„ამ არასამთავროებს აქვთ კი ასეთი რეიტინგი მოქალაქეებში, რომ აირჩიონ მთავარი პროკურორი?!“

„ამ არასამთავროებს აქვთ კი ასეთი რეიტინგი მოქალაქეებში, რომ აირჩიონ მთავარი პროკურორი?!“

4 ივლისს მთავარი პროკურორის არჩევის ვადა იწურება. ორთვიანი პაუზის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის მეხუთე მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიოს. თუმცა,  ოფიციალური ინფორმაციით, თეა წულუკიანი 9 ივლისამდე შვებულებაში იმყოფება. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრი შვებულებაში პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით იმყოფება. მოცემული შვებულება, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ყოფილა შეთანხმებული.

შვებულებიდან დაბრუნებული მინისტრი პირველ სამუშაო დღეს საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გახსნის. რაც შეეხება მთავარი პროკურორის არჩევას, სამინისტროს განცხადებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. რაც შეეხება მსურველებს, ამ დროისათვის წარდგენილია 7 კანდიდატი – პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე ; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი. კანდიდატებს შორის იყო მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელმაც საკუთარი კანადიდატურა მოხსნა.

15 წევრისგან შემდგარი საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და მათგან ერთ–ერთს იუსტიციის მინისტრი დასამტკიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგენს. ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ იღებენ არასამათვრობო ორგანიზაციები, რომლებიც იუსტიციის მინისტრ - თეა წულუკიანს, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავჯდომარეა, უნდობლობას უცხადებენ და მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, მანამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

კერძოდ, მესამე სექტორი ითხოვს, რომ საპროკურორო საბჭოში არ უნდა იყვნენ დეპუტატები, მოსამართლეები და უნდა იყვნენ პროკურორები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დღეს არის – ორი წარმომადგენელი უნდა იქნას არჩეული ომბუდსმენის აპარატთან არსებული კომისიის მიერ, ასევე პარლამენტი უნდა მონაწილეობდეს გარკვეული ფორმით – ნახევარს უნდა ირჩევდეს უმრავლესობის დეპუტატები და ნახევარს ოპოზიცია, ხოლო მათი წარმომადგენლები უნდა იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები და ადვოკატები.

კანონი დარეგისტრირებულია, თუმცა პარლამენტი ამ მოდელის გაზიარებას არ აპირებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ამ ვადამდე პროკურატურის შესახებ ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული.

„ჩვენ მზად ვართ მოსაზრებები განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. თქვენ იცით, რომ პროკურატურის შესახებ კანონზე ახლა ვმუშაობთ. ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან – იმ ვადამდე ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული. გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ძალიან მაინტერესებს რა იდეები აქვთ, მზად ვარ, რომ ეს იდეები მე პირადადაც მოვისმინო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლავე იყოს მთავარი პროკურორის არჩევის ისეთი წესი, რომელშიც მინიმიზირებული იქნება პოლიტიკური გავლენები. for.ge–სთან საუბრისას იურისტი განმარტავს, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური და მიუკერძოებელი მთავარი პროკურორი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც პარტიული ზეგავლენისგან, ასევე ხელისუფლებისგან.

„მაგრამ რამდენად იქნება შესაძლებელი ასეთი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა და დანიშვნა, ეს არის მთავარი და ძალიან საჭირბოროტო საკითხი. ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად იცის, როგორი მთავარი პროკურორი სჭირდება ქვეყანას, მაგრამ ეს არ იცის მისმა ხელისუფლებამ. მათ გონიათ, რომ მთავარი პროკურორი უნდა იყოს მათიანი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. კანდიდატების სია, რომელიც გაცხადებულია, არ მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ რომელიმე მათგანი ამ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება კიდევ არ არის გამოფხიზლებული და კიდევ ვერ ხვდება რა მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორის ფიგურა, მისი პიროვნული თვისებები. ამიტომ, რაც მალე მოიჭრის ხელისუფლება იმ ტოტს რომელზედაც ზის, ალბათ, უკეთესია. როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის არჩევას და იუსტიციის მინისტრის მონაწილეობას, მუხაშავრია ვარაუდობს, რომ ეს წულუკიანის ბოლო შვებულებაა და უნდა რომ შეირგოს.

„მით უფრო, რომ ის მარტო არ ისვენებს ხოლმე. დაცვის სრული კორტეჟი დაყვება, სულ ცოტა 5 თანამშრომელი. მართლაც ძალიან გასაოცარია, რატომ უნდა სჭირდებოდეს იუსტიციის მინისტრს შვებულების დროს ამდენი დაცვის თანამშრომელი? როგორც ჩანს, ეს მისი ბოლო შვებულებაა და ამიტომ მისცა თავს დასვენების უფლება.

მას რომ სკამის შენარჩუნების პერსპექტივა ჰქონდეს, ცხადია მას არ იზამდა და გაცილებით გულმოდგინედ შეარჩევდა მთავარ პროკურორს და კანდიდატურებს. მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაწყვიტა ვინ იქნება მთავარი პროკურორი და ამიტომ წულუკიანის მონაწილეობა ამ პროცესში სრულად არ არის საჭირო და აუცილებელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

ვინ იქნება მთავარი პროკური – ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდმივად დგას ეს პრობლემა.

„ვიცი ერთი რამ – ხელისუფლების რეორგანიზაცია უნდა მოხდეს მთლიანად. მარტო მთავარი პროკურორი, ვინც უნდა იყოს ის, ვერ შეძლებს ამ ჭაობიდან ამოსვლას, ეს გამორიცხულია. ყველა საქმეს მთავარი პროკურორი ვერ განიხილავს. გარდა ამისა, ეს საქმეები მერე მიდის სასამართლოში, მანამდე არის სხვა ინსტანცია. აუცილებელია სახელმწიფო სისტემა იყოს ერთიანი.

გეთანხმებით, რომ შესაძლოა, შესაცვლელია არჩევის წესი, მაგრამ გამაგებინეთ, ჩემთვის, როგორც გარეშე პირისთვის ან ოპოზიციის მიერ არჩეული მთავარი პროკურორი რატომ იქნება ობიექტური, ან ამ არასამთავროებს აქვთ კი ასეთი რეიტინგი მოქალაქეებში, რომ აირჩიონ მთავარი პროკურორი?! მართლა ძალიან მაინტერესებს.

არ არის აქ ასე მარტივად საქმე, როგორც ესენი უყურებენ – თუ სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება ე.ი. ყველაფერი კარგად და გამჭვირვალედ იქნება. არ იქნება, ვერ იქნება. მათ საკუთარი ინტერესი აქვთ, იმიტომ, რომ მათთვის არის თემა, მაგრამ ჩემთვის თემა არის სახელმწიფო. ჩვენ სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობთ. როცა გვექნება სახელმწიფო, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ იდეალებზე, რომელი დეტალებია შესაცვლელო“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ ჩვენ გვინდა რაღაცას მივაღწიოთ, მაშინ სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელზეც სწორად არის გააზრებული სტუქრურები და არჩევის წესი ერთიანობაში იქნება დაბალანსებული.

„ასეთ შემთხვევაში შეიქმნება ერთიანი სივრცე, როგორც საზოგადოებრივი, ისე სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური. ასეთ ვითარებაში არასამთავრობოების ქმედებაც იქნება გამართლებული. კი ბატონო, შევცვალოთ და ვინც გინდათ ის დავნიშნოთ მთავარ პროკურორად, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, რომ რაღაც ეტაპზე მან შეიძლება გაქაჩოს, შემდეგ ისიც ამ სისტემაში ჩაეწერება, სისტემა გარიყავს და იძულებული გახდება წავიდეს თანამდებობიდან. სისტემა არის მთლიანად შესაცვლელი და ეს სისტემა არ შეიცვლება მანამ, სანამ პოლიტიკური ცხოვრება არ მოწესრიდგება ქვეყანაში.

ძალიან ბრწყინვალე მაგალითი გვაქვს, შევარდნაძის მმართველობის დროს ზარ-ზეიმით მივასვენეთ კუბოები სასამართლოში. შემდეგ სააკაშვილის მეთაურობით ჩავაბარეთ სასამართლოს დიდი რეფორმა, მაგრამ სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდა, თუ როგორ არის საქმე?! როდესაც ასეთი მაგალითი გიდევს წინ, უნდა იცოდე, რომ ცალკეულ უწყებაში რეფორმებს ვერ გაატარებ, არ გატარდება, არ გამოვა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.