქნება ეს თუ თვითმმართველობა, ზოგადად, ინსტიტუციების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით. ბიუჯეტის არაპირდაპირი მხარჯველი ორგანიზაციები რომ არის სიპები და აიპები, მათაც უნდა შეეხოს და ა.შ. - თუმცა ოპტიმიზაცია მხოლოდ ერთი ნაწილია.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მცირე მთავრობა გულისხმობს პოლიტიკურ მთავრობას, ანუ სამეურნეო ნაწილი მთლიანად უნდა ჩამოშორდეს, გადავიდეს კერძო სექტორში ან საზოგადოებრივ დაქვემდებარებაში - ეს არის ჩემი შეხედულება, ანუ, ზოგადი პოსტულატები, როგორი წარმომიდგენია მცირე მთავრობა.
ასევე, უნდა მოხდეს დელეგირება საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებისა რეგიონებში, შესაბამისად, ამ ყველაფრის ერთობლიობა მოგვცემს მცირე მთავრობის კონცეფციას.
ეს ყველაფერი რომ გააკეთო, სამკვირიანი ვადა არის წარმოუდგენელი, სამ თვეშიც კი არ მოესწრება მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ყველა კითხვაზე არსებობდეს პასუხი და ყველა დეტალი და ნიუანსი იყოს გათვლილი და გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, სასწაულს ვერ გააკეთებ, მაგრამ იდეალურთან უნდა იყოს მიახლოებული და ამას ჯერ კაბინეტური სამუშაოების ჩატარება სჭირდება - ინფორმაციის მოპოვება, დალაგება, და შემდეგ განხორციელება. ასე რომ, მე სხვანაირად ვუყურებ ამ მცირე მთავრობის კონცეფციას, დღევანდელი პოლიტიკური გუნდი - სხვაგვარად და ამდენად, ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა.
როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, ცვლილებები მორგებულია ეფექტიან და მოქნილ მთავრობაზე, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს, ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა მივიღოთ - როგორც თავად ხელისუფლება აცხადებს, დაახლოებით 150-მდე კანონში მომზადდა ცვლილება...
- პიარის თვალსაზრისით ეს მცირე მთავრობა ძალიან მოხერხებული და ეფექტურია, მაგრამ თუ ამ ტერმინს იქით გავიხედავთ, არსებობს 30-წლიანი გამოცდილება ქართული სამთავრობო ცვლილებებისა, მაგრამ ადრე, როგორც წესი, ეძახდნენ არა მცირე მთავრობას, არამედ მთავრობის რეფორმირებას. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელი თქვენ ჩამოთვალეთ, უკვე გატარებული სამთავრობო ცვლილების დროს იყო მოხმობილი - აცხადებდნენ, რომ მოხდებოდა ოპოტიმიზაცია, მიიღებოდა უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები, დაიზოგებოდა თანხები შავი ჯიპების, თეთრი ჯიპების - ეს ეტაპები უკვე გავლილი გვაქვს. ყველა ხელისუფლება შეეცადა, მთავრობის რესტრუქტურიზაციას, ზოგჯერ გამსხვილება ხდებოდა სამინისტროების, ზოგჯერ - პირიქით, დაყოფა და არც ერთ შემთხვევაში ამას ის ეფექტი არ ჰქონია, რასაც გვპირდებოდნენ. მეტიც - არანაირი ეფექტიც არ ჰქონია.
მოხარული ვიქნები, მეც და ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანი, თუ ეს კონცეფცია გაამართლებს. კი ნამდვილად კარგი იქნება, თუ 50 მილიონი ლარი მაინც გამოთავისუფლდება ხარჯებიდან და სხვა საჭიროებებს მოხმარდება, მაგრამ განვლილი ისტორიის გათვალისწინებით დღევენდელი ხელისუფლების ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ.
ამ 30-წლიან გამოცდილებასაც თავი რომ დავანებოთ, გვითხრას ვინმემ ამგვარმა რეფორმამ ოდესმე მაინც დადებითი შედეგი თუ გამოიღო და რა იყო ეს შედეგი? რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, სასჯელაღსრულების ან კულტურის სამინისტრო რომ გაუქმდება, კანონებში ძველი სამინისტროების დასახელებები ხომ არ დარჩება? - ეს არის და ეს. ასე რომ, 150 ან 200 კანონში ცვლილებების შეტანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი და უკეთესი კანონმდებლობა მივიღეთ.
ოპოზიცია ამბობს, რომ რომ „ქართული ოცნება“ მასობრივად ვერ გაანაწყენებს თავის აქტივს, რომელიც სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ჰყავს დასაქმებული, ამდენად, სერიოზული თანხებიც ვერ დაიზოგება. შემცირებებიც არც თუ უმნიშვნელო პრობლემაა და პოლიტიკურად რამდენს დააკაგვინებს მმართველ ძალას ასეთი პოლიტიკა, მით უმეტეს, რომ უახლოეს პერიოდში ორი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი?
