„უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებით, ბახტაძემ კვირიკაშვილის გამშვების მთავარი ვერსია ააყირავა“

„უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებით, ბახტაძემ კვირიკაშვილის გამშვების მთავარი ვერსია ააყირავა“

უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე“.

წინასწარმეტყველებაში გარღვევა გვაქვს - ჩვენი პოლიტიკოსები ათწლეულების მიღმა იყურებიან. აი, ახსნის უნარი კი...

სულ ცოტა ხნის წინ გადადგა (გადააყენეს) პრემიერი, სცადა აეხსნა მიზეზი, სხვებმაც სცადეს - ვერ გავიგეთ, ხალხთან ურთიერთობის უნარი არ აღმოაჩნდათ. ამასობაში ახალი წინასწარმეტყველებები წამოგვეწია. რა მოხდება არ ვიცით და აღმოაჩნდება თუ არა ახალს „კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე“ - არც ეს შეიძლება ვიცოდეთ, რადგან არც ჩვენ გვაქვს უნარი მოვითხოვოთ, ვაიძულოთ.

ეს (არც კი) სამმილიონიანი ქვეყანა ახლაც ცვლილებების მოლოდინშია, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია არ განმეორდება, რომ ბანკირები მოსახლეობას არ გაყვლეფენ, რომ ქვეყანას ეყოლება პრაგმატული ხელისუფლება, რომ ოპოზიცია მხოლოდ საფრთხობელა აღარ იქნება...

რაც შეეხება ხელისუფლებას, მის ირგვლივ მხოლოდ პასუხგაუცემელი კითხვებია - რატომ გადადგა კვირიკაშვილი? ვინ მართავს პოლიტიკურ პროცესებს? გაჩნდება თუ არა ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ოპოზიცია? რა მოხდება ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს? - პასუხებს, ლოგიკის დახმარებით, ფაქტებში ვეძებთ.

ეს არის ამ ინტერვიუს მიზანიც, რომელიც ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძესთან ჩავწერეთ.

მამუკა ბახტაძის გამინისტრებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გაპრემიერებაზე. ბახტაძის აქტიურობა სოციალურ ქსელშ; ინიციატივები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა უწყებების პრეროგატივა უფრო იყო ვიდრე ფინანსთა სამინისტროსი; დაპირისპირება კვირიკაშვილის გუნდსა და პარლამენტის თავმჯდომარის გუნდს შორის და, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში - ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური ბედი დიდი ხნის წინ იყო განსაზღვრული. ალბათ, არც ჯინის ინდექსის გაზრდა გამოდგება კვირიკაშვილის გადაყენების არგუმენტად, ვინაიდან ქვეყანაში სოციალური ფონის გაუარესებაზე მაჩვენებლებს სისტემატიურად აქვეყნებდა სტატისტიკის სამსახური. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ფაქტია, მან კატალიზატორის როლი ითამაშა მოცემულ ვითარებაში. ამდენად, რას თვლით მთავარ მიზეზად, რის გამოც კვირიკაშვილი ჩამოაშორეს მთავრობას, იყო თუ არა ეს პრემიერის ირგვლივ გავლენიანი ფინანსური ჯგუფების, მობილიზების მცდელობა, რაც ბიძინა ივანიშვილი ალტერნატივად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო? და, რაც მნიშვნელოვანია, ივანიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ, იქნებოდა თუ არა ეს საფრთხე ქვეყნისთვის?

- ალეტრნატიული ფინანსური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკას დააფინანსებენ, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყანაში, მაგრამ ისეთები, რომლებიც პოლიტიკურ იდეაში დებენ ფულს და არა მხოლოდ საკუთრი ბიზნეს-ინტერესების ლობირებაში. სხვაგვარად პოლიტიკური სპექტრი ვერ განვითარდება. ამერიკამ ლობიზმი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოაქცია, როცა სხვა ვერაფერი მოუხერხა.

