საქართველოს პარლამენტს მთავრობის სტუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა. რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მასში 150-მდე კანონი არის გაერთიანებული. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე ორშაბათიდან დაიწყება მასზე მუშაობა.
რაც შეეხება გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებს, „სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი; დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება - განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნი ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ დამატებით ცვლილებებს, გარდა იმისა, რაც იქნა გაცხადებული, არ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ცვლილების თვითმიზანს არ წარმოადგენს თანამშრომელთა გათავისუფლება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, მიქელაძე ამბობს, რომ ყველა დონეზე იგეგემება ადმინისტრაციული ხარჯის ოპტიმიზაცია, როგორც სამინისტროების გაერთიანებით, ასევე ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის თემით.
სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომლის მიზანიც მცირე მთავრობის ფორმირებაა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე დაიწყებს მსჯელობას. უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახალი სახეებით დაკომპლექტდება. არსებული ინფორმაციით, მთავარობის შემადგელობაში არ იქნება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ამ უწყებას კახი კახიშვილი ჩაიბარებს.
მთავრობას დაემშვიდობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. მმართველ გუნდში ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ აფხაზეთის ა-რ მთავრობის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე რეორგანიზაცია ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირებას არ მოიტანს და მას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. რომან გიცირიძის განმარტებით, მთელი ეს ცვლილებები გააკეთეს იმიტომ, რომ უმტკივნეულოდ გაეშვათ მთავრობიდან რამდენიმე ადამიანი.
„წულუკიანის, სოზარ სუბარისა და კულტურის მინისტრის მოსახსნელი რეორგანიზაცია ვნახეთ. სამთავრობო გუნდი მხოლოდ „ქართუ ბანკის“ ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების კადრებით კომპლექტდებოდა და მინისტრები პოსტებზე ამ ნიშნით ინიშნებოდნენ.
ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ, უცხოეთი ბუნებრივია, რომ არ არის „ქართუს“ გავლენის სფეროში. კარგი იქნება თუ მართლა რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
რეორგანიზაციის არაეფექტურობაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ყველა კარგი იდეის დამახინჯება და დევალვაცია, ასე ხდება მცირე მთავრობის შემთხვევაშიც.
„უბრალოდ, იმის თქმა, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაზრდის, რასაც ახლა ამბობენ, ეს ნიშნავს მცირე მთავრობის არასწორ გაგებას. ბევრი უწყებაა შესამცირებელი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაანაწყენოს საკუთარი პარტაქტივი, რომელიც სსიპ–ებსა და ა(ა)იპ–ებში ყავთ დასაქმებული, უნდა გაანაწყენონ კომპანიები, რომლებიც საბიუჯეტო ხარჯვაზე უყაირათოდ არიან მიბმული და ამას ბუნებრივია, მამუკა ბახტაძე ისევე ვერ გააკეთებს, როგორც კვირიკაშვილმა და ღარიბაშვილმა ვერ გააკეთეს. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე ხარჯებს შეამცირებს მამუკა ბახტაძე, არის აბსურდი და მისი მთავრობა ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ ყველა მთავრობა“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამ სახის სტრუქტურულ ცვლილებებს აკრიტიკებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, ის კონცეფცია, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, საჭიროებს იმას, რომ სამინისტროების სათავეში იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ფართო ხედვა, არეალი და უნარ-ჩვევები იმისა, რომ ამდენ სფეროს ეფექტური ხელმძღვანელობა გაუწიონ, ასევე უპასუხონ სფეროებში არსებულ გამოწვევებს.
„ასე რომ, ეს მოდელი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს იმის საჭიროებას, რომ სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ არა ტექნოკრატები, არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკური ხედვის, პასუხისმგებლობისა და წონის მქონე პიროვნებები, რომლებიც ამ სისტემებს სწორ გზაზე დააყენებენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ოპონენტების ბრალდებას არ იზიარებს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიზანი სტრუქტურული ცვლილებების მიზანი ამ მოქალაქეებმა ძალიან სწრაფად მიიღონ სიკეთე სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს არის მმართველ გუნდის მთავარი არგუმენტი, რისთვისაც ამცირებს შესაბამის სტრუქტურებს რაოდენობრივად.
დეპუტატი აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ პირველი რესტრუქტურიზაციის შედეგად საკმაოდ დიდი თანხები დაიზოგა. შესაბამისად მისი თქმით, მცირე მთავრობის ფარგლებში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება.
„ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება თითქოს და არანაირი დაზოგვა არ მომხდარა. წლიდან წლამდე მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ისე როგორც ბიუჯეტის წილი. ამას გარდა კონკრეტულად 2017 წელს 100 მილიონამდე თანხა დაიზოგა იმ სტრუქტურული გაერთიანებების და სხვა ცვლილებების შედეგად. ადმინისტრაციული დანახარჯიც შედის ამაში, სახელფასო დანახარჯიც, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის ე.წ. ბიუროკრატიული დანახარჯი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯები არ გაიზრდება. შესაბამისად, დეპუტატი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს.
„მაშინ, როდესაც არის ეკონომიკური ზრდა, შიდა პროდუქტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, აი ამის ადმინისტრაციული მომსახურება არ იქნება იმავე პროცენტით, რაც ახლა გვაქვს - თუ არ ვცდები 4.2 პროცენტია. შესაბამისად, ზრდის პირობებში ეს პროცენტი მნიშვნელოვნად დაიწევს. აქედან გამომდინარეობს იმ თანხების გამოთავისუფლება, რომლის, რასაკვირველია, კაპიტალიზაცია მოხდება და სოციალურ სფეროში იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.