- როგორც თქვეს, მაინც და მაინც ბევრი ხალხის შემცირებას არ აპირებენ, მაგრამ რეალურად, მცირე მთავრობის კონცეფცია სერიოზულ შემცირებებსაც გულისხმობს, რაც ალბათ, ეტაპობრივად განსახორციელებელია. ანუ ახლა ფინანსების გამოთავისუფლება მოხდება ეკონომიკური ზრდის და არა შემცირებული ბიურიკრატიის ხარჯზე. ზოგადად, ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, შესამცირებელია, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან. მათ ერთ მშვენიერ დღეს რომ გამოუცხადებ აღარ მუშაობო, მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება - ანუ ამ პროცესს სოციალური ფაქტორების გაანალიზებაც უნდა სდევდეს თან და როდესაც ვამბობ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციას სულ ცოტა ერთწლიანი მუშაობა სჭირდება, სწორედ ამგვარ ფაქტორებს ვგულისხმობდი. ძალიან ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი, თუ რეალურ რეფორმას ატარებ, მაგრამ თუ მექანიკურად ამცირებ, ეს სხვა თემაა და მისი მარტივად გადაწყვეტაც შეიძლება.
თუ არსებობს ეჭვი, რომ ვერც ეს რეფორმა ვერ გამოიღებს შედეგს, მაშინ რა მიზანი აქვს საერთოდ მის გატარებას?
- ვისურვებდი, რომ დადებითი შედეგი მალე თვალსაჩინო გახდეს, თუმცა ამ ნაბიჯს უფრო პიარის მიმართულებით განვიხილავდი, ვიდრე რეალური რეფორმების თვალსაზრისით.
თუ არ გაამართლა ამ რეფორმამაც გაგრძელება როგორი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს?
- არანაირი, კვირიკაშვილის რეფორმამაც არ გამართლა - თქვეს არ გაამართლაო და კვირიკაშვილი წავიდა. მერე ვიღაც ახალი მოვა და იტყვის სამინისტროები არასწორად შეაერთესო და დაშლის - ერთხელ და ორჯერ ყოფილა ასე?!
ამასობაში მოვა 2020 წლის არჩევნებიც და ვისაც ამ ხელისუფლებითვის ხმის მიცემა არ მოუნდება, მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობა არ იქნება. ამ გადასახედიდან საკმაოდ უპერსპექტივო სურათი ჩანს...
- უპერსპექტივობა მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ მთავრობა დიდია, არამედ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი - მათზეა დმოკიდებული, როგორ მოაგვარებენ სოციალურ საკითხებს, როგორ მოახერხებენ ნეგატიური პროცესის შემობრუნებას. ამას თუ შეძლებენ, პრობლემა არ ექნებათ, თუ ვერა - საკმაოდ ცუდად წავა პოლიტიკური პროცესი და ჯერჯერობით, მხოლოდ ასეთი სურათი იკვეთება. თუმცა, ამ ხელისუფლებას დრო ჯერ კიდევ აქვს, რომ რაღაც დადებითი შედეგი დადოს. ამას სჭირიდება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ხელისუფლება უნდა იყოს მართლა ხელისუფლება და არა ქვეყნის პირველი თანამდებობის პირი დანიშნოს ვიღაც სხვამ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა.
სულ გვქონდა იმაზე ლაპარაკი, რომ კვირიკაშვილი ვერ გახდა ლიდერი. ის თუ ვერ გახდა, ბახტაძეც ხომ ვერ გახდება ლიდერი? არა და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის მთელი ფილოსოფია სწორედ ის არის, რომ პარტიის მეთაური უნდა გახდეს ქვეყნის ლიდერი. ჩვენ რაღაც უცნაური მმართველობა გვაქვს, როდესაც გამარჯვებული პარტიის ლიდერი ქვეყნის პირველ პირს ნიშნავს.
როდესაც ვლაპარაკობთ პროცესის შემობრუნებაზე, ამას ძალიან სერიოზული და მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება და ამას ვერ გააკეთებს ადამიანი, რომელიც არ არის ლიდერი, არ აქვს პოლიტიკური კაპიტალი და მოსახლეობაში იწვევს გაურკვევლობას.
მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბახტაძის გვარი მას შემდეგ გაიგო, რაც ის პრემიერი გახდა. ასეთი ადამიანი კი გენიოსიც რომ იყოს, რეფორმებს ვერ ჩაატარებს. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რომ პოლიტიკური პროცესი წარმართოს, მაშინ ივანიშვილმა უნდა დაიკავოს პრემიერის ადგილი და არა ბახტაძემ. თუ სერიოზული რეფორმა არ გატარდა, სამინისტროები გინდა დაშალე და გინდ შეაერთე, არაფერი შეიცვლება.