აქ მნიშნელოვანია კიდევ ერთი საკითხი: იყო თუ არა ანაკლიის პორტის გარშემო დატრიალებული ვნებათაღელვა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენებისა, იდეოლოგიური არჩევანი. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ჰქონდათ არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ჩინურ-რუსულ კომპანიებსაც. შეიძლება თუ არა ვიგულისხმოთ მამუკა ხაზარაძის უკან ამერიკული ინტერესი, რომ ანაკლიის პორტი არ დაეთმოთ ჩინელებისთვის, რათა ჩინელებს არ ჰქონოდათ „საკუთარი“ პორტი შავი ზღვის აკვატორიაში, თუ ეს მხოლოდ კარგად შეფუთული ლეგენდაა? ასე რომ, საინტერესო იქნება დავაკვირდეთ კვირკაშვილის წასვლის შემდეგ ანაკლიის პორტის მომავალს. ახალმა პრემიერმა კი დადო პირობა, რომ პორტის მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ ვისი ხელით და ვისი მეპატრონეობით ეს, ჯერ, ალბათ, თავადაც არ იცის.

კვირკაშვილის გადაყენების ისტორიაში ცხადი მხოლოდ ის არის, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები არ ყოფილა. როგორც ახალმა პრემიერმა განაცხადა, თურმე კვირიკაშვილის წასვლის წინა თვეს ქვეყანაში, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა - 7,6%.

ისე, ბახტაძემ ის პიარი რომ მოიკითხოს, ვინც მას ამ ინფორმაციის საზეიმოდ გაჟღერება ურჩია, არ უნდა?! ახალმა პრემიერმა ამ ინფორმაციის სადღესასწაულოდ გასაჯაროებით კვირიკაშვილის გამშვების და მისი თანამდებობაზე დამსმელის მთავარი ვერსია ააყირავა, რის თანახმადაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან ეკონომიკური სიტუაციის გაუარებისთვის გადააყენეს. ასე რომ, ბახტაძეს, მომავალში მეტი წინდახედულება მართებს, რათა ბიძინა ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოს. სხვა საქმეა, ეკონომიკური ზრდის ეს ციფრი რამდენად რეალურია და მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება თუ არა.

პოლიტიკის გასაღები, როგორც წესი, ეკონომიკაში დევს. თუ ანაკლიის პორტის ვერსიას გავყვებით, გამოდის, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა მას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას დამკვეთების მიმართ ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკაში ისევ ვიხილოთ, ოღონდ ბარიკადების მეორე მხარეს?

- რაც შეეხება თავად კვირიკაშვილის სავარაუდო პოლიტიკურ მომავალს, რაზეც დღეს ბევრს საუბრობენ: აქ ორი მთავარი კითხვაა - პირველი: რა აქვს შესათავაზებელი კვირიკაშვილს ხალხისთვის - რომ ის მზად არის ივანიშვილს ებრძოლოს? და ვისთან ერთად, ანუ რა პოლიტიკურ კომბინაციაში? სურს კი თავად კვირიკაშვილს ეს? - მეეჭვება, ამ ეტაპზე მაინც. და მეორე კითხვა, უფრო მთავარი: რამდენად დააინტერესებთ ფინანსურ ჯგუფებს კვირიკაშვილის, როგორც ოპოზიციური ლიდერის დაფინანსება?! და მზად არიან თუ არა საქართველოში ჩამოყალიბებული მსხვილი ფინანსური ჯგუფები ივანიშვილს ღია ბრძოლა გამოუცხადონ? უღირთ კი?

და საერთოდაც, საქართველოში არსებული მსხვილი ფინანსური ჯგუფები, მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებენ ოპოზიციური მოძრაობის დაფინანსებაზე, თუ მათ ივანიშვილი საკუთარი ინტერესების დაცვის სხვა გზას არ დაუტოვებს. ივანიშვილს კი ბიზენსთან ურთიერთობაში ეს ზღვარი ჯერ არ გადაულახავს.

თუმცა ისიც ცხადია, რომ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგაც „ოცნება“ მონოლითური ვეღარ გახდება - ხელისუფლების შიგნით აშკარად რჩება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დროებით დაიოკეს ამბიციები. თუმცა, ადრეც მიმაჩნდა და ახლაც იმავეს ვიტყვი: შიდა კონკურენციაში ცუდი არაფერია, თუ ის ჯანსაღი კონკურენციის, ახალი იდეებისა და საინტერესო ინიციატივების წინაპირობად იქცევა, ოღონდ არა მხოლოდ მეტი ძალაუფლების მოპოვების კუთხით.

