დაწუნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ეკონომიკური ზრდა მოჰყვა, მაშინ რას შეეწირა ყოფილი პრემიერი?

დაწუნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ეკონომიკური ზრდა მოჰყვა, მაშინ რას შეეწირა ყოფილი პრემიერი?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიურ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობა და ეროვნული ბანკი სათითაოდ ეხმაურება და ხაზს უსვამს იმ მომენტებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სწორ მიმართულებასა და მისაღებ ტემპზე მიუთითებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ღონისძიებები სავალუტო ფონდის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც ითვალისწინებს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვას ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები.

ფინანსთა მინისტრმა იმ დადებით ტენდენციებზეც ისაუბრა, რომელიც 2018 წლის დასაწყისიდან ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკაში და ეს არის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

„ჩვენ ასევე, გვქონდა თვალსაჩინო ზრდა ექსპორტის მიმართულებით - ექსპორტი გაიზარდა 50 პროცენტით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ამის გარანტიაა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თქმით, მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს - ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც საპენსიო რეფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდას და კერძო სექტორის გაძლიერებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, აღსანიშნავია ტურიზმის გააქტიურება, ექსპორტის მასშტაბური - 50%-იანი ზრდა.

„როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვგეგმავდით, მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკა წელს 5%-ზე უფრო მეტად გაიზრდება. ეს პროგნოზი სავალუტო ფონდის განცხადებითაც დადასტურდა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საქართველოში სსფ-სთან შეთანხმებული სამწლიანი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ხორციელდება. ორი დღის წინ პროგრამის მიმდინარეობა სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა და საქართველოს 42 მილიონზე მეტი დოლარი გამოუყო.

„ამ ტრანშით შეივსება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, მათი დონე მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქართული ლარის კურსს დამატებით სტაბილურობას მოუტანს. გარდა ამისა, სსფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. ვფიქრობ, ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორებში.

რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევს საგადასახადო აგენტების ეკონომიკურ გააქტიურებასა და ამით დამატებით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში - მისასალმებელია. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას პარლამენტში უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდს არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს.

„ეს ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ეს მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ეხება ბიუჯეტის დეფიციტს, მიმდინარე ანგარიშს, ეკონომიკურ ზრდას თუ სახელმწიფო ვალს. მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტი დღეს არის 3%-ზე ნაკლები. შედარებისთვის, 2010-2011 წელში 9%-იც იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ არ იყოს 60%-ზე მეტი, ჩვენი მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში კი 50%-ზე მეტი - ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 43% მომავალ წელს“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი აცხადებს, რომ როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მეორე მიმოხილვა დასრულდა წარმატებით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული მდგომარეობის შესაბამისია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს ფასებზე მოქმედ ფაქტორებზე, ადგილობრივ ფინანსურ და მონეტარულ პირობებზე, საერთაშორისო ბაზრებზე და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია შენარჩუნდება მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა არის სწორად ორიენტირებული ფასების სტაბილურობაზე. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში წარმატებით ემსახურება საქართველოს. არსებითია მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს გაცვლითი კურსის მოქნილობის მხარდაჭერას. მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი წარმატებით ეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციური გარემოს მართვაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ასეთი წარმატებების ფონზე კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება წინა მთავრობის დათხოვნის თუ გადადგომის თემა - ყოველ შემთხვევაში, ყოფილმა პრემიერმა გადადგომისას აღნიშნა, რომ ის ე.წ. მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა და გარკვეულ საკითხებში მმართველი გუნდის წევრებთან პრინციპული შეუთანხმებლობა ჰქონდა. მმართველი გუნდი კი იმ ვითარებას უსვამდა ხაზს, რომელმაც სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და ა.შ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეეწირა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას პრემიერი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაშინ, როცა მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

„ეკონომიკურ ზრდას და შედეგებს რაც შეეხება, ჩვენ მართლაც კარგი შედეგები გვაქვს. სავალუტო ფონდმა საკმაოდ კარგი დასკვნა გააკეთა. საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ მხრივ, მაისის თვე მართლაც რეკორდულია ჩვენი მთავრობის პირობებში და გამორჩეული რეგიონში. თუმცა ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა თვითონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები გუნდში კონსულტაციების შედეგად ხდება ხოლმე. ამიტომ ამის მეტს ამაზე ვერ დავამატებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.