პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე დაამტკიცეს. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 ადამიანი არის შეყვანილი. მათ შორის არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც მხილებულები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა.
წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები - ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი, ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული რაშიდ კანჯი-ოღლი შედიან.
პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რათა დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ შორის, ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების თვალსაზრისით. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაამტკიცა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
„ამ სიაში შედის 33 პირი და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებები და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. სია არ არის დახურული, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და ახალი ბრალდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, სია გაფართოვდეს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას, რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ წარმოდგენილ პირთა მიმართ მიღებულ იქნას შესაბამის ზომები.
„ჯერ კიდევ ამ სიის მიღებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იყო საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ევროპარლამენტის რეზოლუცია კი პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მათ დააწესონ სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან ამ სიაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, პარლამენტის ამოცანაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება.
„ახლა მნიშვნელოვანია აღსრულების პროცესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადეკვატური რეაგირება იყოს სიაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია თვლის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილთან“ დაკავშირებით ადეკვატური სიის მიღების შემდეგ მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები შევუქმნათ.
„ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ მთავრობას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია. ტატუნაშვილის ამბავზე საზოგადოების რეაქციის შემდეგ, გარკვეულ გააქტიურებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადეკვატური სიის მიღების შემდეგ მთავრობამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩვენ ამ სიით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს პრობლემები შევუქმნათ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მაშ ასე, საქართველოს მთავრობა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა. ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ 33 კაციანი სია ჩვენ გვაძლევს მხოლოდ საწყის ეტაპს, რადგან ეს არის მხოლოდ საბაზო მონაცემები და შემდეგ უკვე უნდა ჩაერთოს მაღალი პროფესიის გამომძიებლები, რომლებიც ამ სიას გაამდიდრებენ რეალური ფაქტობრივი მასალებით, მტკიცებულებებით და ამის შემდეგ უნდა ჩაერთოს დიპლომატიური სამსახური.
„რუსეთს თავი უნდა დავანებოთ, აქ არაფერი არ გამოვა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იგივე მოვითხოვოთ თურქეთისგან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება, ამ სტრატეგიულ მოკავშირეობას სხვა ელფერი ადევს. თურქეთის გემები თავისუფლად გადაადგილდებიან აფხაზეთში. ბოლოს რამდენი წელია არ გამიგია ინფორმაცია თუქული გემების დაკავების შესახებ. აღარ მოძრაობენ თურქული გემები აფხაზეთში, მხოლოდ ტურისტები და ნათესავ-მეგობრები მიჰყავთ-მოჰყავთ, თუ რა ხდება?“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
როგორც პოლიტოლიგი აცხადებს, უხეშად ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა თურქეთის მხრიდან, რადგან ერთი მხრივ თურქეთი აფხაზეთს არ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მეორე მხრივ იქცევა ისე, რომ თითქოს საქმე აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
„ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება კმაყოფილდება იმით, რომ თურქეთი ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთს, ცოტა უცნაური სურათი გვაქვს. ამიტომ, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად წარსულის გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას. ქართველების წინააღმდეგ არადამიანური საქციელის გამო რომელიმე ოსი ან აფხაზი სეპარატისტი იქნა დასჯილი?
იგივე ოთხოზორიას მკვლელის მაგალითი არის კლასიკა. ეს კაცი სოხუმში დადის ქორწილებში, არ იმალება. არ ვიცი ასეთ შემთხვევაში რა ვქნათ.
არის ერთი გამოსავალი. თავის დროზე ისრაელმა ბრწყინვალე გამოსავალი მოძებნა 15 ათასი კილომეტრიდან მოიპარეს ეიხმანი და ისრაელში გაასამართლეს. საქართველო უნდა მოიქცეს ისე, როგორც ისრაელი. ჩვენი სპეცსამსახურიც უნდა იყვნენ იმ დონეზე, რომ ასეთი ადამიანები ჩამოიყვანონ თბილისში და ოფიციალურად გაასამართლო, ისევე როგორც ისრაელი მოიქცა. მაგრამ ჩვენ არც ისე ვიქცევით და არც ასე. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ სუყველა დაუსჯელია. ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის საქმეში მონაწილე არც ერთი დამნაშავე არ არის დასჯილი. ეს ფაქტი არაფერზე არ მეტყველებს, არანაირ კითხვებს არ ბადებს გნებავთ სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით, ან დღევანდელის. სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს, რას ვიზამთ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.