კვირიკაშვილი დასავლეთისთვის მისაღები ფიგურა იყო და მისმა გადაყენება უარყოფით გამოხმაურება ჰპოვა. მართალია, ეს არ ყოფილა სახელმწიფო დონეზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ იმ ფონზე, როცა ოპოზიცია დასავლეთში მკაფიო მესიჯებს გზავნის ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობაზე, როცა ქვეყანაში ოპოზიციური ველი გაწმენდილია, როცა ხელისუფლებას, პრაქტიკულად, კონკურენტი არ ყავს, შესაძლებლად მიგაჩნიათ დასავლეთი უფრო შორს წავიდეს და მისი ინტერესის სფეროში მოექცეს ქვეყანაში ახალი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება?    

- შეიძლება ითქვას, რომ კვირიკაშვილის გადაყენების მიზანშეწონილობის თაობაზე კითხვები ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთ გაჩნდა. სხვადასხვა ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, რომლებიც საკუთარი არეული და გაპრობლემებული საგარეო პოლიტიკის გამო, თითქოს ნაკლებად უნდა იცლიდნენ საქარველოსთვის, ინტერესდებიან, ხომ არ გამოიწვევს კვირიკაშილის გადაყენება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლას. ეს კითხვა გააჩინა იმან, რომ ბახტაძის მთავრობაში, დღეის მდგომარეობით, მათ არ ჰყავთ ამერიკასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანი ანუ დასავლეთისთვის და ამერიკისთვის ყველა უცხო სხეულია, არა „ამერიკული“ წარსულით, თავად პრემიერი კი - რუსული განათლებით. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოუწია ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, არა ახალი პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო, არამედ, პარლამენტის საგარეო პოლიტიკური გუნდი.

უაღრესად საინტერესო ინფორმაცია იყო მედიაში პრეზიდენტობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად აშშ-ში საქართველოს ელჩის, დათო ბაქრაძის საკითხის განხილვის თაობაზე. ბაქრაძე ელჩის პოზიციაზე უპრეცედენტო აქტივობით გამოირჩევა და ის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული და საუკეთესო ელჩია, მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებული გავლენიანი კონტაქტებით. ამიტომაც, შეიძლება „ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი - ახალ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებული კითხვები, პრეზიდენტობის კანდიდატად დათო ბაქრაძის წამოყენებით დააკომპენსიროს, რაც სიმბოლური ჟესტი იქნება საქართველოს მიერ დასავლური კურსის ერთგულების. 

როგორც წესი, ხალხი ქუჩაში ხელისუფლებას გამოყავს. ძალიან მოკლე დროში ზედიზედ სამი აქციის მოწმე გავხდით და თითოეული ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნამდე დავიდა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ვგულისხმობ სამთავრობო ცვლილებებს, ერთი შეხედვით, ტექნიკურად, გადაფარა კრიზისული ვითარება, მაგრამ პრობლემები, რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ისევ პრობლემებად რჩება - სიღარიბე, უსამართლობის განცდა და .. ხელისუფლებაში თუ ხედავთ რესურსს, რომ უკმაყოფილების კიდევ ერთი საპროტესტო ტალღა არ დაგვატყდეს თავს?

- ეს დიდწილად ახალ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. მე ბახტაძის მთავარ რესურსად ის მიმაჩნია, რასაც სხვები მის ნაკლად მიიჩნევენ - მისი ახალგაზრდობა. პრემიერად წარდგენის დღეს მას ჰქონდა სამსიტყვიანი საინტერესო მესიჯი: განათლება, ინოვაცია, ახალგაზრდობა, რაც, ნამდვილად მისი და ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

