ფინანსთა მინისტრად მანაგაძე ან ამაღლობელი, ეკონომიკის მინისტრად - ქობულია

ფინანსთა მინისტრად მანაგაძე ან ამაღლობელი, ეკონომიკის მინისტრად - ქობულია

სამთავრობო ცვლილებებით მართალია ეკონომიკური პროფილის სამინისტროების რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ უმრავლესობას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. განსაკუთრებით დიდ ინტერეს იწვევს თუ ვინ ჩაუდგება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, რომელთა წარმატებულ მუშაობაზე დამოკიდებულია ქვეყნის, მოსახლეობის და თვით ხელისუფლების მომავალიც.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მსოფლიო ბანკის კონსულტანტი და „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი მანაგაძე განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, მანაგაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

მანაგაძე, 1998–2005 წლებში სებ-ის პრეზიდენტი იყო. მანაგაძეს აქვს უცხოეთში მუშაობის გამოცდილებაც. კერძოდ, 1994 წლიდან 1996 წლამდე - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე, 1996-1998 წლებში კი მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, 2005 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ის იყო ევრობანკის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველიც პოლიტიკის საკითხებში. 2017 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს მსოფლიო ბანკში კონსულტანტად.

ეს ირაკლი მანაგაძის საქართველოს მთავრობაში მოწვევის პირველი მცდელობა არ არის. მას ფინანასთა მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წელსაც განიხილავდა. ირაკლი მანაგაძის სახელი გაჟღერდა 2015 წელსაც, მაშინაც ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებოდა. იყო საუბარი მისი საგარეო უწყებაში დასაქმებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მანაგაძე ფინანსთა მინისტრის პოსტზე ერთადერთი კანდიდატურა არ არის. პარალელურად განიხილება ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ყოფილი ხელმძღვანელის დავით ამაღლობელის კანდიდატურა. იგი ბოლო ცხრა წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. ის ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდში უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებს.

1999-2001 წლებში კი აშშ-ში ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

2001 წლიდან დავით ამაღლობელმა სამსახურებრივი კარიერა საქართველოში განაგრძო და მუშაობას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად დაიწყო. 2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2005 წლის მარტიდან 2007 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

თუკი ფინანსთა მომავალი მინისტრის შესახებ არაფერია გარკვეული, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება. იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. ქობულია 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაკკინზის“გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია კორპორაციის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტაციას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს.