შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები, რომ ტარდებოდეს 27% „ქართულ ოცნებას“; 17% „ნაციონალურ მოძრაობას“; 7% „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ხმას არასოდეს არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, 24% „ნაციონალური მოძრაობას,“ 6% „ევროპულ საქართელოს“ – ასეთია IRI–ის ბოლო კვლევის მონაცემები, რომელიც 10–დან 22 აპრილის შუალედში ჩატარდა.
მმართველი გუნდი კვლევის ობიექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა, ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ალაპარაკდა. დეპუტატი ამბობს, რომ თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს, ავტორიტეტული არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად 2020 წლამდე ვერ მივა და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს. მისი თქმით, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია.
„თუ იმ გზას ვადგავართ, რომ წარმატებული მინისტრები სახლში უნდა გავუშვათ და იმ მინისტრებს ვიტოვებთ, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, „ქართულ ოცნებასაც“ მალე სახლში გაუშვებენ. თუ რიგგარეშე არჩევნების საყოველთაო მოთხოვნა იქნება, ის რესურსი შეიძლება გამოიძებნოს, რითაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლება დაინიშნოს. საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობას დააფიქსირებს და აქედან გამოჩნდება, გაზაფხულზე საჭიროა თუ არა ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები დამოკიდებული არც „ქართულ ოცნებაზეა“, არც „მოქალაქეთა კავშირსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ იყო. ამას ქართველი ხალხი წყვეტს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ თანაგუნდელის პოზიციას და აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის საკითხი არ დგას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შედეგს ვერ აჩვენებს, ის ხალხის მიერ უნდა იყოს გადარჩეული.
„როცა ვადამდელი არჩევნების თემა გაისმის, იმ წუთში დაძაბულობის იმ ხარისხს წარმოვიდგენ, რაც საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ყველაფერს გეგმაზომიერად და კანონის შესაბამისად უნდა მივყვეთ. მგონია, რომ ახალი მთავრობა ეფექტიანი იქნება და რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება“, – აცხადებს გია ვოლსკი.
გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას მხარს არც ოპოზიცია უჭერს.
ჭიჭინაძის პოზიციას იზარებენ ანალიტიკოსები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ თუ ვინმეს დღეს ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს დაღმავალი რეიტინგი და 2020 წლისთვის როგორი იქნება მისი რეიტინგი არავინ იცის.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურ ფრთაზე ფლაგმანები ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, სხვა ოპოზიციური ძალები გაერთიანებას ვერ ახერხებენ, ამ სურათის გათვალისწინებით, მმართველ გუნდს ძალიან მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს ვადამდელი არჩევნები.
„მაგრამ „ქართული ოცნება“ თავისით ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, გაუჭირდება. პოლიტიკაში და მით უფრო დასავლურ ქვეყნებში მიღებულია, როდესაც პარტია რეიტინგს კარგავს, ცდილობს დანიშნოს არჩევნები, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია. „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას. ხიფათი იმისა, რომ საპროტესტო ტალღა აგორდება, ამ წუთში არ არის და
„ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ტონალობაში გააგრძელოს საქმიანობა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ ნელ–ნელა კარგავს რეიტინგს და როდესაც ეს მთელს საზოგადოებას მოედება, შემდეგ უკვე პრობლემა იქნება არა მარტო არჩევნების ჩატარება, არამედ არჩევნებზე წარმატების მიღწევა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია რიგგარეშე არჩევნები, ვინაიდან მმართველი გუნდი შეაჩერებს რიტინგის ვარდნას, მიიღებს ახალ მანდატს და ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის ახალ 4 წლიან ვადას.
„მაგრამ თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგაც ისევე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური პროცესი და ქვეყნის მართვა, როგორც დღეს, მაშინ ამას აზრიც არ ექნება. რიგგარეშე არჩევნები მომგებიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ათვლის წერტილით დაიწყებს საქმიანობას. ეს ახალი ეტაპი უნდა იყოს ხელისუფლების რეფორმაცია, მთლიანად მთელი სახელმწიფო სისტემის შეცვლა. აუცილებელია სხვა რელსებზე გადასვლა, რომ ბიძგი მისცეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ასეთ შემთხვევაში აზრი ექნება არჩევნებს. თუ ასე გაგრძელდება, 2020 წლისთვის საკმაოდ რთული ვითარება იქნება.
ვიმეორებ, თვისობრივად შესაცვლელია სახელმწიფო მოწყობის და ფუნქციონირების პოლიტიკა. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რაც ითხოვს ახალ ლეგიტიმაციას. რაც მთავარია ეს ლეგიტიმაცია ისევ ნულამდე იქნება დაყვანილი, თუ პარტიის ლიდერი არ გახდება ქვეყნის პირველი პირი. სხვა მხრივ სახელმწიფო ვერტიკალი ვერ იფუნქციონირებს. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ მობილურ მთავრობაზე, თუ პარტიის ლიდერი არ იქნება ქვეყნის პირველი პირი, სხვა მხრივ ეს მოდელი ვერ იმუშავებს და მთავრობა მობილური ვერ იქნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დღეს „ქართულ ოცნებას“ დნობადი რეიტინგი აქვს, მაგრამ სხვებს უფრო დნობადი აქვს.
„ხშირად გაიგონებთ ასეთ განცხადებას – „ქართული ოცნება“ არ მომწონს, მაგრამ ხმას ვაძლევ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა აგებულია ნაციონალებისგან საფრთხოებელას შექმნის პრინციპზე, ამის ალტერნატივით სთავაზობენ საკუთარ თავს.
ამერიკელების რჩევით ანალოგიური გააკეთა ბორის ელცინმა, მას ძალიან დაბალი ჰქონდა რეიტინგი – 6%, კომუნისტების საფრთხე წამოწია და ამ საფრთხის პედალირებამ მოუტანა ის, რომ გაიმარჯვა 60%–ით. პოლიტიკაში ასეთი საფრთხეების პედალიდერებით საკუთარი რეიტინგის დაცვა ძველი ხერხია. თავისთავად ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში წამყავნი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა გაცილებით მიუღებელია, ვიდრე მმართველი პარტია“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, სანამ ძალთა განაწილების ასეთი სქემა არსებობს, „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება რიგგარეშე არჩევნები. მომგებიანია იმ კუთხითაც, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნის წლებს.
„თუ ივანიშვილს უნდა ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს საქართველოში, რომ მისი ჩარევა არ იყოს საჭირო, მაშინ მომგევიანია ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილი მოტრიალდა იმიტომ, რომ ნახა ეს ხელისუფლება ჩარევის გარეშე ვერ მოქმედებს. ხელისუფლების თვითგანვითარებისთვის რომ ასეთი ხელოვნური ჩარევა არ იყოს საჭირო, საჭიროა საპარლამენტო კონტროლი. ეს პარლამენტი მთავრობაზე კონტროლს ვერ ახორციელებს, ძალიან პასიურია.
აგერ საგამოძიებო კომისიაშიც პროცესი მიჰყავს „ევროპულ საქართველოს“, უმრავლესობის წევრები სხედან და უსმენენ ძირითადად, მაშინ, როდესაც შეეძლოთ მათ აეღოთ ეს ინციატივა თავის თავზე. მაგრამ, რატომღაც უმრავლესობის წევრები თვლიან, რომ მათი მოვალეობაა ხელისუფლების ადვოკატირება, რაც პრინციპულად არასწორია. ეს პარლამენტი მეტისმეტად პასიურია მთავრობის გაუმჯობესებისთვის, ეს უკვე სახეზეა. ვადამდელი არჩევნები სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ ფეხზე დადგეს მისი ხელისუფლება და ივანიშვილის მიერ არ იყოს სულ ხელით სატარებელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.