ის, რომ მისი პრემიერობა გადაწყვეტილი იყო, მე მივხვდი დაახლეობით ორი თვის წინ, როცა საიტებზე აქა-იქ მოკრძალებულად გაკრთა ინფორმაცია მისი ბილ გეიტსთან შეხვედრის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა და ამიტომაც, მას სამთავრობო მედიამ გამორჩეული ყურადღება ვერ დაუთმო, მაგრამ ამ ფრაგმენტული შეხვედრის მნიშვნელობა ის მესიჯია, რომ ბახტაძისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიურად განვითარებული საქართველო, რაც ამ ქვეყნის წინსვლის ერთადერთი სწორი ხედვაა. ტექნოლოგიური საქართველო, რომლის მიღწევასაც უნდა დაექვემდებაროს განათლების, ეკონომიკის და საზოგადოების რეფორმაც - არის ის უმთავრესი მიზანი, რომელიც ბახტაძის იქნება თუ ნებისმიერი სხვის, მთავრობას წარმატებულს გახდის. საქართველო უნდა იქცეს განათლების და ტექნოლოგიების რეგიონალურ ჰაბად - ეს მისი ორგანული ფუნქციაა გეოგრაფიული მდებაროებიდან და უაღრესად ნიჭიერი მომავალი თაობიდან გამომდინარე. ესტონეთი ამის არაჩვეულებრივი ნიმუშია - როგორ გახდა პატარა ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო. ბახტაძის პირველი რიგის ამოცანად მე მესახება ქართული დესანტის გადასხმა ესტონეთში ამ გამოცდილების შესწავლის მიზნით, მით უფრო, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ესტონური გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანის კარგი მოდელი მოგების გადასახადის სახით.

და მეორე, საზოგადოებრივი დაკვეთა ბახტაძის მიმართ - ეს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებაა: პოლიტიკაში ახალი, ანთებული თაობის შემოყვანის ხელშეწყობა, მათთვის ერთგვარი ხიდის როლის შესრულება. რაც ასევე, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალზედ აქტიური, მაგრამ სწორი, კვალიფიციური პიარის ფონზე, რათა ის „მიშას“ შარჟად არ წარმოაჩინონ, რისი რისკიც ბოლო დღეებში აშკარად გაჩნდა. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ჩემი მხრიდან კეთილი სურვილებია, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს სწორი ხედვები, მაგრამ რამდენად შეძლებს ამის განხორციელებას, ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება თავად მთავრობას, ვფიქრობ, რომ ახალი მთავრობა, ყველა წინამორბედზე მეტად იქნება ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირებული: 2012 წლის კოალიციური მთავრობის შემდეგ ღარიბაშვილსაც და კვირიკაშვილსაც მიეცათ მეტ-ნაკლები თავისუფლება მინისტრების დაკომპლექტების კუთხით. მეჩვენება, რომ ბახტაძე ამ კუთხით ყველაზე მეტად შეზღუდული იქნება, თუმცა შეიძლება ვცდები და ეკონომიკური ბლოკი სწორედ მას დააკომპლექტებინონ პირადი პასუხისმგებლობით.

ექსპერტთა დიდი ნაწილი გამოსავალს ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებაში ხედავს. ალბათ, ესეც ამ ქვეყნის პრობლემაა, რომ ყოველთვის ვცდილობთ პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს ავკიდოთ. ივანიშვილი კი იმაზე ღრმად არ აპირებს საჯარო პოლიტიკაში შემოსვლას, ვიდრე შემოვიდა. მოცემულობა ასეთია - სადაც უნდა იყოს, მისი ფაქტორი უზარმაზარ გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე. 2012 წელს, როცა დაგვჭირდა, ჩვენც გამოვიყენეთ მისი გავლენა და რესურსები. ახლა, როგორც ჩანს, ეს ქვეყნისთვის პრობლემად იქცა?! ადამიანი თავისი რესურსებით და გავლენებით არსებობს და ამას ვერაფერს მოუხერხებ. რა გამოსავალს ხედავთ, რომ ჩვენგანაც გავათავისუფლოთ და ჩვენც გავთავისუფლდეთ ივანიშვილის გავლენისგან?      

- ის რომ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი ფაქტორია, ამაზე ვერ ვიდავებთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს ივანიშვილი დგას უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე: ან უნდა გააგრძელოს ძველებურად მართვა, ან შემოიტანოს მართვის პრინციპულად ახალი პარადიგმა. მგონია, რომ შუალედური გზები, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, გაიკრიფა.

