ხელისუფლებას ორი ფავორიტი

ხელისუფლებას ორი ფავორიტი

4 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურული ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ. ცვლილებების პროექტი ბ0იუროს უკვე წარედგინა, რომლის განხილვა მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით გადაწყდა. უკვე ხვალ განხილვები კომიტეტებში დაიწყება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

საკანონმდებლო პაკეტით წარდგენილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ასეთია – კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება; უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის დანაყოფები იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა; ასევე უქმდება ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის ფუნქციები ჯანდაცის, ინფრასტრუქტურის და შსს–ს გადაეცემა.

ასევე, სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. ამ დრომდე უცნობი რჩება ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი. არსებული ინფორმაციით, გაერთიანებულ უწყებას სათავეში კახა კახიშვილი ჩაუდგება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით, დიდ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუკი ის ახალ მთავრობაში არ იქნება. როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, დარწმუნებულია, რომ ყველგან ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, ამ ქვეყანაში ვიქნები და ნებისმიერი პოზიციიდან რა პოზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწმით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება. ევროპულ ქვეყნებში სასჯელაღსრულების სისტემა ან იუსტიციის სამინისტროში, ან შსს-შია გაერთიანებული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არსად ცალკე სამინისტროდ არ არის. 2008 წელს, როცა პროკურატურა შეურთდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლებოდა, რომ დევნის ორგანო და სასჯელის აღსრულების ორგანო ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ. აქედან გამომდინარე გამოეყო და შეიქმნა ეს სამინისტრო. დღეს უკვე საჭიროება ამ სამინისტროს ცალკე არსებობის არ არის“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება ქვეყნის მთავრი პროკურორი. ამ დროის მონაცემებით, მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან – პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე მეტი შანსი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, შალვა თადუმაძეს აქვს, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერს, თუმცა, ამ დრომდე თადუმაძე კომენტარს არ აკეთებს.

დუმილს არღვევს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, რომლიც ასევ მთავრობის მიერ არის ლობირებული და რომლის განცხადებით, მზად არის მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს. ნადარეიშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც წერს, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებულიყო შემოთავაზებას და მონაწილეობა მიეღო მთავარი პროკურორის არჩევნებში.

„გათვითცნობიერებული მაქვს, პროკურატურის წინაშე, დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები. პროკურორი, ბუნებრივია, ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი იქედან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობა ასოცირდება სისხლის სამართლებრივ დევნასთან. თუმცა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მოპოვება სავსებით შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, მივიღებ თუ არა იუსტიციის მინისტრისა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უხელმძღვანელებს ღირსეული და გამოცდილი ადამიანი, რომელიც სტრუქტურისათვის უცხო სხეული არ იქნება (იგივე პოზიცია მქონდა ადრეც)“, - წერს ირაკლი ნადარეიშვილი.

იურისტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ნადარეიშვილის და შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორობის მსურველთა სიაში ჩასმა საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, თუმცა ნათელი ხდება მმართველი გუნდის თამაშები. მისი თქმით, დასკვნით ტურში პროკურატურის და მთავრობის კანდიდატები გადავლენ და გარიგება სწორედ პროკურორთა კორპუსასა და სახელმწიფოს შორის მოხდება, რაც მისივე შეფასებით, ძალიან ცუდია.

„თავისთავად, პროკურატურა პოლიტიკური ლოიალობისთვის არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებებს, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დააკორექტირებს. საზოგადოებისთვის ეს არაფერს ცვლის. თუმცა, ნათელი ხდება მმართველი გუნდის თამაშები. თუ პროცედურული თამაშები დარჩა, სავარაუდოდ მეორე, დასკვნით ტურში იქნებიან პროკურატურის და მთავრობის წარმომადგენლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობისა და პროკურატურის კადრები იქნებიან მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის მთავარი ლიდერები.

გადაწყვეტილებებსაც აქ მიიღებენ. ამ შემთხვევაში გარიგება მოხდება პროკურატურის კორპუსს, მხედველობაში მაქვს საბჭო და პოლიტიკოსებს შორის, რაც ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა და პროკურორთა კორპუსი ჩართული იქნებიან პოლიტიკურ პროცესში, ეს კი ნეიტრალიტეტს არ ნიშნავს. გარიგების საგანი კი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ეს იქნება იმ პროცესის გაგრძელება, რასაც წლებია ვუყურებთ“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, როდესაც საუბარია კონკრეტულ პიროვნებებზე, თუ ეს პიროვნებები ასოცირდებიან მოქმედ სისტემასთან, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დაბალია ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ საბოლოოდ მთავარი პროკურორის პოსტზე შერჩეული იყოს ადამიანი, ვისაც ექნება საზოგადოების ნდობა.

„არსებობს მართლმსაჯულების კოალიციის ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი – მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, უნდა შეჩერდეს. ამასთან, უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ იმ რეფორმაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს იმ კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

შესაბამისად, პირველ რიგში, კანონმდებლობა უნდა იყოს მოყვანილი კონსტიტუციასთან. საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრი საერთოდ ჩამოცილდება პროცესს და რეალურად, საპროკურორო საბჭოს კომპეტენციაში გადავა მთელი ეს პროცედურები. ასევე, რაც მნიშვნელოოვანია ამ პროცესში, ჩვენ რეალურად უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება მზად არის ის ცვლილებები, რომელიც სისტემას სჭირდება შიგნით, განახორციელოს“, – აცხადებს სულხან სალაძე.