2020-ისთვის რომ არ ფიქრობს მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას, ცხადია, მაგრამ რაღაცას ხომ ფიქრობს 2024-ისთვის, როცა, სხვა თუ არაფერი, საარჩევნო მოდელის ცვლილება (როცა მხოლოდ პროპორციული გზით ავირჩევთ პარლამენტს), ქვეყანაში სხვა რეალობას შექმნის. მკითხველისთვის რომ თვალსაჩინო იყოს, ერთ მაგალითს მოვიყვან: 2016 წლის არჩევნებში „ოცნებამ“ პროპორციული ანუ პარტიაზე მიცემული ხმებით მხოლოდ - 48% აიღო, მაგრამ მაჟორიტარული კომპონენტის წყალობით საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 77% დაიკავა. სხვა სიტყვებით, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 30%-ით უფრო დიდი წარმომადგენლობა მიიღო, ვიდრე ამას პროპორციული სისტემით მოახერხებდა. ანუ 2020-ს რომ გადავახტეთ, 2024-ში მაინც „ოცნება“ უმრავლესობით ვერ მოვა პარლამენტში. ანუ ივანიშვილმა ან ახალი, მართული პარტიები უნდა შექმნას, მათ შორის, ოპოზიციური ან ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და ახალი თაობის შემოყვანას, რასაც გვპირდებოდა 2012 წელს. ხომ აფინანსებდა ლამის ორი ათწლეული ძველ თაობას, მის ადგილას ახლა დავაფინანსებდი ახალს: წარმატებულს, ტექნოლოგიურს, ინოვაციურს; შევხვდებოდი რეგიონების მიხედვით წარმატებულ ახალგაზრდებს, ვინც შეძლო და ამ „გაქუცულ“ ქვეყანაში წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, ვინც წინააღმდეგობათა გადალახვის და წარმატების საკუთარი, პატარა თუ დიდი ისტორიები შექმნა. ასეთი, გაგიკვირდებათ და ამ ქვეყანაშიც კი უამრავია. მოვუსმენდი - რა უნდათ, რა რესურსია ისინი საქართველოსთვის და ა.შ. ეს ერთი გზაა, რომლითაც ის ისტორიაში დარჩება არა მარტო როგორც „მიშას წამქცევი“, არამედ როგორც ქვეყნის ფეხზე დამყენებელი.

არის მეორე, აპრობირებული გზაც და სამწუხაროდ, საცდური დიდია, რომ მართული ოპოზიციური პარტიებით და მოსუფთავებული პოლიტიკური ველით, სადაც თავის შემოყოფის სურვილი არ აქვს არავის - მართვას დიდხანს შეძლებს.

დღემდე „ოცნების“ ხელისუფლება იდგა 4 ძირითად საყრდენზე: 1. ეს იყო და არის - ადმინისტრაციული რესურსი - საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები; 2. ჯერჯერობით კიდევ რჩება - საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გამჯდარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიში; 3. იყო და ბოლო პერიოდის აქციებმა აჩვენა, რომ აღარ არის - მოსახლეობაში გამჯდარი აპათია და ზოგ შემთხვევაში, დეპრესია, რაც მას პროტესტის აქტიურად გამოხატვის სურვილს უკარგავდა. საზოგადოება უკვე მზად არის თავისი პროტესტი ქუჩის აქციებით გამოხატოს და 4. - გადასწორებული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ამომრჩეველი საკუთარ იმედებს უკვე ვვეღარ უკავშირებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მდგომარეობა ჯერ კიდევ უცვლელია, ძირითადად ორი რამის ხარჯზე: პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ქვეყანაში 30 წლის მანძილზე უცვლელად იყო, ობიექტურადაც ამოწურა საკუთარი რესურსი, მეორე მიზეზი კი არის ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ლიდერების მიზანმიმართული მარგინალიზაცია სოციალური ქსელებისა და სპეციალურად მართული საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის სურვილს უკარგავს ადამიანებს, მათ შორის ახალ თაობას.

ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ერთადერთი უალტერნატივო ძალა პოლიტიკურ სივრცეში, მით უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე და არ დაუშვას ახალი ლიდერების გამოჩენა, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებათ და შესაბამისად, ხალხის მობილიზება შეეძლებათ.

ჯერჯერობით ეს ტაქტიკა ჭრის და „ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას წარმატებით უხანგრძლივებს, მაგრამ ყველა იარაღის წინააღმდეგ, ადრე თუ გვიან, კონტრიარაღი იქმნება, ასე რომ, ახალი ლიდერების გამოჩენის ახლებური მეთოდებიც გაჩნდება საზოგადოებაში და „ოცნებასაც“ ეს ტაქტიკა ბუმერანგივით მიუბრუნდება და ასეთი მეთოდებით მართვის კომფორტიც უსასრულოდ ვერ გასტანს.

ასე რომ, მე ვფიქრობ, ივანიშვილისთვის უალტერნატივო გზაა ახალ, ჯანსაღ თაობას გაუხსნას გზა პოლიტიკაში და ამითი ქვეყნის რეფორმირების მისიასაც წარმატებით შეასრულებს. მთავარია, მან ამის აუცილებლობა დაინახოს.

საგრძნობლად გააქტიურდანაციონალური მოძრაობა“, ალბათ, თავად უკეთ იციან, რომ ქვეყნის სათავეში მათი დაბრუნება უტოპიაა. ოპოზიციას გაერთიანებას სთავაზობენ, მაგრამ ეს მხოლოდ, დროებითი, ტექნიკური საშუალებაა მათთვის პოლიტიკურ ველზე საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ოპოზიციის არც დანარჩენ ნაწილს ესინჯება პულსი, მაგრამ, თეორიულად,ნაციონალებმაშედეგს რომც მიაღწიონ და ქვეყანა არიონ, თავად რას იგებენ - მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილს? ყველაფერი ეს, მხოლოდევროპული საქართველოსდაძირვის მცდელობაა? ჩემი მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს - ხომ არ დაინახესნაციონალებმასაფრთხე, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი ძალის, „ოცნებისდაევროპული საქართველოსდამკვიდრების მცდელობა მიმდინარეობს? ეს ეჭვები საგამოძიებო კომისიაში მათთვის უპირატესობის მიცემამაც გააძლიერა.

- სულ მცირე, 2020-ისთვის „ნაციონალებს“ არც ერთ კონფიგურაციაში ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვთ, იმიტომ, რომ ხალხს დღემდე მათი უფრო ეშინია, ვიდრე ხელისუფლების. მოკლევადიან პერსპექტივაში „ევროპული საქართველოს“ იმიჯიც დამოკიდებულია საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც სარალიძის საქმეს იძიებს, რაც მათი 2020 წლის პარლამენტში მოხვედრის შანსებს ზრდის, თუმცა არ მგონია, რომ მათ შეძლონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის თუ ძალების იმიჯი 2024-ისთვის, რადგან ისინი რადიკალური იმიჯური, იდეოლოგიური და რესურსული განახლების აუცილებლობას ვერ გრძნობენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მერე უფრო გამოჩნდება ახალი პოლიტიკური კომბინაციები, შეიძლება გააქტიურდნენ ცალ-ცალკე ან ერთად ცალკეული პოლიტიკური ფიგურები: უსუფაშვილი, ელისაშვილი, ვნახოთ რას იზამს მარგველაშვილი და ა.შ. შესაძლოა, ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდული მემარცხენე ძალებიც ზემოთხსენებულ ფიგურებთან ან ფიგურების გარეშე. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა საზოგადოებრივი განწყობები მზად არის ახალი პოლიტიკური ლიდერების მისაღებად.

ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენ გამოვცადეთ პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ერთი მოდელი - ერთი ქარიზმატული ლიდერი - ორთქმავლით, რომელსაც შეეძლო საზოგადოების განწყობების ხელში აყვანა. დღეს ასეთი ლიდერი არ ჩანს, რაც ჩვენი უიმედობის მთავარი წყაროა. არ გამოვრიცხავ, რომ ვდგევართ ახალი პოლიტიკური პარადიგმის წინაშე, როცა რაოდენობა გადავა ხარისხში - ანუ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი შექმნის იმ მუხტს, რასაც - ადრე ერთი ქმნიდა. ეს ქვეყნის პროგრესისთვის, სტაბილური განვითარებისთვის, პოლიტიკური კულტურის ზრდისთვის, პოლიტიკური კონკურენციის განვითარებისთვის უაღრესად დადებითი იქნება, რაც დაამთავრებს მესიანიზმის და უმწიფრობის ხანას ქართულ პოლიტიკაში. იმედია, რომ პოლიტიკური სტაგნაციის ხანიდან მალე გამოვალთ.